ავტორი:

"მქონია შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან, სადაც მძიმე წონაში უჭირთ სპორტსმენები, მაგრამ ეს წარმოუდგენლად მეჩვენება" - ლუკა მაისურაძე ქართულ ფინალსა და ტატამს მიღმა ცხოვრებაზე

"მქონია შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან, სადაც მძიმე წონაში უჭირთ სპორტსმენები, მაგრამ ეს წარმოუდგენლად მეჩვენება" - ლუკა მაისურაძე ქართულ ფინალსა და ტატამს მიღმა ცხოვრებაზე

დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, 90 კგ წონით კატეგორიაში, პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში, ქართული ფინალი შედგა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე შეხვდა.

25 წლის ლუკა მაისურაძემ ფინალში მისი თანამემამულე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური დაამარცხა.

ფინალური შეხვედრა ერთობ დაძაბული გამოდგა და ყველაფერი დამატებით დროში, ოქროს ქულამ გადაწყვიტა, რომელიც მაისურაძემ ბრწყინვალე გდებით მოიპოვა და ვაზარით მოიგო. სხვათა შორის, ქართველი ფინალისტები მანამდე თბილისის გრანდ სლემის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება ბექაურს დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ორივემ მოახერხა შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება, რადგან მაშინ ორივემ ბრინჯაო მოიპოვა, ამჯერად უფრო მაღალი ხარისხის მედალი მოიპოვეს.

ლუკა მაისურაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს მესამე მედალი იყო კარიერაში (1 ოქრო, 2 ბრინჯაო).

შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ჯერ უნგრელი როლანდ გოზი და მერე თურქი მიჰაელ ზგანკი ბრწყინვალე სტილში, იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ლუკა ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდს გაეჯიბრა და დამატებით დროში მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელი კრისტიან პარლატი ვაზარით დაამარცხა და ფინალამდე ამგვარად მივიდა.

  • "ძმებიდან მარტო მე შემოვრჩი ძიუდოს“

- ხაშურში დავიბადე, გავიზარდე, აქვე დავამთავრე სკოლა. 7 წლის ვიყავი, როცა მამამ ძიუდოზე შემიყვანა. ჩემი ორივე უფროსი ძმა ჭიდაობდა და მათ შემხედვარეს, მეც გამიჩნდა ამის სურვილი. საერთოდაც, ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და მინდოდა, ენერგია რამეში დამეხარჯა. სახლში ისედაც სულ ვჭიდაობდი ძმებთან, მიჩვეული ვიყავი. მოხდა ისე, რომ სამი ძმიდან მხოლოდ მე შემოვრჩი ძიუდოს. მამაც ყოფილი ძიუდოისტია და, სხვათა შორის, წარმატებული, მაგრამ სპორტს ბოლომდე ვერ გაჰყვა. ვფიქრობ, მამას უნდოდა, რაც თვითონ დააკლდა, მე მაინც მიმეღწია და წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი, ამიტომ ძალიან შემიწყო ხელი. შუათანა ძმა საკმაოდ კარგი ძიუდოისტი იყო, მაგრამ ტრავმის გამო მხედველობის პრობლემა შეექნა, სათვალე დასჭირდა და ვეღარ გააგრძელა ჭიდაობა. უფროსმა ძმამ სწავლა არჩია. მოგეხსენებათ, სპორტი დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, პარალელურად, სწავლაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ მას სპორტზე დიდ დროს მაინც ვერ დაუთმობ. მერე დგები არჩევანის წინაშე - ან სპორტს უნდა გაჰყვე, ან - სწავლას. ასე შემოვჩი ძმებიდან მარტო მე ძიუდოს.

სწავლას მაინც ვახერხებდი, სტუდენტიც ვარ, თუმცა ინსტიტუტში სიარულს რეგულარულად ვერ ვახერხებ, სულ შეკრებაზე, ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე მიწევს სიარული და ამიტომ. სკოლა რომ დავამთავრე, შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩავაბარე ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე, მაგრამ უნივერსიტეტმა ხელი ვერ შემიწყო, დამპირდნენ, მოგეხმარებით, მაგრამ უნდა იაროო. თუ ვივლიდი, სპორტი უკან დამრჩებოდა, პოლიტექნიკურში გადმოვიტანე საბუთები იმავე ფაკულტეტზე, იქ ხელს მიწყობენ, შეძლებისდაგვარად.

  • სპორტული ცხოვრების გზა

- ვარჯიში ხაშურში ბეგლარ ხარშილაძესთან და ბუხუტი ბუხრიკიძესთან დავიწყე. პირველი საერთაშორისო წარმატება იყო ახალგაზრდულ შეჯიბრზე, როცა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავედი და მეორე ადგილი ავიღე, ეს იყო 2017 წელს. 2018 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი ახალგაზრდებში და მესამე ადგილი ავიღე მსოფლიო ჩემპიონატზე - ასე დავასრულე ახალგაზრდული ასაკი. მერე უკვე დიდებში გადავედი, მოვიგე საქართველო და ეროვნულ ნაკრებშიც შევაბიჯე (2019 წელს). მერე მოვიგე ანტალიის გრან-პრი და ევროპის ჩემპიონატზე, მინსკის თამაშებზე - მესამე და ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზეც მესამე (2019 წელს) ადგილი მოვიპოვე. შემდეგ იყო პანდემია, შესვენება... როცა დავბრუნდით, 23 წლიანებში მოვიგე ევროპის ჩემპიონატი, დიდების ევროპის ჩემპიონატზე ავიღე მესამე ადგილი, 2022 წელს მოვიგე ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოზე - მესამე ადგილი. ასეთია ჩემი განვლილი გზა.

  • მსოფლიო ჩემპიონობა

- დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოულოდნელი არაფერი ყოფილა. არც ის, რომ მე და ლაშა დავეჭიდებოდით. მე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვიყავი, ლაშა კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი. იყო ზღვა ემოციები... მსოფლიო ჩემპიონი პირველად გავხდი და მართლა დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემს თანაგუნდელს და ქართველს რომ შევხვდი, რა თქმა უნდა, ისეთი ემოციები ვერ მექნებოდა, როგორც სხვა ერის წარმომადგენელთან გამარჯვებისას გამოხატავ. ამასთანავე, უფრო რთულია, როცა ერთმანეთის სტილი, ჭიდაობა ვიცით, ეს დაპირისპირებას ართულებს. მსოფლიო ჩემპიონობა მთლად გამოხატვის გარეშეც ვერ იქნებოდა. ერთმანეთს მივულოცეთ, გადავეხვიეთ... აქ მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ორი ქართველი შეხვდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ნამდვილად აღსანიშნი ფაქტი იყო.

  • "ამ ყველაფრით მოწამლული ვარ“

- რაზე ვოცნებობ და... ოლიმპიადა ახლოვდება და, რა თქმა უნდა, ჩემი გეგმები ოლიმპიადას უკავშირდება. დიდი კონკურენციაა, არადა, მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია 2024-ში პარიზში წასვლა. ვნახოთ, გაირკვევა, ვინ წავა, ეს ჯერ არ ვიცით.

ჩემთვის ეს სპორტი არის პროფესია, რომელსაც შეუძლია მოგიტანოს დიდება, სახელი, შენი თავი შეაყვაროს ხალხს, შენი ჰიმნი ჟღერდეს მსოფლიოს მასშტაბით, იყო ამაყი და ბედნიერი. ამით იწამლები ადამიანი, ამას ახლავს დიდი ემოციები, შიშიც და შეჯიბრი რომ ჩაივლის, ყველაფერი დასრულდება, კიდევ გინდა თავიდან განიცადო ეს ყველაფერი, ამ ყველაფრით ხარ მოწამლული...

  • "ლაშა შავდათუაშვილი ლეგენდაა ჩემთვის“

- ჯერ ოჯახი არ შემიქმნია, კარიერაზე ვფიქრობ. განა იმიტომ, რომ ეს ხელს გიშლის, შეიძლება პირიქითაც იყოს, ხელიც შეგიწყოს კარიერის კეთებაში, მაგრამ სად მაქვს დრო? - სულ შეკრებაზე ვარ, სულ საქმეში ვარ ჩაფლული და ალბათ ჩემთვის უფრო კომფორტული იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით თუ მოხდება. შეყვარებული მყოლია, მაგრამ დავშორდით, ცოტა იმის მონდომებით, ცოტაც - ჩემი.

ერთადერთი, ნადირობისთვის თუ გამოვნახავ დროს, თორემ სხვა, გასართობად არ მცალია. მწყერზე ნადირობის სეზონი როცაა, ზაფხულში ამით ვერთობი, მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს. ბევრი მეგობარი მყავს, ძირითადად სპორტსმენები, ჩემი თანაქალაქელები და შემდგომ შეძენილებიც.

ვერ წარმომიდგენია ძიუდოს გარეშე რანაირი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მინდა, მეტი ტიტული და გამარჯვება მოვუტანო საქართველოს. ჭიდაობა ნამდვილად ჩვენი სპორტია, ლაშა შავდათუაშვილი კი ლეგენდაა ჩემთვის.

მქონია შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან, სადაც მძიმე წონაში უჭირთ სპორტსმენები, მათ შორის, სერბეთიდან (იქაც ხომ გვყავს შესანიშნავი სპორტსმენი - ზურაბ დათუნაშვილი), მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ეს წარმოუდგენლად მეჩვენება. სხვა სპორტზე არც მიფიქრია არასდროს, ძიუდოთი დავიწყე, ვაგრძელებ და დავამთავრებ ცხოვრებას.