ავტორი:

როგორ იცავენ საქართველოში წყლის სისუფთავის ნორმებს და რა უნდა ვიცოდეთ მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

როგორ იცავენ საქართველოში წყლის სისუფთავის ნორმებს და რა უნდა ვიცოდეთ მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

წლის განმავლობაში მთელ დედამიწაზე საშუალოდ, 12,5-დან 14 მილიარდ კუბურ მეტრამდე სასმელი წყლის გამოყენებაა შესაძლებელი. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ერთ სულზე სასმელად ვარგისი წყლის რაოდენობა მცირდება. ბევრ ქვეყანაში დღეს მწვავედ დგას სასმელად ვარგისი წყლის ნაკლებობის პრობლემა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, აღნიშნული რესურსის დაცვა და მისი გონივრულად მოხმარება. დაბინძურებულმა წყალმა შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს.

არსებობს წყალმომარაგების ხელოვნური და ბუნებრივი სისტემები. ხელოვნური სისტემა უმრავლეს შემთხვევაში ცენტრალიზებულია და მისი ხარისხის კონტროლი წყალმომარაგების კომპანიების მოვალეობაა (არსებობს არაცენტრალიზებულიც, მაგალითად ჭები, რომელთა უსაფრთხოების კონტროლი მომხმარებლებს ინდივიდუალურად უწევთ და საკმაოდ რთულია). ბუნებრივ სისტემებს ძირითადად, მდინარეები და წყაროები წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასმელად არ უნდა გამოვიყენოთ წვიმის წყალი ან დამდნარი თოვლი, რადგან დიდი რაოდენობით ბაქტერიებს შეიცავს.

რა უნდა ვიცოდეთ, თუ წყალს ცენტრალიზებული სისტემებიდან მოვიხმართ?

ალბათ, „ფეისბუქზე“ ერთხელ ყველას შეგვხვედრია პოსტი, რომელშიც მომხმარებელი ონკანის წყლის ხარისხსა და შეფერილობაზე წუხს. ასევე გვინახავს პოსტები, როცა ონკანის ფილტრის მოხსნის შემდეგ მომხმარებელმა დალექილი კენჭები აღმოაჩინა. აღნიშნული ფაქტების გამო ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხოლმე წყლის ხარისხთან და მისი მოხმარების საფრთხეებთან დაკავშირებით.

როგორ კონტროლდება ჩვენს ქვეყანაში წყლის ხარისხი და რას აკეთებენ ამისთვის მისი მომწოდებელი კომპანიები, ამის გასარკვევად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და GWP-ს („ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“) დავუკავშირდით.

GWP სასმელ წყალს თბილისსა და მცხეთას აწვდის, რაც შეეხება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, ის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით ურბანული ტიპის დასახლებებისთვის გარდა თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა.

კომპანიებში განგვიმარტეს, რომ ისინი შემდეგნაირად აკონტროლებენ წყლის ხარისხს:

GWP: „სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24-საათიან რეჟიმში მოწმდება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებში და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას. მისი მონიტორინგი 53 პარამეტრის მიხედვით ხორციელდება. წყლის ხარისხის ეროვნული რეგლამენტის მიხედვით, თითოეული პარამეტრის კონტროლი დროისა და ვადის მიხედვით გაწერილი პროცედურაა, რაც საათობრივ, ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ და ყოველწლიურ კონტროლს ექვემდებარება. სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად,“ - განგვიმარტეს კომპანიაში.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: „კომპანიას ნაწილობრივ აქვს შემუშავებული სასმელი წყლის უსაფრთხოების გეგმები, ძირითადად, ცენტრალური წყალმომარაგების რეგიონული ქალაქებისთვის. აღნიშნული გეგმები გულისხმობს სასმელი წყლის ხარისხის შეფასებას, წყალმომარაგების პროცესში არსებული საფრთხეების გამოვლენას, სისტემის დაცვისა და მიწოდების სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობას იძლევა და წარმოადგენს დამხმარე საშუალებას წყალმომარაგების სისტემის ოპერირების დროს. აბონენტებისათვის მიწოდებული სასმელი წყალი უსაფრთხო და უვნებელია, აკმაყოფილებს ,,სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებს,“ - განმარტეს კომპანიაში.

უსაფრთხოა თუ არა ნალექიან ამინდში ონკანის წყლის სასმელად მოხმარება და რეკომენდებულია თუ არა მისი გაფილტვრა?

კომპანიებში განგვიცხადეს, რომ მათ მიერ მიწოდებული სასმელი წყალი დამატებით ფილტრებს არ საჭიროებს:

„ნედლი წყალი გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს და მხოლოდ მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას,“- აღნიშნეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

„კომპანიის მიერ მიწოდებული წყლის სასმელად გამოყენება უსაფრთხოა პირდაპირ ონკანიდან, დამატებითი მოწყობილობების (ფილტრები) გამოყენება საჭირო არ არის, ასევე, არ არსებობს სასმელი წყლის დამატებითი დეზინფექციის, თერმულად დამუშავების და სხვა რაიმე ღონისძიების გატარების საჭიროება,“ - აღნიშნეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

რაც შეეხება ნალექიანი ამინდის შემთხვევაში ონკანის წყლის სასმელად მოხმარების რეკომენდაციებს, წყალმომარაგების კომპანიებში აცხადებენ, რომ მეტეოროლოგიური პირობები წყლის ხარისხზე ზეგავლენას ვერ ახდენს.

როგორც GWP-მ განმარტა, მომხმარებლებს ყოველთვის ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყალი მიეწოდებათ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ისინი ძირითადად მიწისქვეშა წყლებს იყენებენ და ნალექიანი ამინდი სასმელი წყლის ხარისხზე ნაკლებად ახდენს ზეგავლენას, თუმცა ზედაპირული წყალაღებისას მდინარის ამღვრევის შემთვევაში წყდება წყალმომარაგება და კომპანია მოსახლეობას აღნიშნულ რესურსს წყაროებიდან ან წყალმზიდის საშუალებით აწვდის.

უსაფრთხოების რა წესები უნდა დავიცვათ, თუ წყალს ჭიდან, წყაროდან ან მდინარიდან მოვიხმართ?

ჭის სისუფთავისთვის აუცილებელია, ის საპირფარეშოსგან, ცხოველთა სადგომებისა და ნაკელსაყრელისგან, პესტიციდებისა და სასუქის შესანახი სათავსოსგან არანაკლებ 50 მეტრით იყოს დაშორებული. ასევე, ჭას უნდა ჰქონდეს საიმედო სახურავი და პერიოდულად დაიქლოროს უსაფრთხოების დაცვით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროცედურების მიუხედავად, შეიძლება წყალი მაინც დაბინძურდეს, ამიტომ სასურველია, მოხმარებამდე დამატებით ფილტრაციას გადიოდეს.

რაც შეეხება მდინარისა და წყაროს წყლებს, ისინი ბუნებრივი წყალმომარაგების საშუალებებს წარმოადგენს და მათი უსაფრთხოების დაცვა შედარებით უფრო რთულია. სასურველია, წყაროს წყლის სათავე 50 მეტრის რადიუსით იყოს შემოზღუდული და დაცული ადამიანებისა თუ ცხოველების მიერ შესაძლო დაბინძურებისგან. მდინარის წყლის ხარისხის კონტროლი ინდივიდუალური მოხმარების შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია, ამიტომ რეკომენდებულია სასმელად მოხმარებამდე გადავადუღოთ (გასათვალისწინებელია, რომ ეს მეთოდი 100%-იანი უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა).

თუ წყლის ხარისხში მაინც ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ მისი დამატებითი ფილტრაციისთვის სხვადასხვა საშუალება გამოიყენოთ და ასე დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა.