ავტორი:

სკანდალური ინციდენტი: პაპარაცები ჰარისა და მეგანს ფოტოების გადასაღებად ორი საათის განმავლობაში მისდევდნენ - რა მოხდა ნიუ იორკში?

სკანდალური ინციდენტი: პაპარაცები ჰარისა და მეგანს ფოტოების გადასაღებად ორი საათის განმავლობაში მისდევდნენ - რა მოხდა ნიუ იორკში?

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის გარშემო მორიგი სკანდალია. როგორც სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სპიკერი აცხადებს, წყვილს პაპარაცების ჯგუფი აედევნა და დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში, ფოტოების გადაღების მიზნით, ავტომობილით მისდევდნენ, რის გამოც, წყვილი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

მეგანთან და ჰარისთან ერთად იმყოფებოდა მეგანის დედაც. როგორც ნიუ იორკის პოლიციაში აცხადებენ, წყვილისთვის სახლში დაბრუნება "გამოწვევად" იქცა.

  • რა მოხდა?

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ნიუ-იორკში ქალთა ფონდის მიერ გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ, სადაც ჯილდო მეგან მარკლსაც გადაეცა ქალთა და გოგონათა ადვოკატირებისა და გაძლიერებისთვის.

ღონისძიება მანჰეტების Ziegfeld Ballroom-ში გაიმართა და ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყო. დაჯილდოების დასრულების შემდეგ, ჰარი, მეგანი და მეგანის დედა, 22:00 საათზე ჩასხდნენ შავ ავტომობილში და ტერიტორია დატოვეს.

სასექსის ჰერცოგის სპიკერის განცხადებით, "აგრესიული პაპარაცების ჯგუფი მათ, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში მისდევდა." მისივე თქმით, დევნაში მონაწილე პირები არღვევდნენ საგზაო მოძრაობის წესებს, მათ შორის, გადადიოდნენ შუქნიშანზე, როცა წითელი იყო ანთებული.

ბრიტანული სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ნიუ იორკის პოლიციის სამმართველოში მივიდნენ, საიდანაც მანქანა გამოცვალეს, ტაქსიში გადასხდნენ, იმისთვის, რომ პაპარაცებს კვალი არეოდათ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ტაქსის მძღოლმაც. მისი თქმით, ჰარი და მეგანი "განერვიულებულები ჩანდნენ". მძღოლი ამბობს, რომ პაპარაცები მაინც აედევნენ, თუმცა ისინი აგრესიულად არ იქცეოდნენ. ტაქსის მძღოლი მიიჩნევს, რომ წყვილის სპიკერი დევნას "ოდნავ გაზვიადებულად წარმოაჩენს".

გამოძიება ახლა ოთხი ფოტოგრაფის საქმეზე მიმდინარეობს, რომლებიც სავრაუდოდ, დევნაში მონაწილეობდნენ.

ნიუ იორკის პოლიციაში აცხადებენ, რომ ისინი დაეხმარნენ ჰარისა და მეგანს პაპარაცებისგან თავის დაღწევაში. მათივე ინფორმაციით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, არ დაფიქსირებულა შეჯახება და ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია.