ავტორი:

"ქმარმა ორი ბავშვით მიმატოვა... მითხრა, რომ არ უნდოდა ასეთი დიაგნოზის მქონე შვილი" - ახალგაზრდა ქალი გურიიდან, რომელიც გასაჭირმა გააძლიერა და ახლა სხვებს ეხმარება

"ქმარმა ორი ბავშვით მიმატოვა... მითხრა, რომ არ უნდოდა ასეთი დიაგნოზის მქონე შვილი" - ახალგაზრდა ქალი გურიიდან, რომელიც გასაჭირმა გააძლიერა და ახლა სხვებს ეხმარება

ვეკო წულაძეს გურიის რეგიონში დღეს ბევრი ოჯახი იცნობს. წლებია ის აქტიურად იბრძვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გურიაში საჭირო სერვისები ხელმისაწვდომი იყოს და ისინი მაქსიმალურად რეალიზებულები იყვნენ. შედეგიც მიღწეულია, დღეს ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში 120 ბავშვი სხვადასხვა სერვისით უკვე სარგებლობს. ვეკო, როგორც სპეციალისტი, ამ ბავშვებს დახმარებასაც უწევს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ოდა ქეარის" ხელმძღვანელი ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრშიც მუშაობს და ძალზე აქტიური ადამიანია.

მას ყველაზე კარგად ესმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებები, რადგან თავადაც ჰყავს 10 წლის ნინიკო. ვეკოს ცხოვრებაშიც იყო დიდი იმედგაცრუება, რადგან მეუღლემ განუცხადა, რომ შვილის დიაგნოზის გამო შორდებოდა. ამბობს, ფარ-ხმალი არ დამიყრია, მოვკიდე ჩემს ორ შვილს ხელი და გურიაში, მშობლიურ სახლში დავბრუნდიო. მას მერე შვილების წინსვლისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს პროფესიაც ამიტომ შეისწავლა და სოფლებში კარდაკარ სიარულიც უწევს, რათა ადამიანებს დაეხმაროს.

ვეკო წულაძე:

- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას, 10 წლის ნინის დედა ვარ, მას დაუნის სინდრომი აქვს. როცა ჩემი ნინიკო დაიბადა, მაშინ ვფიქრობდი, რომ მარტო ვიყავი. გურიაში არანაირი სერვისი არ არსებობდა, სადაც ჩემი შვილის ჩართვას შევძლებდი. იმ პერიოდში არც ერთ დედას არ ვიცნობდი ამ დიაგნოზით, რომ ვინმეს გამოცდილება გაეზიარებინა. წლების შემდეგ კონფერენციაზე მოვხვდი და მაშინ გავიგე ბევრი რამ მხარდამჭერი სერვისების შესახებ, რომელიც საქართველოში არსებობდა, მაგრამ არც ერთი არ იყო გურიაში.

ამ შეხვედრის შემდეგ იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ ვისთან შემეძლო ამ საკითხებზე საუბარი, როგორ მებრძოლა, რომ ეს სერვისები გურიაშიც ხელმისაწვდომი გამხდარიყო. 2017 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "მაკ ჯორჯიას" პროექტში მოვხვდი, სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა გურიაში მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის დავიწყეთ მუშაობა. სამმა ადამიანმა 200-საათიანი ტრენინგი გავიარეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, ბევრი ინფორმაცია მივიღეთ და ჩვენ შეგვეძლო უკვე ცოდნის გაზიარება სხვებისთვის; უკვე თავად ვატარებდით კვლევებს, მშობლებს ვაწვდიდით სხვადასხვა ინფორმაციას.

- როგორ პოულობდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებს?

- თავიდან ოზურგეთიდან დავიწყეთ, კარდაკარის პრინციპით დაახლოებით 60 ოჯახში ვიყავით; საჭიროების მქონე ოჯახების მოძიებაში სოფლის რწმუნებულები და ექიმები გვეხმარებოდნენ. ისინი გვაწვდიდნენ ინფორმაციას. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახებში გულისწყვეტით ამბობდნენ, წლებია არავის მოუკითხავს ჩემი შვილიო. ზოგს უხაროდა, ვიღაცას რომ გაახსენდა, მაგრამ იყო ისეთი, რომლებმაც საერთოდ არ შეგვიშვა სახლში, რადგან ნდობის ფაქტორი დაბალი იყო. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გვენდნენ, გაგვიზიარეს თავიანთი პრობლემები. ბევრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსიც არ ჰქონდა და პირველ რიგში, ამ სტატუსის მიღებაში ვეხმარებოდით, მერე კი სერვისში ჩართვაში. მუშაობის პროცესში ნდობის ფაქტორი ჩნდებოდა.

2019 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა ჩამოვაყალიბეთ, 2004 წელს აუტიზმის პროგრამა ამოქმედდა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში და 2023 წელს უკვე რეაბილიტაცია-აბილიტაციის სერვისის მიმწოდებლებიც ვართ, ამ ეტაპზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მაგრამ შეგვიძლია მთლიანად გურიის რეგიონი მოვიცვათ. გვყავს სპეციალისტები: მეტყველების, თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი; გვაქვს სკრინინგპროგრამები და ვცდილობთ ყველა სერვისი, რაც თბილისშია, რეგინებშიც იყოს ხელმისაწვდომი.

შვილთან ერთად

- ამ პროგრამების დახმარებით თქვენი შვილის ცხოვრება როგორ შეიცვალა?

- ჩემი შვილი არც ერთ ამ პროგრამაში არ იყო ჩართული, რადგან როცა ასაკობრივი განვითარების პროგრამა დავიწყეთ და ამოქმედდა, ამ დროისთვის ჩემი შვილი უკვე დიდი გახლდათ და იმ ასაკობრივ ჯგუფში ვერ ჯდებოდა; მეორე პროგრამა - აუტიზმის მიზნობრივი არ იყო და ბუნებრივია, მასშიც ვერ ჩავრთავდი, მაგრამ რადგან პირადად გავიარე კურსები და ადრეული განვითარების სპეციალისტი გავხდი, დამოუკიდებლად დავიწყე შვილთან მუშაობა და ეს ძალიან დაგვეხმარა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სკოლის როლიც. ჩვენს შვილებს ჩვენნაირად არავინ იცნობს და როცა სკოლაში მშობლების აზრს ითვალისწინებენ, ეს კარგია. მე დღეს მარტო შემიძლია გავუშვა ჩემი შვილი სკოლაში და უკანაც მარტო მოდის. დიდი ფუფუნებაა, რომ ტრანსპორტი ემსახურება, მაგრამ დიდი ფუფუნებაა ისიც, რომ დამოუკიდებელი გახდა, სოციალიზაცია მნიშვნელოვანია. კომუნიკაცია ხალხთან - ეს არის ყველაზე დიდი თერაპია, რაც კი შეგვიძლია მათ მივაწოდოთ. ახლა რომ ამოქმედდა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა, მისი ბენეფიციარი იქნება ჩემი შვილიც.

- როგორც ვიცი, მეუღლეს გაშორებული ხართ და მარტო მოგიხდათ შვილების აღზრდა...

- ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ამ დიაგნოზს ორსულობის დროს სვამენ, მაგრამ მე მაშინ არაფერი ვიცოდი, რადგან არანაირი კვლევა არ ჩამიტარებია. ნინი ჩემი მეორე შვილია. რომ მცოდნოდა დაუნის სინდრომი ექნებოდა, რომც ჩატარებულიყო კვლევა ორსულობისას და ეთქვათ პრობლემის შესახებ, ჩემი ნინიკო მაინც დაიბადებოდა.

ბავშვის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ გავიგე ზუსტი დიაგნოზი, დაუნის სინდრომი რომ ჰქონდა. პედიატრმა მითხრა გამეკეთებინა გენეტიკური ანალიზი და ამ კვლევით დადასტურდა დიაგნოზი. ამბობდნენ, რომ ბავშვი ვერასდროს გაივლიდა. ეს იმდენად დიდი შოკი იყო ჩემთვის, დიდხანს ვერ ვაცნობიერებდი, რა მითხრა ექიმმა. საბედნიეროდ, ჩემთან ერთად იყვნენ ოჯახის წევრებიც. მართალია ისინი არ მაჩვენებდნენ ცრემლს, მაგრამ ჩემგან მალულად ტიროდნენ. ერთადერთი, რაც გავაცნობიერე, ის იყო, რომ ერთ ადგილას არ უნდა გავჩერებულიყავი, უნდა მებრძოლა შვილის კარგად ყოფნისთვის. მაშინ სოფლებში ასე იოლად ხელმისაწვდომი არ იყო ინტერნეტი, არც ტელეფონი მქონდა ისეთი, რომლითაც ინფორმაციას მივიღებდი. ნევროლოგმა კონსულტაციის დროს მითხრა, რომ არსებობდა მშობელთა კლუბი, სადაც შემეძლო გაწევრება, სადაც ჰყავდათ ბავშვები ამ დიაგნოზით და ასევე ინფორმაციის მოძიება... რაც შეეხება ოჯახის წევრებს, მათი მხარდაჭერა, მათგან ზრუნვა არ მაკლდა. სამწუხაროდ, 2 წლის გახლდათ ჩემი შვილი, როცა მეუღლემ დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. მითხრა, რომ მეტი აღარ შეეძლო. მაშინ მივხვდი, რომ უნდა გავძლიერებულიყავი ისევ ჩემი შვილისთვის.

არადა, ბავშვი მამის გვერდით უკეთესად გრძნობდა თავს, მაგრამ ორი წლის თავზე მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, არ უნდოდა მსგავსი სინდრომის მქონე შვილი. მეც, ამ სიტყვების მერე, მასთან ცხოვრება აღარ შემეძლო. მაშინ ჩვენ მანგლისში ვცხოვრობდით, ჩავალაგე ნივთები და შვილებთან ერთად გურიაში, ჩემს მშობლებთან წამოვედი. ემოციურად რთული გადასალახი იყო ეს მომენტი, თორემ ფინანსურად მხარში მედგა ჩემი ძმა, ჩემი ოჯახი.

როცა მეუღლე იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ძნელია. ბევრი დედა განიცდის იმედგაცრუებას და გადის რთულ გზას, როგორც მე. ასეთი დედები უფრო მოტივირებულები ვხდებით და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი შვილებისთვისაა საჭირო. მამებს ვურჩევ, არ შეეშინდეთ არანაირი დიაგნოზის. არც ერთი ადამიანი არ ვართ ერთმანეთის მსგავსი, სხვადასხვანაირები ვართ და ჩვენს შვილებს მხოლოდ ჩვენი სიყვარული აძლიერებს. უნდა გვიხაროდეს შვილების მცირედი წარმატებაც, მათი ნათქვამი თუნდაც ერთი ბგერა, მათი ტირილი და გამოხატული ემოცია. მაგალითად, ჩემმა შვილმა 2 წელი ტირილი არ იცოდა; როცა ხმით და ცრემლებით იტირა, ამან ძალიან გამახარა, რადგან ვხედავდი თავისი ემოციების გამოხატვა დაიწყო. თითოეული მშობელი, დედასთან ერთად მამებიც უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესში და ერთად იბრძოლონ. წარმოიდგინეთ, თუ დედასაც შეეშინდა და მამასაც, ამ დროს საერთოდ მარტო რჩება ბავშვი. როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და შვილებს ვაჩენთ, მათზე პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ. არა აქვს მნიშვნელობა, რა დიაგნოზის, რა მდგომარეობის და როგორი შვილი გვეყოლება...წაიკითხეთ სრულად