ავტორი:

"მარიამი ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოო" - 8 წლის მოჭადრაკე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაში ambebi.ge - ს მკითხველი დაეხმარა, ჩემპიონი გახდა

"მარიამი ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოო" - 8 წლის მოჭადრაკე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაში ambebi.ge - ს მკითხველი დაეხმარა, ჩემპიონი გახდა

13-21 მაისს, ალბანეთის ქალაქ დურესში ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7-დან 17 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის ჩატარდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 19 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი და დიდი წარმატებით იასპარეზა - მოიპოვა 8 სხვადასხვა სინჯის მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო). ნაკრებიდან პირველ ადგილი დაიკავეს: 15 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძემ (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) 13 წლამდე გოგონებში კესარია მგელაძემ (მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე), 11 წლამდე გოგონებში ანასტასია ჭიჭინაძე (მწვრთნელი გია მენაბდე), 9 წლამდე გოგონებში მარიამ რეხვიაშვილმა (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი).

ოთხივე მათგანი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერებში იყვნენ და ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვეს. ჩემპიონატამდე ambebi.ge პატარა მოჭადრაკე მარიამ რეხვიაშვილის სპორტული მიღწევებისა და წარმატების შესახებ წერდა. მკითხველს სწორედ მაშინ ვაცნობეთ, რომ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე (ერთი წლით უფროსებში) მარიამ რეხვიაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ის ალბანეთში ქალაქ დურესში უნდა გამგზავრებულიყო, ბავშვის ჩემპიონატზე გამგზავრებას ჭადრაკის ფედერაცია აფინანსებდა, თუმცა ამ დაფინანსებაში მშობლის გაყოლა არ იყო გათვალისწინებული. მეორეკლასელი გოგონა კი ამ ტურნირზე ვერ მიდიოდა, რადგან ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ დედა საკუთარი ხარჯებით წაჰყოლოდა. გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ საზოგადოება გოგონას გვერდით დაუდგა. მან ჩემპიონატზე დედასთან ერთად გამგზავრება შეძლო და ჩემპიონიც გახდა.

ნატო ტოროშელიძე, მარიამ რეხვიაშვილის დედა:

- ჩვენი საზოგადოების დიდი დახმარებით მეც მოვახერხე ჩემპიონატზე წასვლა. მარიამმა ბევრი იბრძოლა. ტურნირი ყოველ დღე ტარდებოდა და სამ საათ-ნახევარს თამაშობდა. 7-დან 6 ქულა აიღო და 9 წლამდე გოგონებში პირველ ადგილი დაიკავა. ერთი წლით უფროსებს ეთამაშებოდა. ძალიან დიდი შემართებით იყო... მომავალ წელს ისევ ამ ასაკში მოუწევს ბრძოლა, რადგან ირლანდიაში უკონკურსოდ მიიწვიეს, სადაც მორიგი ჩემპიონატი ჩატარდება... მადლობა საზოგადოებას იმისთვის, რომ გვერდით დაგვიდგა. მარიამი იქ ცოტა შეუძლოდაც გახდა, მაგრამ თამაშზე ამას არ უმოქმედია. იმ პერიოდში 8 წლის ბავშვს გვერდით რომ არ ვყოლოდი, ალბათ, ჩემ გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა. ჩვენს ნომერში 7 წლის გოგონა იყო, რომლის დედამ უსახსრობის გამო ვერ შეძლო გამომგზავრება. ამიტომ ფედერაციამ ის ბავშვი მე ჩამაბარა. ასე რომ, თქვენმა მკითხველმა არა მარტო მარიამზე, იმ გოგონაზეც იზრუნა. ორ ბავშვს ვუპატრონე. პერიოდულად დედა ენატრებოდა. მე და მარიამი ვამშვიდებდით. სოფია ლიმარმა (მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე) 7 წლამდე გოგონებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- მარიამმა მიზანს მიაღწია, დადებული პირობაც შეასრულა და საზოგადოებას იმედები არ გაუმტყუნა...

- კი, ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოო, ამისთვის ძალები არ დაუზოგავს.

- ეს ყველაფერი სერიოზული სტარტია მომავალი წარმატებებისთვის...

- მეცადინე გოგოა. ამ ეტაპზე ჯერ ადრეა მომავალზე ლაპარაკი, მაგრამ ფიქრობს, გაჰყვეს, არ დაკარგოს აქამდე მოპოვებული შედეგები. მაგრამ ამ სპორტულ კარიერასაც დიდი თანხები სჭირდება. ცუდი არ იქნებოდა, კერძო პირი ან კომპანია გამოჩნდეს და თავის თავზე აიღოს მარიამის ტურნირებზე გამგზავრების დაფინანსება...

- როგორია მარიამის უახლოესი გეგმები?

- 5 ივნისს ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატზე მივდივართ. ტურნირი სწრაფ ჭადრაკში გაიმართება. სექტემბრის პირველ ნახევარში რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე (ლუწ ასაკში) გაემგზავრება. ირლანდის ჩემპიონატი კი უკვე შემდეგ წელს ჩატარდება.