ავტორი:

"თომას ფეხები შეუშუპდა, მაგრამ ექიმმა თქვა, მორჩენისკენ მიდისო" - 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა: რას ამბობს ოჯახი?

"თომას ფეხები შეუშუპდა, მაგრამ ექიმმა თქვა, მორჩენისკენ მიდისო" - 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა: რას ამბობს ოჯახი?

გორში, 4 წლის თომა წიქარიძე, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა. მცირეწლოვანის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

  • გარდაცვლილი ბიჭუნას ახლობლების თქმით, 4 წლის ბავშვს ექიმის მხრიდან არასწორი მართვის გამო სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

"თავდაპირველად, ბავშვს დაეწყო კანზე გამონაყარი, დედა ტელეფონით დაუკავშირდა "გორმედის“ პედიატრს, ნინიაშვილს, თუმცა, მან ურჩია, რომ ბავშვი გარეთ არ გაეყვანათ და შინ ემკურნალათ მისი დანიშნულებით. რამდენიმე დღეში, როცა გამონაყარს მაღალი ტემპერატურაც დაერთო, ბავშვის დედამ კვლავ დაურეკა ექიმს, რომელმაც ისევ მისცა რეკომენდაცია, რომ მკურნალობა შინ გაეგრძელებინათ და რაღაც მაზიც დაუნიშნა, ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ოჯახმა მიიყვანა თომა პოლიკლინიკაში, ბავშვს კიდურებზე შეშუპებაც აღენიშნებოდა, რის გამოც დედამ ექიმს შესჩივლა, მაგრამ მან უთხრა, რომ მორჩენისკენ მიდიოდა ჩუტყვავილა.

ოჯახმა მოითხოვა გადასხმის ან სხვა სახის მკურნალობის ჩატარება, მაგრამ როცა მშობლები მიხვდნენ, რომ პაციენტს ვერაფერს უკეთებდნენ, ბავშვის თბილისში რეფერირებისთვის ექიმს რეანიმობილით დახმარება სთხოვეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ვერც ეს საკითხი მოგვარდებოდა, ამიტომ ჩასვეს ბავშვი კერძო ავტომანქანაში და წაიყვანეს თბილისში.

გზაში თომა კიდევ უფრო ცუდად გახდა, ვეღარ სუნთქვდა, ოჯახმა გააჩერა გზად შემხვედრი პატრული და სთხოვა, რომ დახმარებოდნენ და სწრაფად მიეყვანათ კლინიკამდე. სამწუხაროდ, ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. საშინელ მდგომარეობაში ყველა, მშობლები ახალგაზრდები არიან, 26 წლისები, ეს ერთი შვილი ჰყავდათ, ოჯახის და ნათესავების მოსაზრება ცალსახაა - ბავშვი დაიღუპა ექიმის მხრიდან არასწორი მართვის შედეგად “, - განაცხადა AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ნათესავმა ლუიზა სახვაძემ.

რაც შეეხება კლინიკას, "გორმედის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.