საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფორუმი რეიკიავიკში იმართება
მან უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.
"ძალიან ვამაყობ, რომ ვმონაწილეობ ევროსაბჭოს სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურების მეოთხე სამიტში. მინდა მადლობა გადავუხადო მასპინძელ ქვეყანას ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვართ ადამიანის, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების. დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გულისხმობს, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც 2008 წელს რუსეთთან გვქონდა. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადეთ სიცოცხლის და ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის კუთხით. ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ და რამდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რაც შედეგი მოაქვს ომს და მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს. დღევანდელი სამყარო, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო ვერცერთმა ქვეყანამ შეიძლება იპოვოს. ამიტომ, გვჭირდება ერთიანობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს, ამ გამოწვევის მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს წინსვლა სხვადასხვა მიმართულებებით და ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის სამიზნე ორიენტირი.
"ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში. ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და ყველა, თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი საერთო ისტორია და საერთაშორისო წესრიგი ცხადყოფს, რომ ალტერნატივა არ გააჩნია კეთილდღეობას და მშვიდობას მსოფლიოში, საქართველო ამ ფასეულობებს და ღირებულებებს იცავს და ელის თანამშრომლობას ევროსაბჭოში, თქვენთან ერთად, დიდი მადლობა,“- განაცხადა პრემიერმა.