ავტორი:

"მაღაზიაში რომ ვმუშაობდი, თაბახის ფურცლებს დავდებდი მაცივრებზე და ვხატავდი, ხალხი გაოცებული მიყურებდა" - 40 წლის ასაკში დაწყებული მხატვრობა და ხათუნა ფერაძის საოცარი შემოქმედება

"მაღაზიაში რომ ვმუშაობდი, თაბახის ფურცლებს დავდებდი მაცივრებზე და ვხატავდი, ხალხი გაოცებული მიყურებდა" - 40 წლის ასაკში დაწყებული მხატვრობა და ხათუნა ფერაძის საოცარი შემოქმედება

ხათუნა ფერაძემ ხატვა 40 წლის ასაკში დაიწყო. დღეს მისი შემოქმედება მნახველს აოცებს და მის ნამუშევრებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. თავის შემოქმედებაზე ხათუნა ფერაძე ვრცლად გვესაუბრა:

- ხატვა 40 წლის ასაკში დავიწყე სრულიად შემთხვევით... მეგობარი არ მომეშვა და ძალით გამომაქვეყნებინა ჩემი პირველი ნამუშევრები "ფეისბუქ" გვერდზე... შემდეგ მოვიდა აზარტი, ემოცია, სიამოვნება-როცა ხედავ, რომ ის, რასაც აკეთებ, დიდ სიამოვნებას განიჭებს და თან სხვებსაც მოსწონთ. თუმცა, მაშინ არ მიფიქრია, რომ ხატვა აქამდე მომიყვანდა და ის ჩემი ძირითადი საქმიანობა გახდებოდა. ხატვა ჩემთვის სხვა გალაქტიკაა და ამას ბოლომდე ვერც ავხსნი და არც მინდა, ავხსნა!

- გენეტიკურად მოგდევთ ხატვის ნიჭი?

- საერთოდ, ფერაძეებში ბევრი ხელოვანი გვყავს. ბევრი მათგანი წარმატებით მოღვაწეობს ხელოვნების სხვადასხვა დარგში... ბევრისათვის საყვარელი მხატვარი-ნინო ფერაძე - მამაჩემის ბიძაშვილია. აკადემია დაამთავრა ჩემმა ბიძაშვილმაც - მაია ფერაძემ და წარმატებით მოღვაწეობდა ამ სფეროში.

- თქვენ 40 წლამდე არაფერი დაგიხატავთ?

- ხატვა მიტაცებდა ბავშვობიდან, მაგრამ რადგანაც შრომატევადი იყო, მბეზრდებოდა, ვიღლებოდი და ამიტომ სერიოზულად არ ვუყურებდი, ხატვა ხომ ტიტანური შრომაა, ეს ბევრს ვერც წარმოუდგენია. ხატვისას მუშაობ გონებრივადაც და ფიზიკურადაც და ეს ყველას არ ხელეწიფება. ბავშვობაში მიტაცებდა პორტრეტების ხატვა, ჩემი კუმირების, მომღერლები, მსახიობები... ვცდილობდი, ფოტოებიდან გადმომეხატა მათი სახეები და დამეკიდა კედელზე... გადმოხატვა და არა გადიდება. ვწვალობდი, კოპირებით მიმეღწია სასურველი შედეგისათვის და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად გამომდიოდა. არაფერი ვიცოდი, არანაირი ხატვის პრინციპები, მქონდა ერთი მიზანი, დამეხატა ისე, როგორც ფოტოზე ან წიგნის ილუსტრაციაში იყო! ასე დავხატე ქობულაძისეული შოთა რუსთაველი და გაკვეთილზე, თავისუფალ თემად მივუტანე ხატვის მასწავლებელს, რომელმაც არ დამიჯერა ჩემი დახატული რომ იყო, გადამიხაზა და ორიანი დამიწერა. ძალიან ავიცრუე გული ხატვაზე მას მერე, მაგრამ ახლა ვხვდები, რაც მაშინ მოხდა, ეს უკვე შედეგი იყო და ახლა მიხარია ეს ყველაფერი!

სკოლაში ძალიან კარგად ვხაზავდი, მაღალი ნიშანიც მქონდა ამ საგანში, თუმცა თეორიის აზრზე არ ვიყავი, ტექნიკურად მაღალ დონეზე გამომდიოდა და ეს გამომადგა ხატვისას-იმდენად ზუსტად ვაგებ ადამიანის სახეს, კოპირება და სხვა ხერხები არ მჭირდება, არც აგების პრინციპები ვიცოდი, სულ ორიოდე წელია, რაც გავერკვიე ამაში. იყვნენ ადამიანები, რომელნიც არ მიჯერებდნენ, ვერ იჯერებდნენ ჩემს შესაძლებლობებს, მაგრამ ვაჩვენე ჩემი ხერხები და თავი დამანებეს... ძალიან მახვილი თვალი მაქვს. იმედია, მხედველობა დიდხანს მექნება და ძველებურად დავინახავ ფორმასა თუ დეტალს, საოცარ, ჰარმონიულ ფერებს! რაც დრო გადის, ჩემს თვალებში საოცრებები ისახება და ხელები ისე მოძრაობენ, თითქოს ვიღაც ჯადოქარი მართავს მათ... ამ დროს სულ სხვა სამყაროში გადავდივარ, ზღაპრულ სამყაროში და დრო ჩერდება, მეკარგება მისი შეგრძნება... ყველაფერი ჩემით ვისწავლე...

იყო დრო, როცა ორიოდ მხატვარს მივწერე და ვთხოვე, შეეფასებინათ ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ან არ მპასუხობდნენ, ან იმდენად მშრალი იყო მათი კომენტარი, აზრი ვერ გამომქონდა მათი სიტყვებიდან. მაგრამ ჟინი ისეთი ძლიერი იყო, მაინც არ გავჩერდი, ვეღარ გავჩერდი და ასე მოვედი დღემდე! როგორ მოვედი, ამას ხალხი შეაფასებს! მე დიდებისაკენ არ მივილტვი-მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელს პლანეტაზე, რადგან ვაკეთებ უსაყვარლეს საქმეს, რომელიც მავსებს სულიერად

- როგორც ვიცი, რთულ პირობებში ხატავდით?

- ჩემი ნახატების უმრავლესობა ქაღალდზე მაქვს შესრულებული. რომ ნახოთ, შეიძლება იტიროთ ჩემს ძველ ნამუშევრებზე, იმდენად უხარისხო მასალებით ვხატავდი. უდროობის გამო იშვიათად ვხატავდი... მაღაზიაში ვმუშაობდი, 14 საათის განმავლობაში, ყოველდღე, სადაც დახლ-მაცივარზე ვხატავდი, ფანქრებით, თაბახის ფურცლებზე, რადგან სხვა მასალა არ მქონდა და არც პირობები... ადამიანები გაოცებულნი მიყურებდნენ, ყველა მეუბნებოდა, რატომ ვცდებოდი იქ და არ ვცდიდი ბედს სხვაგან, რომ არ იყო ჩემი ადგილი.... ჩემი ის ნამუშევრები, რომელნიც ასე მოსწონთ ახლა, სწორედ მაღაზიის დახლ-მაცივარზე მაქვს შექმნილი, წარმოუდგენელ პირობებში.

მერე მოხდა ის, რომ ჩემმა ახლა უკვე ძალიან საყვარელმა და ახლო მეგობარმა, ჟურნალისტმა, როლანდ ხოჯანაშვილმა, შემამჩნია და სტატია დაწერა ჩემზე ჟურნალ „გზაში“ ასე ნელ-ნელა მოვიდა პოპულარობა. მე ვხატავდი, ადამიანები მეფერებოდნენ, ისე გულწრფელად, ახლაც ცრემლებამდე მივდივარ, რამხელა სიყვარულს ვიღებ ყოველდღიურად უბრალო ხალხისაგან.

თავი დავანებე ყველა სხვა სამუშაოს და ხატვას მივუძღვენი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე! იცით, როგორი რთულია ახლა თავის გატანა, როცა სხვა არავინ და არაფერი გაქვს და გყავს დამხმარე?! მაგრამ მე ღმერთს ვარ მინდობილი, ეს მისი ნება იყო, მე რომ ხატვა დავიწყე და ვიცი, არ მიმატოვებს უიმედოდ! მე ვიყავი არჩევანის წინაშე-ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან მეცოცხლა და მეხატა-უფალმა მე მეორე საქმე მომანდო, რა თქმა უნდა და მიხსნა იმ საშინელებისაგან! ამიტომ მე უფლება არა მაქვს, არ მივენდო მას! არც მეშინია არაფრის!

მინდა აღვნიშნო, რომ არ მიყვარს შეკვეთით ხატვა, ძალიან ბევრი მიზეზის გამო... მაგრამ ხანდახან მიწევს, სხვანაირად წარმოუდგენელია! ვცდილობ ფინანსებზე არ ვიფიქრო და ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე! ვიღებ მხოლოდ გამორჩეულ შეკვეთებს, რომელნიც ჩემს სულს სწვდება და თავისუფლებას არ მიზღუდავს! იყიდება ჩემი მზა ნამუშევრებიც, საკმაოდ სოლიდურ ფასად და არ შევჩერებულვარ პანდემიის დროსაც, როცა ადამიანები სრულიად უიმედოდ იყვნენ, მე ვმუშაობდი, რაც მეხმარებოდა რეალობისაგან გაქცევაში.