ავტორი:

"აქ სავარაუდოდ ბინადრობდნენ ზეზვას და მზიას შთამომავლები" - რა საიდუმლოს ინახავენ "ჯრუჭულის მღვიმე" და "ორთვალა კლდე": იმერეთში აღმოჩენილი უნიკალური ძეგლების ისტორია

"აქ სავარაუდოდ ბინადრობდნენ ზეზვას და მზიას შთამომავლები" - რა საიდუმლოს ინახავენ "ჯრუჭულის მღვიმე" და "ორთვალა კლდე": იმერეთში აღმოჩენილი უნიკალური ძეგლების ისტორია

"მათ ზემო იმერეთში ჩატარებული აქვთ ბევრი სადაზვერვო სამუშაო და აღმოჩენილი აქვთ უამრავი ღია ცის ქვეშ მდებარე ქვედა და შუა პალეოლითური პუნქტი; მათმა გუნდმა ალპინისტური მეთოდების გამოყენებით შეაღწია ძალიან ბევრ ხელოვნურ გამოქვაბულში და დაადგინა, რომ გამოქვაბულების სისტემა წარმოადგენს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თანადროულ (მე-6-7 სს) ასევე სამონასტრო კომპლექსს, მორგებულს ზემო იმერეთის კლდოვან ლანდშაფტთან" - უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებზე, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ არ იცის, გვესაუბრება "პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლოგიური კვლევების სამეცნიერო ცენტრის" ხელმძღვანელი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი:

- ჩემი ინტერესების ძირითად სფეროს ყოველთვის წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს ძველი ქვის ხანა, თუმცა, პერიოდულად სხვა ეპოქების ძეგლებიც და ზოგადად, შეუსწავლელი სფეროები და მიმართულებებიც ყოველთვის მიტაცებდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დავაფუძნეთ ის სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც პირადად მე და ჩვენი გუნდი წარმოადგენს. ცენტრის წევრებისა და ჩემი პროექტები მიმართული იყო პალეოგარემოს კვლევასთან და ადამიანის გარემოსთან ურთიერთობის, ადაპტაციებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლისკენ. თავად მე, სხვადასხვა ინსტიტუციებში მუშაობისას (თსუ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, არქეოლოგიის კვლევის ცენტრი, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრები, 2008 წ-დან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე), ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ვახორციელებდი და კვლავაც ვეწევი სამეცნიერო სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით:

- თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან კვლევებზე რომ გვითხრათ...

- დასავლეთ საქართველოს მღვიმური ძეგლების მულტიდისციპლინური და კომპლექსური კვლევები. ძველი ქვის ხანის ღია ცის ქვეშ არსებული სადგომ-სახელოსნოების კვლევები; შუა საუკუნეების ხელოვნური, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების კვლევები; საზღვაო და წყალქვეშა მულტიდისციპლინური კვლევები. დასავლეთ საქართველოს მღვიმური ძეგლების მულტიდისციპლინური და კომპლექსური კვლევები

- გამორჩეული ძეგლები რომლებია?

- დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად კი ზემო იმერეთის ძველი ქვის ხანის ეპოქის რამდენიმე ძეგლის კვლევა გადმოვიბარე 1992 წლიდან, ამ რეგიონის მკვლევარის, დავით თუშაბრამიშვილისგან. მათგან ყველაზე მეცნიერული კუთხით და შედეგებით გამორჩეული ძეგლებია "ჯრუჭულის მღვიმე" და "ორთვალა კლდე".

"ჯრუჭულის მღვიმე"

სამხრეთ კავკასიის იმ ტერიტორიაზე, სადაც განსახილველი ძეგლები მდებარეობს (იმერეთის რეგიონი) გამოირჩევა იმით, რომ ქვედა პალეოლითის ბოლო ეტაპზე (დაახლოებით 0.7-0.5 მლნ.წწ-300 000 წწ) სავარაუდოდ, ბინადრობდნენ ჰომო ერექტუსები (ზეზვასა და მზიას "შთამომავლები")... შუა პალეოლითის ეპოქაში ეს ტერიტორია ინტენსიურად ჰქონდათ ათვისებული ნეანდეტალელებს (დაახლ. 300 000-50/48 000 წწ-მდე)... ისევე როგორც დღეს, ღრმა ხეობებით დასერილი ეს ტერიტორია მდიდარი იყო ფლორითა და ფაუნით. ტყეებს ენაცვლებოდა ღია ლანდშაფტები, რაც უფრო მეტად მრავალფეროვანს ხდიდა გარემოს, მცენარეულ საფარსა და ცოცხალ ბიომასას, ვიდრე ეს არის ხშირი ტყეებით დაფარულ ადგილებში. ძველი ქვის ხანის, კაცობრიობრიობის ისტორიის ამ ყველაზე ხანგრძლივი ეპოქის განმავლობაში ჰავის პერიოდული ცვლილება ფოთლოვანი ტყეების წიწვოვანით ჩანაცვლებას განაპირობებდა, თუმცა ეს დიდად არ მოქმედებდა მსხვილ ძუძუმწოვართა მრავალფეროვნებასა და გავრცელებაზე.

"ორთვალა კლდე"

"ჯრუჭულის მღვიმე" შუა პალეოლითური ეპოქის საეტაპო მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც თავისი კულტურით წონას მღვიმეს უკავშირდება. ძეგლი მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭულის კანიონისებური ხეობის მარცხენა ნაპირზე. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული შუა პალეოლითური ძეგლია. იგი მასალის მახედვით მსგავსია ლევატის (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის) ამავე ასაკის ძეგლებისა... ჯრუჭულის მღვიმე არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი პირველი, ხოლო ამიერკავკასიაში პირველი ძეგლი, სადაც ჯერ კიდევ 1960 წელს აღმოჩნდა ნეანდერტალელის ნაშთი კბილის სახით (დ.თუშაბრამიშვილი). აბსოლუტური დათარიღების არარსებობის გამო მღვიმის ფენები თარიღდებოდა განვითარებული და ფინალური შუა პალეოლითით (დაახ. 100 000 წ, 60 000 წწ და სხვ.).

"ორთვალა კლდეც" დავით თუშაბრამიშვილის აღმოჩენილია და მის მიერვე ისწავლებოდა 1992 წლამდე. 1993 წლიდან დღემდე საერთაშორისო კვლევები მიმდინარეობს ჩემი ხელძღვანელობით... ორთვალა კლდე საქართველოს ტერიტორიასა და უკვე ზოგადად, ევრაზიაში არსებული ძველი ქვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია, სადაც წარმოდგენილია ადამიანთა ინტენსიური ცხოვრების კვალი შუა პალეოლითის ფინალურ ეტაპზე და ზედა პალეოლითში (70/60 000 წწ-19 000 წწ.) აგრეთვე, შესაძლოა ქვედა ფენები დათარიღდეს 120-80 000 წწ-აც. აქ ისწავლება და მომავალშიც გაგრძელდება კავკასიასა და ზოგადად, მთელ სამყაროში ნეანდერტალელების გაქრობისა და თანამედროვე ადამიანების გამოჩენის საკითხებთან დაკავშირებული კვლევები, მღვიმეში მე-20 ს-ის 80-იან წწ-ში (დ.თუშაბრამიშვილი) აღმოჩნდა ნეანდერტალელის ნაშთი კბილის სახით, რაც მის მნიშვნელობას პალეოანთროპოლოგიური კუთხითაც ზრდის.

2017 წელს საქართველოში სწორედ აქ დაიწყო პირველად სედიმენტური გენომების (ფენებში შემორჩენილი გენომების) მოძიებისა და შესწავლის უახლესი მეთოდოლოგიის გამოყენება. ამ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების გენომები ერთი და იმავე ფენებში იყო შემორჩენილი 48000 წლის წინა ეპოქიდან მოყოლებული დაახლოებით 34-32 000 წლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ "ორთვალა კლდე" მთელ ევრაზიაში ჰომო საპიენსის გამოჩენის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ძეგლია ალტაიში მდებარე „დენისის მღვიმესა" (47 000 წ) და "ზლატა კუნთან“ (ჩეხეთი, 47 000 წწ.) ერთად.

  • აგრეთვე, შესაძლოა "ორთვალა კლდის" გენეტიკური კვლევების შედეგად კიდევ ერთხელ გაეცეს პასუხი მეცნიერებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვას - ხდებოდა თუ არა ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების შეჯვარება ჩვენს ტერიტორიაზე და როდის დაიწყო მათი თანაცხოვრება.

ძალიან მნიშვლეოვანია "ორთვალა კლდეში“ დადგენილი ის ფაქტი, რომ ნეანდერტალელები და შემდეგ ჰომო საპიენსები ძირითადად ერთ და იმავე სახეობაზე, კერძოდ, ჯიხვებზე ნადირობდნენ და რომ ეს გულისხმობს პალეოლითის ამ ეტაპებზე ერთგვარი სამონადირეო ტრადიციების არსებობას. ამას გარდა, "ორთვალა კლდე“ წარმოადგენს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთ ძეგლს, სადაც აღმოჩნდა 43000 წლის წინანდელი მაკაკას ნაშთი, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ეპოქის სამხრეთ კავკასიისა და ზემო იმერეთის პალეოგარემო ხელახალ, უახლესი მეთოდებით კვლევებს საჭიროებს.

- რაც შეეხება მღვიმურ ძეგლებს?

- მეცნიერული თვალსაზრისით, რეგიონში ჩემს მიერ 2006-2007 წწ-ში ნაპოვნ ძეგლთაგან უმნიშვნელოვანესია ორი მღვიმური ძეგლი - "ბონდის მღვიმე" და "უნდო კლდე“. "ბონდის მღვიმე" გამორჩეულია იმით, რომ აქაც, ისევე როგორც ორთვალა კლდეში, აგრეთვე უნდო კლდეში დადგენილია როგორ შუა, ისე ზედა პალეოლითური ფენები (ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების). უმნიშვნელოვანესია ზედა პალეოლითის ფენებში ჰომო საპიენსის ორი კბილის აღმოჩენა (2007 წ. და 2020 წ). ისინი წარმოადგენენ საქართველოში გამოვლენილ ჰომოს საპიენსის უძველეს ძვლოვანი ნაშთებს -37/35 000 წწ. ორივე კბილი აუცილებლად შესასწავლია გენეტიკურად.

"უნდო კლდე" წარმოადგენს რელურად უნიკალურ მღვიმურ სადგომს, სადაც ისევე როგორც "ორთვალა კლდეში" და "ბონდის მღვიმეში", გვაქვს შუა და ზედა პალეოლითური ფენები. "უნდო კლდე", ზემოთ ნახსენები მღვიმეებისგან განსხვავებით წარმოადგენდა მონადირეთა დროებით, პერიოდულ ბანაკს. მღვიმე რამდენიმე დარბაზისგან შედგება. მღვიმის ერთ-ერთი დარბაზის კედელზე აღმოვაჩინეთ მღვიმური ხელოვნების ნიმუში კედელზე ამოკვეთილი, პატარა კაცუნას სიმბოლური გამოსახულების სახით. 80 მ-ის სიღრმის დერეფნის ბოლოს 49 მ-ის სიღრმე ვერტიკალური კარსტული ჭა, მთავარი ჭის დიამეტრი მიწის ზედაპირზე 7 მ-ია, ხოლო, ფსკერზე 3 მ. ჭის ფსკერზე აღმოჩნდა ნანადირევი ცხოველების უამრავი დანაწევრებული ნაშთი, აგრეთვე თანამედროვე ადამიანების (2-3 ინდივიდი) ჩონჩხების ფრაგმენტები. გავაკეთეთ ერთ-ერთი მათგანის თავის ქალას რეკონსტრუქციაც. ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს მათ მიერ გადაღებულ ფილმში ხაზი აქვთ გასმული იმ ფაქტზე, რომ უნდოს მღვიმეში მსოფლიოში ყველაზე დიდ სიღრმეზე (49-50 მ) მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. ამავე მღვიმეშია დადასტურებული მძლავრი მიწისძვრის კვალიც - მღვიმის ჭერიდან ჩამოცვენილმა ლოდებმა ქვეშ მოიყოლეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს ბევრ მღვიმურ დათვს, რომლებიც პერიოდულად (მონადირეთა მიერ დროებით მიტოვების დროს) ცხოვრობდნენ ამ მღვიმეში თავიანთ ოჯახებთან ერთად. უკანასკნელ დროს მივიღეთ ზედა პალეოლითის ერთ-ერთი ფენის თარიღიც - დაახლოებით 22 000 წელი. ეს თარიღი ეხმიანება ბონდისა და ძუძუანას მღვიმეების ზოგიერთი ფენის ასაკებს.

"ჯრუჭულის მღვიმე"

ზემო იმერეთში ჩატარებული გვაქვს ბევრი სადაზვერვო სამუშაო და აღმოჩენილი გვაქვს უამრავი ღია ცის ქვეშ მდებარე ქვედა და შუა პალეოლითური პუნქტი; ჩვენმა გუნდმა ალპინისტური მეთოდების გამოყენებით შეაღწია ძალიან ბევრ ხელოვნურ გამოქვაბულში და დაადგინა, რომ გამოქვაბულების სისტემა წარმოადგენს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თანადროულ (მ-6-7 სს) ასევე სამონასტრო კომპლექსს, მორგებულს ზემო იმერეთის კლდოვან ლანდშაფტთან. 2019 წლიდან ვაწარმოებთ საზღვაო და წყალქვეშა, პრაქტიკულ და თეორიულ სამეცნიერო კვლევებს. შედეგად, გონიოს პირდაპირ, ზღვაში 2-3 კმ-ში აღმოვაჩინეთ დაძირული კუნძული, რომლის შესახებ უკვე ბევრი ვარაუდი გაგვაჩნია. მათგან ნაწილი ეხმიანება ძველბერძნულ წყაროებს, აგრეთვე, შუა საუკუნეების ევროპელ მოგზაურთა რუკებსაც. ვგეგმავთ მომავალშიც ყველა ზემოთ აღნიშნული მიმართულებით კვლევების გაგრძელებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით.