ავტორი:

"მე ვარ სამი ერთში: სომხური გენებით, ქართული გულითა და უკრაინული სულით" - ვინ არის თბილისელი ხელოვანი, ვისაც მაიკლ ჯექსონმა "გიჟი მეზღაპრე“ უწოდა?

"მე ვარ სამი ერთში: სომხური გენებით, ქართული გულითა და უკრაინული სულით" - ვინ არის თბილისელი ხელოვანი, ვისაც მაიკლ ჯექსონმა "გიჟი მეზღაპრე“ უწოდა?

მისი დილა 4-5 საათზე იწყება. ძალიან ცოტა სძინავს და ამას ასე ხსნის: "ადამიანი, რომელსაც 8 საათი სძინავს, გამოდის, რომ ცხოვრების ერთ მესამედს ძილში ატარებს. მე ასე არ მინდა; ცხოვრება ძალიან მიყვარს და მინდა მეტი ვნახო, მეტი გავაკეთო“. ალბათ სწორედ ამ რეჟიმისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების გამოა, რომ მას საკმაოდ მსუყე, შთამბეჭდავი შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს და არქიტექტორის, მხატვრის, დიზაინერის სამყარო ფართო და საინტერესოა.

5-25 მაისს გალერეა "იარტმა“ რუბენ ოგანესიანის (რუბო) პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. სწორედ ამ დღეებში ხელოვანთან ჩვენი ვიზიტიც მისი ნამუშევრების გარემოცვაში შედგა.

ყოველდღიურად უამრავ ესკიზს ქმნის, სამოსის, აქსესუარების, ბანქოს თუ სხვა თემაზე. ზოგს გვერდით გადადებს, სამომავლოდ მიუბრუნდება, მაგრამ თუ არ მოსწონს, ხევს და ამ დროს საოცრად დიდ შვებას განიცდის. ასეა მას შემდეგ, რაც თბილისში სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ამბობს, რომ იქ ყველა პედაგოგი უყვარდა და ისინიც ამ გრძნობით პასუხობდნენ. იმავე წლებში თავის ერთ-ერთ პედაგოგ ალექსანდრე (ალიკა) ჯაფარიძესთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა დაიწყო. მისმა არქიტექტურულმა პროექტმა პირველ წარმატებას სტუდენტობის პერიოდში მიაღწია - საცხოვრებელი სახლისა და საგასტროლო თეატრის პროექტი, იუნესკოს გრან-პრით პარიზსა და სტოკჰოლმში დაჯილდოვდა. კონკურსებში მონაწილეობა შემდეგშიც არ შეუწყვეტია და 1983 წლიდან მოყოლებული დღემდე, არქიტექტურაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მუშაობდა ზურა წერეთელთანაც - მის უშრეტ შემოქმედებით ენერგიას ახლაც ხასგასმით აღნიშნავს და ხელოვანს პატივისცემით იხსენებს.

შემდეგ რუბენ ოგანესიანი ჯერ თბილისიდან მოსკოვში გადასახლდა, შემდეგ კიევში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა "მეიდანის“ პროექტი და ასევე, ის გახლავთ ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შედეგად დაღუპულთა მემორიალის ავტორიც. ჩერნობილის კატასტროფიდან 32 წლის შემდეგ, მემორიალი ქალაქ ზაპაროჟიეს ცენტრში, 2018 წელს გაიხსნა. უკრაინაში საკუთარი არქიტექტურული ფირმა აქვს, ისევე როგორც ინდოეთში, სადაც 3 წელი გაატარა, აქტიურად იმუშავა და დელისთან ახლოს, თანამედროვე ქალაქი ტრონიკა სითი სრულად მან დააპროექტა. ევროპასა და საქართველოში არაერთი შენობა-ნაგებობისა თუ მონუმენტის ავტორი, ბოლო 6 წელია საქართველოშია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან კონტაქტს ონლაინრეჟიმში აგრძელებს. საქართველოდან გასვლა საქმიანი, მცირეხნიანი ვიზიტებით უწევს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოქმედებითი გზის სხვადასხვა პერიოდში, რუბენ ოგანესიანი თანამშრომლობდა კრისტიან დიორის სახლთან (2003-2012 წლები), კარლ ლაგერფილდთან (აქსესუარების კოლექცია 2008 წ.) მუშაობდა მაიკლ ჯექსონის ბოლო კონცერტის სასცენო ესკიზებსა და პროექტზე.

ამჯერად სხვადასხვა საქმის პარალელურად, კონცენტრირებულია ერთი ნოვატორული იდეის გარშემო, რომელიც მოდის სამყაროში უპრეცედენტო უნდა იყოს და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მას მსოფლიოს ბაზარზე წარადგენს.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ბავშვობა სვანეთის უბანში გავატარე. ეს არის ჩემი სამშობლო, ჩემი მიწა, ჩემი ჰაერი და ჩემი ხალხი. ჩემი ცხოვრების მიზანია, ჩემ შემდეგ, შთამომავლებს და ჩემს ქვეყანას რაღაც დავუტოვო. ერთხელ მამამ მითხრა, - აბა, ხატვა სცადე. ისეთი ტიპი ხარ, მგონია, გამოგივაო. მეც ავიღე რაღაც ფოტო, რომლის მიხედვითაც ფანქრით პორტრეტი გავაკეთე. გამომივიდა. ბავშვს თუ ზრდასრულს, ნებისმიერ ადამიანს რაღაც რომ გამოსდის, ის საქმე იტაცებს და იმ გზას მიჰყვება, მეც ასე დამემართა... საერთოდ, რაღაცების შექმნა ბავშვობიდან მიტაცებდა. როცა გავიზარდე, უკვე ისეთ ნივთებს ვიგონებდი და ვაკეთებდი, რომელიც იყო "ვაუ“ (იღიმის). საქმე კარგად გამომდიოდა და მხოლოდ მე არა, სხვებსაც მოსწონდათ. ერთხელ, მაშინ სკოლა უკვე დამთავრებული მქონდა, დედაჩემისთვის სპილოს ძვლისგან სამაჯური გავაკეთე. მაინტერესებდა სხვა როგორ აღიქვამდა, შეაფასებდა და საკომისიოში წავიღე. მფლობელმა შეძენის სურვილი გამოთქვა. იქვე ვიღაც კაცი იჯდა და ისიც დაინტერესდა, მომყიდეო. ნელ-ნელა ფასმა ზევით ისე აწია, როგორც აუქციონზე ხდება. ვუთხარი, რომ ნივთი დედაჩემს ეკუთვნოდა, გაყიდვას არ ვაპირებდი, მხოლოდ შესაფასებლად მქონდა მიტანილი და გამოვედი. ამის შემდეგ სპილოს ძვლისგან კიდევ გავაკეთე სხვადასხვა აქსესუარი და შემდეგ წლებში უკვე სხვადასხვა მასალისგანაც...

- როგორ დაინტერესდით მოდის სფეროთი და თქვენი აზრით, მსოფლიოს მოდა ახლა რა ეტაპზეა?

- რაღაცას რომ შევხედავ, გავიფიქრებ ხოლმე: "ეს ადამიანმა გააკეთა, მე ვერ შევძლებ? უნდა შევძლო“ და ვიწყებ ცდას, მერე გამომდის. რა ვქნა, ეს თავისით ხდება (იღიმის). ახლა აქსესუარებისა და ტანსაცმლის ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, რომლის დეტალებზე არ ვისაუბრებ. ასეთი რამ ჯერ არსად არსებობს. ამ კოლექციაზე მუშაობას ყურადღებით ვუდგები, არაფერი არ უნდა შემეშალოს, ამიტომ ყველაფერს კარგი გააზრება და დიდი დრო სჭირდება. არ მინდა ეს სიახლე მხოლოდ ჩემი სახელით გამოჩნდეს, რადგან მე არა მხოლოდ თავს, არამედ უკვე ჩემს ქვეყანას ვეკუთვნი და პრეზენტაცია საქართველოში რომც არ შედგეს, ჩვენი ქვეყნის სახელი აუცილებლად გაჟღერდება. აი, მაგალითად, ახალ კოლექციაში იქნება ქალის ჩანთა, რომელიც ვერ გეტყვით როგორია და რისგან შეიქმნება, მაგრამ პირველი რომ იქნება, ეს ნამდვილად ვიცი. საერთოდ, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მასალას და უპირატესობის თვალსაზრისით, ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. რამის გაკეთება თუ მინდა, ესკიზის შექმნის შემდეგ, პირველ ნივთს აუცილებლად ჩემი ხელით ვაკეთებ და მერე უკვე შეიძლება საქმე სხვასაც ვანდო... მოდის მიმართულებით მუშაობა 2000 წლიდან დავიწყე. უკრაინაში ოფისში დიდი ტელევიზორი მქონდა, სადაც სულ ის არხები მქონდა ჩართული, რომელიც მოდის სამყაროს ცხოვრებას აშუქებდა და ყველა ამბის საქმის კურსში ვიყავი. თუმცა, ვხედავდი, ახალი არაფერი იყო. ახლაც ასეა, სულ ერთი და იგივე მეორდება, მხოლოდ მოდელები იცვლებიან. მაშინ გადავწყვიტე ამ მიმართულებით ძალები მეცადა.

- უკრაინაში როდის იყავით?

- 2001 წელს. კიევი ძალიან მიყვარს. ძველ ქალაქში ჩემი ბინა მაქვს და დიდი ფონოთეკა. ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, მათ შორის ანსამბლ "რუსთავს“, ჰამლეტ გონაშვილს და სხვა ქართულ სიმღერებს. მათი მოსმენისას ცრემლები მდიოდა, მთელი გული აქეთ მქონდა. ახლა საქართველოში ყოფნისას, ჩემი სული უკრაინაშია და ომის გამო ტკივილს მთელი არსებით განვიცდი. უკრაინაში რომ ჩავდივარ, საქართველოზე ვფიქრობ, აქ ჩამოსულს კი პირიქით - უკრაინის ნოსტალგია მაქვს. ამიტომ ვამბობ ხოლმე, მე ვარ სამი ერთში: სომხური გენებით, ქართული გულითა და უკრაინული სულით. ახლა ვხატავ ორ, საქართველოს და უკრაინის დროშას, რომელიც ვფიქრობ საინტერესო გამოვა. მოკლედ, გამოდის ყველაფერს ვაკეთებ, რაც ხელოვნებას ეხება.

- კარგი სიტყვებია, მინდოდა მეთქვა, ასევე სამ სფეროში მოღვაწეობთ: არქიტექტურა, ფერწერა-გრაფიკა და დიზაინი-მეთქი, მაგრამ მგონი, თქვენი ინტერესის სფერო გაცილებით მრავალფეროვანია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის მსოფლიოში ცნობილი დიზაინერებიც, ვისთანაც გიმუშავიათ...

- მოდის სფეროში პირველი თანამშრომლობა კრისტიან დიორთან დავიწყე. ჩემმა აგენტმა მოდის სფეროს წარმომადგენლები გამაცნო და დიორის სახლში, გალიანოსთან რამდენიმე ნამუშევარი გამაგზავნინა. მეორე დღესვე დამირეკეს, შეხვედრაზე შევთანხმდით, მივედი და ხელშეკრულება იქვე გავაფორმეთ. პირობების დეტალების თქმა არ შემიძლია, მაგრამ ჯონ გალიანოსთან მუშაობისას ვქმნიდი სტილს, რაშიც არა მხოლოდ სამოსი შედის, არამედ ყველა დეტალი: ვარცხნილობა, მაკიაჟი, აქსესუარები, მუსიკაც კი, რომელიც ჩვენების დროს ისმის. დაახლოებით 10 წელი, გალიანო ყველა კოლექციას ჩემი ესკიზებისა და სტილის მიხედვით უშვებდა.

- კოლექციების წარმოდგენისას, თქვენი სახელი ოფიციალურად ჟღერდა თუ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, მხოლოდ ბრენდის სახელის ქვეშ მუშაობა გიწევდათ?

- არ ჟღერდა და პირობებში ერთ-ერთ პუნქტად სწორედ ეს იყო მითითებული. თითქმის ყველა დიზაინერი ასე მუშაობს. ასე მოხდა გუჩისთან, ბლუმარინთან, ფრიდასთან, პიერ კარდენთან... კარლ ლაგერფილდთან ერთი შოუსთვის აქსესუარების კოლექცია გავაკეთე. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი, ლაგერფილდმა აღნიშნა, რომ მისი შოუს აქსესუარების დიზაინერი მე ვიყავი. ის გაოცებული დარჩა, როცა თეთრი ოქროსგან ბუჩქის ფორმის ბროში გავუკეთე, ტოტების თავი ბრილიანტებით იყო გაფორმებული, ხოლო ბუჩქის ქვეშ ოქროს ჯაჭვი ეკიდა და მასზე მიბმული იყო ცოცხალი ხოჭო, რომელსაც ტანზე ოქროს ჯავშანი ეცვა. ხოჭო რომ დადიოდა, კომპოზიცია მუდმივად იცვლებოდა და შესაბამისად, აქსესუარი სულ სხვადასხვა სახეს იღებდა.

- ცოტა რთული წარმოსადგენია რასაც მიყვებით და ეს ხოჭო აქსესუარში ცხოვრობდა? ამ აქსესუარის ფოტოები არსებობს?

- ფოტო არა, მაგრამ ბროშის ესკიზები კიევში მაქვს. იმ კოლექციიდან ლაგერფილდმა ეს გულსაბნევი კიდევ 2 ცალი დაამზადებინა. შეიძინეს და როგორც ვიცი, ძალიან ძვირი ღირდა. ხოჭო სპეციალურ კოლოფში ცხოვრობდა და როცა ბროშის მფლობელი ქალბატონები სადმე მიდიოდნენ, მას გულსაბნევში გადასვამდნენ. მწერისთვის როგორ უნდა მოგევლო და რით გეკვება, სპეციალური ინსტრუქცია მოჰყვებოდა. ლაგერფილდმა ეს პირველად რომ ნახა, თქვა: ღმერთო ჩემო, მეგონა ამ სამყაროში ყველაზე გიჟი მე ვიყავი, თურმე ვიღაც ჩემზე გიჟიც ყოფილაო.

- რა საინტერესოა, ეს იდეა როგორ მოგივიდათ...

- არ ვიცი (იღიმის). აი, ეგეთი გიჟური იდეაა ის ახალი სტილიც, რომელზეც ზევით უკვე მოგახსენეთ და რომელზეც დღეს ვმუშაობ. ჩემი მეუღლე მეუბნება ხოლმე, - სულ ზიხარ და ხატავ, თავი ასწიე და სახე დამანახვეო. რა ვქნა, მე სულ ასე ვარ, დღე არ არსებობს, არ ვმუშაობდე. გარდა ამისა, კერძო სახლებისა თუ ბინების არქიტექტურულ პროექტებსაც ვაკეთებ და ობიექტებზე დავდივარ. ახლანდელი გამოფენის მოწყობაც ძლივს მოხერხდა, რისთვისაც დიდი მადლობა იკა ბოკუჩავას და გალერეის თანამშრომლებს. საქორწინო კაბების მიმართულებითაც ახალი ესკიზები მაქვს, საგამოფენოდ ვფიქრობდი 5 კაბა მაინც შემეკერინებინა და მოდელებს წარმოედგინათ, ამიტომ დროს ვწელავდი, მაგრამ ვერ მოვასწარი და ექსპოზიციის გადადებაც აღარ გამოვიდა.

- აქამდე საქართველოში თქვენი ესკიზების მიხედვით შექმნილი საქორწინო კაბები სცმიათ?

- ჯერ არა. იმედი მაქვს, ესეც გიჟობა იქნება (იღიმის). მაიკლ ჯექსონმა "გიჟი მეზღაპრე“ დამარქვა.

- ჯექსონი ძალიან მიყვარდა და სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალების გამო, მისი ბოლო შოუს, ლონდონში დაგეგმილი საიუბილეო კონცერტისას თანამშრომლობა ვეღარ შეძელით... თუმცა, ეს ამბავი უფრო ვრცლად მინდა მომიყვეთ...

- ერთხელ ჩემმა აგენტმა დამირეკა, ჯექსონს მილენიუმში საიუბილეო კონცერტები უნდა ჰქონდეს და სცენარი სჭირდებაო. ვინაიდან საკონცერტო სცენარი ცხოვრებაში არ დამიწერია და არც მისი შედგენა ვიცოდი, უარი ვუთხარი, მაგრამ ბოლოს დამითანხმა, შენი ამბავი რომ ვიცი, რაღაც ისეთს "მოარტყამ“, გაამართლებს, ამიტომ სცადეო. მეც დავჯექი და როგორც ზღაპარი, ისე დავწერე, თუ როგორ უნდა გამოსულიყო ჯექსონი სცენაზე, როგორი განათება უნდა ყოფილიყო, მისი ცნობილი ცეკვის "მთვარის სვლა“ ნაწილი სცენაზე და ნაწილიც ჰაერში უნდა შეესრულებინა და ა.შ. ჯექსონი 2 ცნობილი სცენარისტის პროგრამას რომ გაეცნო, უკითხავს, მეტი არაფერიაო? კი, მაგრამ არაპროფესიონალურად, დილეტანტურად დაწერილიო. მაინც მოუთხოვია. როცა ჩემი დაწერილი სცენარის კითხვა დაუწყიათ, პროგრამის ნახევარი ჰქონდათ გავლილი, როცა უთქვამს: ძალიან მინდა ამ გიჟ მეზღაპრეს შევხვდე, მე ამ სცენარს ვირჩევ, პროფესიონალებმა დაამუშაონ და მუშაობას შევუდგეთო. ჩემმა სცენარმა კონკურსში კი გაიმარჯვა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯექსონი 3 დღეში გარდაიცვალა. გული მწყდება იმის გამო, რაც მოუგონეს...

- ნამდვილად... თქვენს პერსონალურ გამოფენაზე მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეთ, მათ შორის არის სცენები "ვეფხისტყაოსნიდანაც“. ეს პოემა თქვენთვის რა ნიშნავს?

- "ვეფხისტყაოსანი“ ქართველების ბიბლიაა, საქართველოს სული. თუ გინდა ქართველების სამყარო გაიცნო, პოემა ერთხელ კი არ უნდა წაიკითხო, არამედ რამდენჯერმე. სამჯერ წავიკითხე და ყოველ ჯერზე ჩემთვის ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ. "ვეფხისტყაოსნის“ თემაზე 25-მდე ნამუშევარი მაქვს შექმნილი, თუმცა გამოფენაზე მხოლოდ 4 გამოვიტანე. პარალელურად, ახალი კოლექციის შექმნით ვცოცხლობ. შინ 2 ადგილი მაქვს, ერთი სადაც კომპიუტერში ვაპროექტებ, მეორე - სადაც ვხატავ. ზოგჯერ სავარძელში მეძინება, ვიღვიძებ თუ არა, მუშაობას ვაგრძელებ...

- თქვენი აზრით, საზოგადოების აღქმის თვალსაზრისით, რომელი ნამუშევრით შეხვალთ ისტორიაში?

- არ ვიცი, ამაზე არ ვფიქრობ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მინდა გავახარო ჩემი ხალხი, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ჩემი ქვეყანა.

ავტორი: ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"