ავტორი:

"მთელი აღმოსავლეთ საქართელოს სპეცსამსახურები აქ არიან... უზრუნველყოფენ, რომ ქორწილი ჩატარდეს" - ნიკა მელია

"მთელი აღმოსავლეთ საქართელოს სპეცსამსახურები აქ არიან... უზრუნველყოფენ, რომ ქორწილი ჩატარდეს" - ნიკა მელია

ნიკა მელიას ინფორმაციით, "ყვარლის ტბის" ადმინისტრაციაში მას დაუდასტურეს, რომ იქ ნამდვილად იმყოფება სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახი.

მელია წუხელ მხარდამჭერებთან ერთად სასტუმროს ტერიტორიაზე მივიდა. როგორც ის ამბობს, იქ პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

"დილის 5 საათისთვის, მეგობრებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ სასტუმრომდე მისვლა, ვიდრე პოლიციის მობილიზაცია მოხდებოდა, როგორც ჩანს, ყურადღება მოაკლეს და აღმოვჩნდით იქ, სადაც არ უნდა აღმოვჩენილიყავით. სიმართლე გითხრათ, გუშინ, როცა აქციაზე მყოფმა ეს ინფორმაცია მივიღე, სადღაც კიდევ არ მინდოდა დამეშვა, რომ აქ არიან და აქ აპირებენ ტაშ-ფანდურს ტერორისტული სახელმწიფოს, პუტინის მარჯვენა ხელის [ოჯახის წევრები], რომელიც ავტორია 2008 წლის ქართველების ხოცვა-ჟლეტის, დღეს კი, უკრაინელების. ნაწილი მათი დასავლეთის მიერ დასანქცირებულია.

ბავშვსაც ვერავინ დააჯერებს, რომ შეთანხმების გარეშე ხდება ის, რაც ხდება. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები აქ არიან, წყლის ჭავლის შესაბამისი მანქანა მოჰყავთ, თუკი რამით ახლა ისინი დაკავებული არიან, არის ის, რომ ქორწილი უზრუნველყონ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქორწილი არ შედგეს. ლავროვის სიძის ძმა არის მთავარი მასპინძელი, მისი ქორწილია, ლავროვის სიძე დასანქცირებულია, ლავროვის ქალიშვილი დასანქცირებულია, ლავროვის სიძის მამაც დასანქცირებულია. აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, „გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და ძირს უკრაინა“.

ეს ყველაფერი აქ უნდა მოხდეს, თავმოყვარეობის, ღირსების საკითხია, გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი, პუტინისთვის ვინ იყო - შეიძლება არც იცნობს ნორმალურად, ვინ იყო პოზნერი, არავინ იყო. კრემლის ნაწილია დღეს აქ, ყვარელში, ვლადიკავკაზიდან შემოიყვანეს და აპირებენ ძალიან ბოჰემური საღამოს მოწყობას. ამ სასტუმროში, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთი მტრად მიაჩნია სამართლიანად, ერთი საათიც აღარასდროს უნდა გაატაროს" - ამბობს ნიკა მელია "ტვ პირველთან" საუბარში.

  • ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია "მთავარი არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მუსიკოსი, მოშე ვინოკუროვი მეტსახელით მიკა ვინო იხდის. ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილმა დღეს თბილისში ხელი მოაწერა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსი წყვილი ხვალ სასტუმრო კომპლექს "ახაშენი ვაინ რისორთ ენდ სპა"-ში გრანდიოზულ წვეულებას გამართვას აპირებს. ჟურნალისტის თქმით, სტუმრების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა და მათი დიდი ნაწილი უკვე საქართველოშია - ზოგი ახაშენის სასტუმროში, ზოგიც კი ყვარლის ტბის პირას.

წაიკითხეთ: