ავტორი:

ზურა გომელაურის სიცოცხლის ხე - გამოფენა თბილისის ღვინის მუზეუმში

ზურა გომელაურის სიცოცხლის ხე - გამოფენა თბილისის ღვინის მუზეუმში

20-დან 23 მაისის ჩათვლით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს გამორჩეული თანამედროვე მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრებით და ისიამოვნოს იმ გარემოთი, რომელიც 17:00 საათიდან თბილისის ერთ-ერთ უძველეს, გამორჩეულ და ისტორიულ საგანძურში, თბილისის ღვინის მუზეუმში მისულებს დახვდებათ.

https://www.facebook.com/tbilisiwinemuseum

„სიცოცხლის ხე“- ამ სახელწოდების ირგვლივ, ზურა გომელაურის მეგობრები გაერთიანდნენ და მხატვარს მისი პერსონალური გამოფენის ორგანიზების იდეა გააცნეს.

პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებს, ანა ჩანგიანს, ნინო იოსელიანსა და ეკა ხიდაშელს მხატვრის შემოქმედების დიდი ხნის მხარდამჭერი კომპანია - PSP და მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ხაბეიშვილი შეუერთდა და სოციალური პასუხისმგებლობის ძლიერი მუხტით, რომელსაც ქართული ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა ჰქვია, ამჯერად ზურა გომელაურის შემოქმედების საზოგადოებაში პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

როგორც ანა ჩანგიანი აღნიშნავს, ზურა გომელაური მისთვის განსაკუთრებული მხატვარი და ადამიანია, რომელიც საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებას საკუთარ ქვეყანას უძღვნის.

„ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არიან განსაკუთრებულნი თავიანთი პიროვნული ღირსებებით, შესაძლებლობებით, შემოქმედებითა და სხვა ადამიანების მიმართ ზეადამიანური სიყვარულით. ჩემთვის სწორედ ასეთია ზურა გომელაური. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, მას ჩემი მეგობარი ვუწოდო და ვთქვა, რომ მე მისი გულშემატკივარი ვარ. არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ოჯახის და იმ საოცარი გარემოსი, რომელიც ზურამ საკუთარი პიროვნული ღირსებებითა და შემოქმედებით შექმნა. მისი ენერგეტიკა იმდენად ძლიერია, რომ ეს ყველაფერი გასცდა კიდეც იმ სივრცეს, რომელშიც თავად ცხოვრობს და მთელი თბილისი, მთელი საქართველოც კი მოიცვა.

გამოფენის იდეა, რის გარშემოც გავერთიანდით, სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც მე ჩემს მეგობრებს გავუზიარე. შემდეგ უკვე ზურას ვთხოვეთ, მოეცა უფლება, რომ ჩვენ მისთვის ერთგვარი საჩუქარი გაგვეკეთებინა. სინამდვილეში, ზურას გამოფენა ჩვენი თავისა და საზოგადოების მიმართ გაკეთებული საჩუქარია.

ხელოვანი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი იმ სოციუმისგან მიღებული აღიარება და დაფასებაა, რომელსაც საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებას სწირავს. ესაა ის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს აღებული საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე. რომ არა PSP-ს მხარდაჭერა - ზუსტად იმ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომლითაც ეს კომპანია ცნობილია - არაფერი გამოვიდოდა. ჩემი აზრით, „სიცოცხლის ხის“ გარშემო გავერთიანდით ადამიანები, რომლებსაც გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი „სიცოცხლის ხე“ არსებობდეს, რადგან სწორედ ეს ადამიანები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი სულიერი სამყარო იყოს ნათელი, ფერადი და მართლაც ბედნიერებით სავსე,“ - აღნიშნავს ანა ჩანგიანი.

„მხატვარ ზურა გომელაურთან PSP-ს თანამშრომლობა, კამპანიის - „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“ - ფარგლებში, უკვე რამდენიმე წელს ითვლის. პანდემია უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამ პერიოდში, ქართველი ხელოვანების მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, ზურა გომელაურს ახალი წლის ფერადი და ჯადოსნური ინსტალაციის შექმნის თხოვნით მივმართეთ. 2021-ში, ახალ წელს, „ლოქდაუნის“ დროს სადღესასწაულო განწყობა PSP-ს აფთიაქების ვიტრინებზე განთავსებულმა ზურა გომელაურის ფერადმა, ჯადოსნურმა და პოზიტიურმა ნაძვის ხემ შექმნა. ბატონი ზურასთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი პროექტი და საზოგადოებაში მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა.

ჩვენი თანამშრომლობა მომდევნო წელსაც გაგრძელდა. საახალწლოდ, PSP-სთვის ზურა გომელაურის მიერ შექმნილი ნამუშევრით - „სიცოცხლის ხე“ - კამპანია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. წელს მხატვრის გამოფენის მოწყობის ინიციატივას PSP სიამოვნებით შეუერთდა,“ - აცხადებს PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ხაბეიშვილი.

გამოფენა, ერთგვარად, ახალი პროექტის დაანონსებაც იქნება, რომელზეც „კავკასიის ფერები“ და ზურა გომელაური ერთობლივად იმუშავებენ. როგორც მხატვრის მეგობარი, მარკეტოლოგი ნინო იოსელიანი განმარტავს, ამ პროექტით, ქართული ტექსტილი და ქართული მხატვრობა გაერთიანდება.

„ზურა გომელაური ძალიან ცნობილი, კარგი მხატვარია და მას დიდი ხანია, გამოფენა არ ჰქონია. გვინდა, რომ ეს გამოფენა-გაყიდვა თბილისის ღვინის მუზეუმში გაკეთდეს, რომელიც ძალიან ემბლემატური ადგილია. მოგეხსენებათ, გამოფენის კონცეფცია „სიცოცხლის ხე“ გახლავთ. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად და ორიგინალურად იქნება წარმოჩენილი. გვინდა, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს მხატვრებსა და ქართულ ხელოვნებას, ზურა გომელაური კი, ამას ნამდვილად იმსახურებს. მისი მხატვრობა ქართულ ლეგენდებზე, ზღაპრებზეა დაფუძნებული, რომლებიც მან გაათანამედროვა და თავის შემოქმედებაში საკუთარი ხედვით წარმოაჩინა.

ღონისძიების პარალელურად, გაგვიჩნდა იდეა, ამ გამოფენის ფარგლებში, დავაანონსოთ „კავკასიის ფერებისა“ და ზურა გომელაურის კოლაბორაცია, რომელიც ნატურალურ ტექსტილზე ნატურალური საღებავებით მოხატული შარფების შექმნას გულისხმობს. ეს ექსკლუზიური და ლიმიტირებული წარმოება იქნება. ჩვენ დავამზადებთ აბრეშუმს, რომელსაც, ასევე ჩვენ მიერ დამზადებული სპეციალური საღებავებით, ზურა ხელით მოხატავს. ამ პროექტის შედეგად, შეიქმნება ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ქართულ ტექსტილს ქართულ ხელოვნებას დავუკავშირებთ,“ - აღნიშნავს ნინო იოსელიანი.

ზურა გომელაურის კიდევ ერთი მეგობრის, მარკეტოლოგ ეკა ხიდაშელის თქმით, მხატვრის ნამუშევრები უკვე საქართველოს საგანძურად იქცა. ამიტომაც იმ ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია, რომელთა მეშვეობითაც მხატვრის ნამუშევრები იქმნება, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არა მხოლოდ მეგობრები, არამედ მისი შემოქმედების დიდი გულშემატკივრები ვართ. ზურას მსგავსი მხატვარი დღეს ძალიან ცოტაა, ამ ყველაფერს კი, მოფრთხილება სჭირდება. სწორედაც რომ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია, სხვა თვალით შევხედოთ და სწორად შევაფასოთ ის ღირებულებები, რომლებიც მის შემოქმედებას უკავშირდება. ჩვენ გვინდა ადამიანებს მივცეთ მუხტი, რათა მათ უფრო მეტად დააფასონ ზურა გომელაური. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მის სახელოსნოში დამეთანხმება, რომ აქაურობა სამხატვრო სამოთხეა. იქ საოცარი აურაა, რომელსაც უშუალო და სიკეთით სავსე მხატვარი თავისი პიროვნული ღირსებებითა და შემოქმედებით ქმნის,“ - აცხადებს ეკა ხიდაშელი.

ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენას ცნობილი მხატვრის ერთგული მეგობარი, ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება და მოსულ სტუმრებს ზურას შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო დეტალებს გააცნობს.

20 მაისს 17:00 საათიდან ქართველ საზოგადოებას ზურა გომელაური კიდევ ერთხელ ამოგზაურებს ჯადოსნურ და ზღაპრულ შემოქმედებაში. მოსულ სტუმრებს თბილისის ღვინის მუზეუმი მრავალწლიანი ისტორიის, ლეგენდებისა და ფუნქციონალით დატვირთულ უნიკალურ სივრცეში უმასპინძლებს.

R