ავტორი:

"გოგონები გამჭირვალე შარფით დადიან ქალაქში, ამას ვერ ავიტანთ" - აფხაზები ამბობენ, რომ "არასათანადოდ ჩაცმის" პრობლემა ძირითადად რუსებს აქვთ: შეფასებები ე.წ. ჩაცმის კანონპროექტზე

"გოგონები გამჭირვალე შარფით დადიან ქალაქში, ამას ვერ ავიტანთ" - აფხაზები ამბობენ, რომ "არასათანადოდ ჩაცმის" პრობლემა ძირითადად რუსებს აქვთ: შეფასებები ე.წ. ჩაცმის კანონპროექტზე

აფხაზეთის სტუმრებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუსაბამოდ ჩაცმის აკრძალვა - ამ შინაარსის კანონპროექტი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებად უნდა შეიტანონ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კანონპროექტის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციით მიმართონ პარლამენტს და აღნიშნული კანონპროექტი შემდეგ სესიაზე მეორე მოსმენით მიიღონ...

  • ადგილობრივის თქმით, წლებია რუსეთის მოქალაქეებთან ეს პრობლემა აქვთ, ისინი არ იცავენ ზღვარს, არ აინტერესებთ ადგილობრივი ადათი და ტრადიცია, შენიშვნის მიცემის შემთხვევაში კი, შეტევაზე გადმოდიან, შემდეგ კი მათ სოციალურ ქსელებში საშიშ ველურებად მოიხსენიებენ.

ადგილობრივი აქტივისტი ასტამურ ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტურისტებს ხშირად ავიწყდებათ, სად არიან, ავიწყდებათ ზრდილობა და სხვისი აზრის პატივისცემა.

"ბოლოს და ბოლოს ისინი, კავკასიაში არიან. არსებობს ეთიკა და ზრდილობა. შევახსენოთ მათ სად შეიძლება ტრუსებით სიარული და არ უნდა დაავიწყდეთ გარშემომყოფებისა და ადგილობრივების გრძნობები.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ქცევები მხოლოდ აფხაზეთში კი არა, მთელ კავკასიაშია მიუღებელია და არა მგონია, მოსკოვის ან სანქტ-პეტერბურგის ცენტრში სეირნობა შორტებში ან საცურაო კოსტიუმში ადგილობრივებმა დადებითად მიიღონ.

ყველაფერი გენიალური ძალიან მარტივია - საცურაო კოსტიუმსა და ტრუსებში სიარული მიღებულია სანაპიროზე, შეუძლიათ ასე შემოსილებმა ზღვაში შეცურონ და მორჩა. ის, რომ აფხაზეთში ზღვაა, არ ნიშნავს, რომ მათ მთელ ქალაქში შიშვლებს შეუძლიათ სიარული. ეს ადამიანის ზრდილობაა, თუმცა, ზოგს ჰგონია, რომ ჩამოვიდა დასასვენებლად და ყველაფერი შემიძლია, მე ვარ აქ ღმერთი და მეფე, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ მათი ნებისმიერი გამოხდომა უნდა მივიღოთ, რადგან აქ ყოფნაში ფული გადაიხადეს. მოგიწოდებთ, ყველა ასეთ გამოხდომაზე ჯარიმა იყოს, ყველა იმ ტურისტს, რომელიც ქალაქში საცურაო კოსტიუმითა და ტრუსით გაივლის, ფინანსური სანქცია დაეკისროს" - წერს ფაჩულია.

აქტივისტს უამრავი მომხრე და ბევრად ცოტა მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა. ისინი, ვინც საცურაო კოსტიუმით ქუჩაში გამოსვლისთვის ტურისტის დაჯარიმებას არ ემხრობიან, ამბობენ, რომ ყველა იმ ქვეყანასა და რეგიონში, სადაც ზღვაა, სეზონზე ტურისტებს თავისუფლად გადადგილება შეუძლიათ და თუ ამას აუკრძალავ, არც "ველურ მაიმუნებად მოხსენიება უნდა გეწყინოს".

"ერთი რამ დავინახე - აქ ვიღაცები ევროპას ეტრფიან, ოღონდ მე-12 საუკუნის კავკასიური მენტალობით. მე 26 წლის ვარ და საბჭოთა წლებში არ მიცხოვრია, მაგრამ ფოტოებს ვნახულობ, სადაც ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავები საცურაო კოსტიუმში არიან... ასეთი ამაზრზენი შეხედულება, რომ ქუჩაში მოკლე შორტიანმა გოგო-ბიჭებმა არ უნდა იარონ, მოიტანს 90-იანი წლებს" - წერს ადგილობრივი ელდარ აიბა.

აკრძალვის მომხრეებმა, მათ უპასუხეს, რომ ბარსელონაშიც კი, სანაპიროდან საცურაო კოსტიუმით გასვლის შემთხვევაში, ფინანსური ჯარიმაა, თუმცა პატარა აფხაზეთში, მათ გვერდით არსებობენ ისეთები, ვინც ფულის გამო ყველაფერს აიტანენ და ამას თანამედროვეობითა და პროგრესულობით ფუთავენ...

"საბჭოთა წლებში იმაზე ბევრად მეტი ტურისტი ჩამოდიოდა აფხაზეთში, მხოლოდ რუსეთიდან კი არა, მთელი საბჭოეთიდან. ალბათ ათჯერ მეტი დამსვენებელი გვყავდა, ვიდრე ახლა, მაგრამ ქუჩაში შიშველი არავინ დადიოდა. ახლანდელი ახალგაზრდები იმ პერიოდს ლანძღავენ, მაგრამ მაშინ ადამიანები ბევრად სწორად იყვნენ აღზრდილი და შეგნებაც ჰქონდათ. ახლა გოგონებს რაღაც გამჭირვალე შარფი აქვთ შემოხვეული და ისე დადიან ქალაქის ქუჩებში. ჩვენ შვილები გვეზრდება და ამას ვერ ავიტანთ" - წერს ადგილობრივი ტატიანა სმირი.

"მეც უამრავს ვეჩხუბე და ვაიძულე ჩაეცვათ... დიდი ხნის წინ უნდა შემოეღოთ ეს აკრძალვა, მაგრამ კარგია, რომ ეს გადაწყვეტილებაა მიიღეს. ზოგჯერ რთული გასარჩევია, ადგილობრივი გოგონები არიან თუ ჩამოსულები. არადა, რუსეთში, სწორედ ზღვისპირა ქალაქებში ამ საკითხს ძალზე სერიოზულად ეკიდებიან, არის ადგილები, სადაც ადამიანებს შორტებითა და შილიფად ჩაცმულებს არ უშვებენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმას ახდევინებენ" - მიაჩნია ალიკა გვარამიას.