ავტორი:

"ოთხი წელი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი... მიუხედავად სირთულეებისა ჯგუფის სამივე წევრი ისევ ერთად ვართ" - როგორია ერთ დროს პოპულარული "ფლეშის" დღევანდელობა?

"ოთხი წელი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი... მიუხედავად სირთულეებისა ჯგუფის სამივე წევრი ისევ ერთად ვართ" - როგორია ერთ დროს პოპულარული "ფლეშის" დღევანდელობა?

1996 წლის, 16 აპრილს ჯგუფი "ფლეში" კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში პირველად წარსდგა მსმენელის წინაშე.... ჯგუფის წევრები ხუთნი იყვნენ - ბადრი გაბიცინაშვილი, არჩილ ბურჭულაძე, არჩილ ჭოტაშვილი, დათო ხუჯაძე, ანდრო მელაშვილი... პირველი სიმღერა იყო "ისევ გათენდება"...

1996-97 წლებში ბათუმში ფესტივალი ტარდებოდა, სადაც შემსრულებელს ახალი სიმღერა და ძველი ახლებური ვერსია უნდა შეესრულებინა ბათუმზე. ფესტივალის მზადებისას დაიბადა იდეა და დაიწერა სიმღერა „რატომ წახვედი შენ დღეს ბათუმში“. ვიდეო რგოლი თავისი სახსრებით გადაიღო აჩიკო ახვლედიანმა. სიმღერამ არნახული პოპულარობა მოიპოვა და დღესაც ყველა თაობის წარმომადგენელს ახსოვს... როგორც ცნობილია, შემდეგ ჯგუფში სამნი დარჩნენ.

თავბრუდამხვევ წარსულზე გვესაუბრება ჯგუფის ცნობილი წევრი ბადრი გაბიცანაშვილი:

- ჩვენმა ჯგუფმა იმ პერიოდში გაიელვა, როდესაც საქართველოში ურთულესი, 90-იანი, ბნელი წლები იყო... ჩემი სუბიექტური აზრია, ჩვენი პოპულარობა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კარგი ადამიანები ვიყავით და ეს სცენაზე ჩანდა. ძალიან ალალად, გულწრფელად ვუდგებოდით ჩვენს საქმეს. ჩვენი შექმნილი ყველაფერი ნაღდი იყო და გულიდან მოდიოდა.

- ვარსკვლავურ ჯგუფს რთულ პირობებში გიწევდათ ყოფნა?

- სირთულეების მეტი რა იყო... მაგალითად პირველივე შემთხვევაზე გიამბობთ: ბათუმში ფესტივალზე მიგვიწვიეს, რომელიც ასლან აბაშიძემ დააფინანსა...ვითომ გზა, ყველაფერი უზრუნველყვეს, მიგვიწვიეს და ჩვენთვის არც არაფერი ხარჯები იყო გაღებული. ძლივს ჩავაღწიეთ, იმ დროს ჯგუფში ხუთნი ვიყავით და ყველა ცალ-ცალკე ჩავედით. რის სასტუმრო, არაფერიც არ დაგვახვედრეს და კაცმა არ იცის, სად და როგორ ვიყავით...

- ღია ცის ქვეშაც ხომ არ დარჩით?

- არც უმაგისობა იყო, ერთი ღამე ღია ცის ქვეშაც გავათენეთ... სცენაზე არასოდეს გვეტყობოდა, რა რთული პირობებიდან მივდიოდით. ბათუმის ამ პირველ ფესტივალზე, გვითხრეს რომ ბათუმზე უნდა ყოფილიყო ერთი ძველი, ერთი ახალი სიმღერა... ძველი სიმღერა „ბათუმს ქათქათას“ წარვადგინეთ, ოღონდ აკაპელა ოთხ ხმაში არანჟირების გარეშე, სახსრები არ გვქონდა ფონოგრამა ჩაგვეწერა... მეორე სიმღერა კი იყო "რატომ წახვედი შენ დღეს ბათუმში",... აქაურ ჟიურის ეს სიმღერა არ მოეწონა, იძახდნენ, ეგ რა არიო?! რაღაც ახალი სიტყვა არისო, გადაირივნენ, ვერ მიხვდნენ საერთოდ რა იყო.

- ყველაზე ცნობილი სწორედ ეს სიმღერა გახდა...

- დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ მუდამ პირველ ადგილზე იყო... ჩამწერი სტუდიებიდან გვეუბნებიან, რომ გაყიდვებში დღემდე პირველ ადგილზე ვართ. გაგიკვირდებათ და ქეთი მერკვილაძე მეორე ადგილზეა.

- პოლიტიკოსებზეც კი აშარჟებდნენ...

- დიახ, მთელი ამბები იყო... როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფესტივალისთვის დავწერეთ და მერე ათასნაირი ხმები იყო, ვიღაც გოგოს მიუძღვნესო და ასე შემდეგ...

ბადრი გაბიცანაშვილი

- თქვენ თვითონაც არ ელოდით ამ სიმღერის ამდენად პოპულარობას?

- ჩვენ კი ვგრძნობდით, რომ შლაგერი იყო, ხალხი აიტაცებდა, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან ყველაზე უბრალო სიმღერა გვეგონა. წარმოიდგინეთ, ჩვენს სამეგობრო წრეში არც ვმღეროდით, არასერიოზულ სიმღერად მიგვაჩნდა... მეგობარმა, არჩილ ახვლედიანმა კლიპი გადაგვიღო. ყველაზე ბოლოს ეს სიმღერა ვუმღერეთ და გახარებული აყვირდა, ამაზე გეუბნებოდით, გემღერათო. გვითხრა, მე ვიღებ კლიპს, ყველაფერს მე ვაფინანსებო... ასე უცებ გადაწყდა ეს ყველაფერი და სამ თვეში იმდენად პოპულარულები გავხდით, რასაც ვერაფრით წარმოვიდგენდით.

- როგორც ვიცი, უამრავი თაყვანისმცემელი გოგონა გყავდათ...

- თავისთავად გამოვიდა ეგრე, სხვანაირად არ ხდება... ბათუმში მივდიოდით, მანქანაში ხუთნი ვისხედით და ხაშურში გაგვაჩერეს, მაშინ რომ - გაის ეძახდნენ... ჩვენიდან ერთი გადავიდა, მაგრამ მოსვლა დაუგვიანდა, მეორე, მესამე, მეოთხე და ბოლოს მეც გადავედი, რადგან მათ უკან აღარ უშვებდნენ... მე იმ პერიოდში ბლანჟე მქონდა, მაშინვე მიცნეს, ვაჰ, თქვენ ხართო და ერთი ამბავი ატყდა. მყისვე გააუქმეს გამოწერილი ჯარიმები, ერთი ამბობდა, ჩემს გოგოებს ისე უყვარხართ, წამოდით, ჩვენი შეხვედრა ჩემთან ოჯახში უნდა აღვნიშნოთო...ავუხსენი რომ კონცერტზე გვაგვიანდებოდა და დავპირდი, იქიდან ჩამოვლისას გესტუმრებით-მეთქი.

ამ სიმღერაზე ქორწილებს იხდიდნენ, ცალკე ვიდეოკლიპებს იღებდნენ და სასწაულები ხდებოდა... ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და საქართველოს უახლესი კულტურის ისტორიაში მგონი მსგავსი არაფერი ყოფილა.

- 90-იანი წლები ურთულესი, ბნელი იყო, მაგრამ მაშინ მეტად იყო კულტურული მოვლენები...

- დიახ, მაშინ ავანთეთ შუქი გვირაბის ბოლოს... მაშინ უფრო მეტად დატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით, გემოვნებიანი მუსიკაც იწერებოდა და ცხოვრება ჩქეფდა...სამწუხაროდ დღეს აღარაფერი ხდება.

მგონი ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, რომელიც საზღვარგარეთაც წავედით, როგორც კი გზები გაიხსნა. გერმანიაში, ბერლინთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში კინოფესტივალზე ვიმყოფებოდით. ათი დღით ვიყავით, ფესტივალი ჩვენ გავხსენით, მეხუთე დღეს მხოლოდ ჩვენი ჯგუფის კონცერტი იყო, ბოლოს ფესტივალი ისევ ჩვენ დაგვახურინეს... ამის შემდეგ ექვს თვეში სლოვენიაში მიგვიწვიეს.

- ალბათ ისმის თხოვნა, ჯგუფი აღადგინოთ...

- დიახ, გვეუბნებიან, სულ გისმენდით და ერთი სიმღერა კიდევ გვაჩუქეთო... ბევრი რამ მოხდა. მე ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები მქონდა, ფეხები მტკიოდა, ოთხი წელი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. ახლა საბედნიეროდ გამოვჯანმრთელდი... სამნი რომ დავრჩით, ისინი დაოჯახდნენ, ერთს სამი შვილი ჰყავს, მეორეს ორი, ვალები და როგორც ხდება ქვეყანაში. ასე გაგვეწელა დრო, მაგრამ ახლა ცოტა დავლაგდით და შეიძლება რაღაცაზე ფიქრი.

ბადრი გაბიცინაშვილი და აჩიკო ჭოტიშვილი

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქფლეში“ ბრუნდება?

- დაბრუნება არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ორიოდე სიმღერა მსმენელს ვაჩუქოთ..დაბრუნებით კი ძალიან ძნელია, ისევ ის ფორმა აღვიდგინოთ... მიკვირს, იმდენად პატარა ბავშვები გვცნობენ. ამის წინ პარკში გამოვიარეთ, 7-8 წლის ბავშვები თამაშობდნენ და ჩემი მეგობრები გაეხუმრნენ, ამათ, ჯგუფს „ფლეშს“ იცნობთო?.. ბავშვები გაოცდნენ, მერე სიმღერა - „რატომ წახვედი შენ დღეს ბათუმში“ ახსენეს და ბავშვებმა მაშინვე, აუ დედამ და მამამ მაგ სიმღერა მოგვასმენინესო... ამას არაფრით ველოდით.

- რას ურჩევდით დამწყებ მომღერლებს, იგივე შეძლონ?

- რაც ჩვენ ცუდი გვჭირს ქართველებს, ძმაკაცობა და მეგობრობა უნდა შეინარჩუნონ და პირველივე ჩხუბზე არ უნდა დაიშალონ. რაც არ უნდა გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. ჩვენ მიუხედავად სირთულეებისა სამივე ისევ ერთად ვართ.

- ამხელა პოპულარობას ფინანსური კეთილდღეობა არასოდეს მოუტანია?

- არა... ფული, მითუმეტეს დიდი ფული არასდროს ყოფილა. კარგი დროსტარება კი, „გულაობა“ სასწაული. ყველას ჩვენთან ერთად ყოფნა, ბავშვის მონათვლა და პატივისცემა სურდა...