აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება კიდევ ერთი გაფრთხილებაა, საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება - იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
გოცირიძის თქმით, საქართველოს აეროპორტების სანქცირება, რაც გამორიცხული არ არის, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
“საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემთხვევითი ფაქტი არ არის და ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება, ეს ერთი საკითხია. იგივეა საქართველოში ლავროვის შვილის ჩამოსვლა, რადგან თავი არხეინად იგრძნეს და ჩათვალეს, რომ საქართველო მთლიანად მათი გავლენის ქვეშ არის მოქცეული. იგივეა ბორანის გახსნა ნოვოროსიისკში და ასე შემდეგ.
ეს არის საკითხების მთელი კომპლექსი, რომელიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში. საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთისაკენ მიექანება. ეს მთავრობა ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს - ერთ-ერთი ასეთი ჩვენი აეროპორტების ბლოკირება შეიძლება იყოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.
„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ - მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.