ავტორი:

"უკრაინელებმა ბახმუტთან, ზოგიერთ ტერიტორიაზე 200 მეტრით წინ წაიწიეს" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

"უკრაინელებმა ბახმუტთან, ზოგიერთ ტერიტორიაზე 200 მეტრით წინ წაიწიეს" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.

"გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორებში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა სცადეს დაკარგული პოზიციების აღდგენა ივანოვსკოეს დასახლების სამხრეთით“, - აცხადებენ გენშტაბში.

  • უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65 ჯერ გახსნა.

"თავდასხმების შედეგად დანგრეული და დაზიანებული კერძო საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის ქალაქებზე ლიმანზე, სლავიანსკსა და კონსტანტინოვკაზე თავდასხმისთვის მტერმა კვლავ გამოიყენა S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც არ არის მაღალი სიზუსტის იარაღი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის ტერორის ტაქტიკას“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

  • უკრაინის დამცველებმა ბახმუტთან, ზოგიერთ ტერიტორიაზე დაახლოებით 200 მეტრით წინ წაიწიეს, - ამის შესახებ კი უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

"ბახმუტი ოკუპანტის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება, ისინი ცდილობენ მთელი ქალაქი თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციონ. კვირის განმავლობაში, ჩვენი ქვედანაყოფები იქ, სადაც შესაძლებლობაა, სადაც დანაკარგების დიდი რისკი არ არის, წინ მიიწევდნენ, კონტრშეტევას ახორციელებდნენ. ამ დღეებში, ზოგიერთ ტერიტორიაზე, დაახლოებით 200 მეტრით წინ წაიწიეს“, - განაცხადა სერჰი ჩერევატიმ.

შეგახსენებთ, 21 მაისს, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “ვაგნერის” დაქირავებულმა მებრძოლებმა ბახმუტი აიღეს.