ავტორი:

6 ტყვია, მათ შორის ერთი საკონტროლო - სახეში - როგორ მოკლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა ოთხოზორია: 7 წელი სამართლის ძიებაში

6 ტყვია, მათ შორის ერთი საკონტროლო - სახეში - როგორ მოკლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა ოთხოზორია: 7 წელი სამართლის ძიებაში

7 წლის წინ, 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, გალის რაიონის მკვიდრი, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. დანაშაული სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ვიდეომასალაში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ასახულია, თუ როგორ მისდევენ საოკუპცაიო რეჟიმის წარმომადგენელი, ე.წ მესაზღვრეები გიგა ოთხოზორიას და გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. გარდაცვლილს 6 ტყვია ესროლეს, მათგან 2 ბარძაყში მოხვდა, 3 მუცლის არეში და ერთი საკონტროლოდ ნასროლი ტყვია - სახეში.

ოთხოზორიას მცდელობა, ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტი გაეგზავნა, აფხაზ "მესაზღვრეებთან" შელაპარაკებაში გადაიზარდა. სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის გამო, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავდა, აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის საბაბით, მალევე შეწყვიტა.

მალევე გაირკვა, რომ ოთხოზორიას სასიკვდილო ტყვია თავის არეში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა რაშიდ კანჯი-ოღლინ ესროლა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს. მას სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, 2017 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს და რუსეთის საოკუპაციო ძალებს კანჯი-ოღლის გადაცემა არაერთხელ, უშედეგოდ მოსთხოვა. მსჯავრდადებული უშედეგოდ იძებნება ინტერპოლითაც.

აღსანიშნავია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“იცავენ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

გიგა ოთხოზორია ზუგდიდშია დაკრძალული.

შვილის საფლავზე მისული, გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მისი შვილის მკვლელმა პასუხი დღემდე არ აგო.

მისივე ვარაუდით, სამართლის პოვნა უფრო მეტად გართულდება.

"ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ. დღეს კიდევ რომ წამოვწიეთ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი, მერიდება, ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. სამართალს ვერ ვხედავ, მგონია, რომ ახლა უფრო გაჭირდება სამართლის პოვნა და მიღწევა. მე დღეს ჩემ შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. ვინც იბრძოლა თავისი სამშობლოსთვის. პირტიტველა ბიჭები გმირები გახდნენ და ამ დროს, მგონი, ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე ვფიქრობ, რომ დღეს შეიძლება რაღაც მოხდეს და პასუხი გაეცეს ჩემი შვილის მკვლელს და ათასობით ქართველის მკვლელს, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეები მიდის. ახლა იმედის ნაპერწკალიც გამიქრა”, - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ის უხერხულს უწოდებს იმას, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების განახლების შემდეგ, მოსკოვიდან პირველი რეისი სწორედ მისი შვილის მკვლელობის დღეს ჩამოფრინდა.

"როგორ ბედავთ, რომ ქართველის პირადობის მოწმობას ფეხს აბიჯებთო, აი, ამას ემსხვერპლა ჩემი შვილი. ასე რომ, მართლა დღეს, პირველად რომ ჩამოვაფრენთ ამ რუსეთის თვითმფრინავს… რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა. ვინც დადებითად ჩათვლის, რომ ეს მოვლენა კარგია, ცოტა უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს დღეს შვილის საფლავზე მყოფმა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას მეუღლე და ორი შვილი დარჩა

  • მოუსმინეთ გიგა ოთხოზორიას შესრულებულ სიმღერას "ბინდისფერია სოფელი"