ავტორი:

"მიხალკოვს ვუთხარი, - აი, კავკასიელების მოძულე რომ ხარ, იმიტომ დაგსაჯა ღმერთმა, ერთი სიძე ქართველი გყავს, მეორე ჩერქეზი - მეთქი" - რატომ იყო ჩასული მოსკოვში დათო ტურაშვილი?

"მიხალკოვს ვუთხარი, - აი, კავკასიელების მოძულე რომ ხარ, იმიტომ დაგსაჯა ღმერთმა, ერთი სიძე ქართველი გყავს, მეორე ჩერქეზი - მეთქი" - რატომ იყო ჩასული მოსკოვში დათო ტურაშვილი?

მწერალმა დათო ტურაშვილმა ტელეკომპანია "ფორულას " ეთერში ისაუბრა, თუ რატომ იყო 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვში ჩასული და ასევე გაიხსენა რუს რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვთან მწვავე დიალოგიც.

მისი თქმით, მოსკოვში ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის შვილის ნათლობაზე იყო მიწვეული, სადაც შეხვდა მიხალკოვს, რომელიც იმჟამად გიგინეიშვილის სიმამრი იყო.

"მითხრეს, რომ რომელიღაც სააგენტომ გაავრცელა ჩემი მოსკოვში გადაღებული ფოტო. არ მგონია, ამ სააგენტოს ბოროტი განზრახვით გაევრცელებინა...

ნამდვილად ვარ მოსკოვში ნამყოფი ორი მიზეზის გამო.

ჩემი წიგნი "ჯინსების თაობა" ყველაზე მეტად მინდოდა, რომ რუსეთში გამოცემულიყო და რუსებს გაეგოთ... ახლაც მინდა, რომ წიგნი გამოსცენ რუსეთში და ამ წიგნის გამო შევხვდე რუს მკითხველებს, რომ მათ მოვუყვე, ავუხსნა, რატომ არ გვინდა ვიყოთ საბჭოთა კავშირის ნაწილი. ილუზია არ მაქვს, რომ ამ წიგნს რომ წაიკითხავენ, ან ფილმს რომ ნახავენ, შეეცვლებათ წარმოდგენები. რომ რამე იმოქმედებს მათზე, მაგრამ მაინც... რუსეთში ბოლოს ჩატარებული კვლევით, ფიქრობენ, რომ ქართველები ვართ 63 მილიონი და მუსლიმანური ქვეყანა. აი, არასწორი წარმოდგენა აქვთ საქართველოზე და საერთოდ არაფერი იციან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე.

კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომ ნათლობაზე დამპატიჟა რეზო გიგინეიშვილმა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, ნათლობაზე უარს როგორ ვეტყოდი. წითელ მოედანზე გადაღებულ ერთ ფოტოში ილია ჭავჭავაძის გამოსახულებიანი მაისური მეცვა და მეორეში კი - მაისურს კოტე ყუბანეიშვილის სიტყვები ეწერა: "ჩეჩენ-ვეჩენ". წითელ მოედანზე კი იმიტომ მივედი, რომ მინდოდა მენახა აბელ ენუქიძის დარგული რაჭული ფიჭვები ხარობს ისევ თუ არა...

მოკლედ, მეორე მიზეზი ჩემი "ჯინსების" თაობის გამოცემა იყო, რომელიც ნათარგმნი იყო და გამომცემლები უარს ამბობდნენ გამოცემაზე. ვიფიქრე და რეზომაც მითხრა, რომ იქნებ ამ საქმეში მიხალკოვი დაგვხმარებოდა, მაგრამ, როცა ვუთხარით, - მიპასუხა, - ძალიან კარგად მაქვს წაკითხული შენი წიგნი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს რუსეთში არ გამოვიდესო. ცივად მითხრა და მეც ცივად ვუპასუხე. მერე ვიფიქრე, რეზიკოსთვის იქნებოდა უხერხული, შვილის ნათლობისას, მის სიმამრთან რომ ურთიერთობა დაძაბულიყო. მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. მან დაიწყო. დიდი რეჟისორი კია, მაგრამ დიდი შოვინისტია. არ გაჩერდა და მეც ვუთხარი, - აი, ასეთი შოვინისტი და კავკასიელების ასეთი მოძულე რომ ხარ, იმიტომ დაგსაჯა ღმერთმა, ერთი სიძე ქართველი გყავს და მეორე ჩერქეზი - მეთქი. 200 წლის წინ, თქვენმა გრიბოედოვმა ჩვენი ყველაზე კარგი გოგო რომ წაიყვანა ნინო ჭავჭავაძე, აი, 200 წლის შემდეგ რეზიკომ გადაგიხადათ სამაგიერო, თქვენი ყველაზე კარგი გოგო წამოიყვანა - მეთქი. გაგიჟდა..." - გაიხსენა დათო ტურაშვილმა.