ავტორი:

ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კონტეინერმზიდ გემს დაარქვეს? - "ამჟამად სინგაპურში ვარ და საზღვაო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამ"

ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კონტეინერმზიდ გემს დაარქვეს? - "ამჟამად სინგაპურში ვარ და საზღვაო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამ"

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოპერირება დაიწყო მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკონტეინერო გემმა MSC Irina-მ , რომელსაც ქართველის სახელი ჰქვია. გემი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავს. ეს არის პირველი, ექვსი ულტრა დიდი გემიდან, რომელიც ჩინურმა Jiangsu Yangzijiang Shipbuilding Group -მა კომპანია MSC- Mediterranean Shipping Company-ს (მედიტერანიან შიპინგ კომპანი) დაკვეთით ააშენა. ამჟამად MSC Irina ყველაზე დიდი კონტეინერმზიდია მსოფლიოში, რომელსაც 24,300 TEU -ზე მეტი კონტეინერის გადაზიდვა შეუძლია. ლაპარაკია სტანდარტულ 20-ფუტიანი კონტეინერების ტევადობაზე.

MSC (Mediterranean Shipping Company S.A.) მსოფლიოში წამყვანი საკონტეინერო საზღვაო კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 155 ქვეყანაში 675 ოფისი აქვს. მის საკუთრებაშია 730 ხომალდი, და ფლობს 4,6 მ საერთაშორისო სტანდარტების კონტეინერზე (TEU) მეტს. ყოველწლიურად გადააქვს 23 მ TEU -ზე მეტი კონტეინერი.

აღსანიშნავია, რომ MSC საქართველოში მრავალი წელია კომპანია MSC Georgia-ს სახით ოპერირებს, რომლის პარტნიორი და დირექტორთა საბჭოს წევრი ჯემალ ინაიშვილია, რომელმაც რეგიონში კომპანიის ზრდასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. შესაბამისად, მრავალწლიანი თანამშრომლობის დაფასების მიზნით, კომპანიის გადაწყვეტილებით, ახალაშენებულ გემს, ჯემალ ინაიშვილის ქალიშვილის, ირინას სახელი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით ირინა Ambebi.ge - ის ესაუბრა.

"დღეს MSC მსოფლიოში წამყვანი საკონტეინერო საზღვაო კომპანიაა. მამაჩემი, ჯემალ ინაიშვილი 1996 წლიდან მათი პარტნიორია. რასაკვირველია, მთელი ცხოვრება საზღვაო ინდუსტრიის გარშემო ვიზრდები, ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ სფეროს ავირჩევდი. ამჟამად სინგაპურში ვარ და საზღვაო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამ.

რაც შეეხება გემის სახელს, ეს MSC-ის ტრადიციაა - როცა პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ასაჩუქრებენ და ნებას აძლევენ გემს სახელი თავად დაარქვან.

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი პატივია. ბედნიერი ვარ, რომ ამდენწლიანი შრომა დაფასდა. გემისთვის ჩემი სახელის დარქმევა იმას ნიშნავს, რომ მათთვის ჩვენთან პარტნიორობა ნამდვილად ღირებულია.“ - გვითხრა ირინამ.

დღეისთვის MSC Irina არის ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი TEU-ს მოცულობის თვალსაზრისით - 24,346-ზე მეტი და მისი ძირითადი მონაცემებია.

  • ტვირთამწეობა: 240,000 DWT
  • TEU: 24,346
  • სიგრძე: 399,9 მეტრი
  • სიგანე: 61,3 მეტრი

რაც შეეხება ჯემალ ინაიშვილს, ის ქობულეთში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით, ასევე მოსკოვის კვების მრეწველობის სახელმწიფო საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი, სპეციალობით: სასურსათო საქონლის მრეწველობის ეკონომიკა და ორგანიზაცია. წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. 1994 წლიდან იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1997 წლებში კი საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ; 1997-2004 წლებში მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსად; 2004-2005 წლებში კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი იყო; 2005-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრი გახლდათ, ბათუმის საარჩევნო ოლქიდან. იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

  • ავტორი: ანი შავიშვილი