ავტორი:

როგორ ხვდება ევროკავშირში რუსული სანქცირებული პროდუქტი - ჟოზეფ ბორელის ბლოგი სანქციების გვერდის ავლის მეთოდებზე და მათი შეზღუდვის გზებზე

როგორ ხვდება ევროკავშირში რუსული სანქცირებული პროდუქტი - ჟოზეფ ბორელის ბლოგი სანქციების გვერდის ავლის მეთოდებზე და მათი შეზღუდვის გზებზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აქვეყნებს ბლოგს, რომელშიც მიმოიხილავს ვეროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. გთავაზობთ ბორელის ბლოგის თარგმანს:

  • რას წერს ბორელი?

"როგორც ევროკავშირს, ჩვენ არ გვსურს ვიყიდოთ რუსეთის ენერგორესურსები, რადგან არ გვინდა დავაფინანსოთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე არ გვინდა, გავყიდოთ ტექნოლოგიური პროდუქტები და ის კომპონენტები, რაც ომის მანქანისთვის სჭირდებათ.

ეს ჩვენი გადაწყვეტილებებია, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის ეკონომიკური ოპერატორებისთვის (კომპანიებისთვის, რომლებიც ეკონომიკურ-სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებენ - რედ.) მაშინაც კი, თუ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმაც იგივე გააკეთონ, ვერ ვაიძულებთ მათ, რადგან ჩვენი სანქციები ექსტრატერიტორიული არ არის. ჩვენ მიერ დაწესებული შემაკავებელი ზომებისგან გვერდის ავლის მცდელობა დელიკატური საკითხია. ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონს.

ჩვენი შემზღუდავი ზომები მთლიანობაში ეფექტიანი იყო. მაგალითად, თითქმის შევწყვიტეთ ნავთობისა და გაზის ყიდვა პირდაპირ რუსეთიდან, დავასრულეთ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე. შევწყვიტეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლის ექსპორტი რუსეთში, მაგრამ ბოლო თვეებში ვნახეთ ევროკავშირში აკრძალული საქონლის, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების იმპორტის არანორმალური ზრდა მესამე ქვეყნებში. მაგალითად, ევროკავშირის მანქანების ექსპორტი რუსეთში 78%-ით შემცირდა 2022 წელს, ხოლო ექსპორტი ევროკავშირიდან ყაზახეთში 268%-ით გაიზარდა.

ამ კვირაში (ბლოგი გამოქვეყნებულია 19 მაისს - რედ.) ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი განიხილეს, რომელიც არსებითად ხარვეზების აღმოფხვრას შეეხება და არის სანქციებისგან გვერდის ავლის საკითხზე. ასევე, ვიმსჯელეთ ინდოეთის მხრიდან რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის ზრდაზე და ინდოეთიდან ევროკავშირში რაფინირებული პროდუქტების ექსპორტის ზრდაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, საფუძვლად იაფი რუსული ნავთობი უდევს.

ფაქტია, რომ ინდოეთი, ასევე ჩინეთი, რუსული ნავთობის უფრო დიდი მოცულობის იმპორტს ახორციელებენ მას შემდეგ, რაც G7-მა 2022 წლის ბოლოს შემოიღო რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარი.

მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ: არც დადანაშაულება არ შეიძლება და არც ეჭვქვეშ დაყენება ინდოეთის უფლების, რომ ეს გააკეთოს, რადგან ინდოეთის კომპანიები არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონებს.

როგორც Financial Times-თან ვთქვი:

"ინდოეთი ყიდულობს რუსულ ნავთობს, ეს ნორმალურია. და თუ ნავთობის ფასზე ჩვენი შეზღუდვის წყალობით, ინდოეთს შეეძლო ამ ნავთობის ყიდვა გაცილებით იაფად, კარგია, რადგან რაც უფრო ნაკლებ ფულს მიიღებს რუსეთი, მით უკეთესი".

კიდევ ერთი ფაქტი, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, კერძოდ, ინდოეთი ახორციელებს რუსულ ნავთობზე დაფუძნებული პროდუქციის მზარდი მოცულობის ექსპორტს, მათ შორის ევროკავშირში, რომელმაც აკრძალა ამ პროდუქტების იმპორტი რუსეთიდან. კიდევ ერთხელ, ინდოეთის მთავრობა არ არის დამნაშავე. ეს პროდუქტები განიხილება არა როგორც რუსული, არამედ, როგორც ინდური და ჩვენ არ შეგვიძლია ხელი შევუშალოთ ინდოეთის გადამამუშავებელ ქარხნებს, მიჰყიდონ ის ევროკავშირს ან შუამავალს.

მაგრამ ცხადია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ძირს უთხრის ჩვენი შემზღუდავი ზომების ეფექტიანობას. ეს არის ჩვენი სანქციების გვერდის ავლის შედეგი და ჩვენმა წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ყველაფერი მორალურ საკითხებსაც შეეხება: უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკის საკითხების მრჩეველი, ოლეგ უსტენკო ამბობს:

"ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ზოგიერთი საერთაშორისო კომპანია ყიდულობს რუსული ნავთობისგან რაფინირებულ პროდუქტებს და ყიდის მათ ევროპაში. ეს სრულიად კანონიერია, მაგრამ სრულიად ამორალური".

  • მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე - გამყიდველი თუ მყიდველი?

როდესაც მე დავაყენე საკითხი ინდოეთის რაფინირებული პროდუქტების ექსპორტის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია უფრო იაფ რუსულ ნავთობზე, ეს იყო არა ინდოეთის მთავრობის კრიტიკა, არამედ იმის თქმა, რომ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ უვლიან გვერდს თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსული წარმომავლობის რაფინირებული ნავთობის შეძენით.

ეს ამბავი გვიჩვენებს, რომ ჯერ უნდა შევხედოთ რას აკეთებენ ეკონომიკური ოპერატორები ევროკავშირის შიგნით. თუ ინდური ქარხნები ყიდიან, ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპული კომპანიები ყიდულობენ პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით". წყარო