ავტორი:

მსოფლიოში აღიარებული "კარმენი", რომელმაც დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა

მსოფლიოში აღიარებული "კარმენი", რომელმაც დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში იმართება. 12:00 საათზე წვევამდელებმა ფიცი დადეს, რაც ღონისძიების კულმინაციური მომენტია. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 10 რეგიონში გაიმართება.

რაც შეეხება საქართველოს ჰიმნს, წელს ის მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა.

ბიოგრაფიული დეტალები

ქეთევანი 1981 წლის 7 ივლისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების სკოლა და კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სასწავლებელი; შემდეგ კონსერვატორიის მაგისტრატურა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა განხრით; ქეთევანი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი; 2005 წელს კი მიენიჭა მაგისტრის წოდება საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ცნობილი მეცო-სოპრანო საქართველოში ცხოვრებისას აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ პოლიტიკაში. იყო ახალგაზრდა ეკონომისტთა მმართველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდული პარლამენტის წევრი, ქართველი ახალგაზრდების ერთ-ერთი წარმომადგენმელი ევროსაბჭოში; გადიოდა სტაჟირებას ფინანსთა სამინისტროში. ასეთივე წარმატებული იყო ქეთევან ქემოკლიძის მუსიკალური კარიერა.

მისი პირველი წარმატებული სასცენო დებიუტი, 2002 წელს, ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლისას, თბილისის ოპერაში შედგა: მადალენა, ემილია, ამადიგი. ამას მოჰყვა მისი გამოსვლები ცნობილ ქართველ დირიჟორებთნ, რეჟისორებთან და ორკესტრებთან.

მეცო სოპრანო 2006 წელს ბელვედერის საერთაშორისო კონკურსზე მოგებული ლა სკალას საოპერო თეატრის სპეციალური პრიზით უგამოცდოდ ჩაირიცხა ამავე თეატრთან არსებულ აკადემიაში. ქართველ საოპერო მომღერალს ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე ოცზე მეტი პარტია აქვს ნამღერი. იგი ითვლება როზინას პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად, რომლითაც დიდი წარმატება მოიპოვა ბერლინის დოიჩე ოპერის, პარმის სამეფო თეატრის, ტულუზის კაპიტოლის თეატრის, მონპელიეს ნაციონალური თეატრის, პალერმოს ტეატრო მასიმოს, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრის, რაინის დოიჩე ოპერისა და მარსელის მუნიციპალური ოპერის სცენებზე;

"ჩვენს პროფესიაში ისე არ არის, რომ რაღაცას მიაღწევ და გაჩერდები - ყველაფერი მუდმივ განვითარებასთანაა დაკავშირებული... როგორც ბევრი ქართველი ბავშვი, მეც პატარობიდან ვმღეოდი, ოჯახში მუსიკალური ტრადიციები გვქონდა, ოღონდ, ჩემი მშობლები მეცნიერები არიან, მოყვარული მუსიკოსები და ამ სფეროსთან პროფესიულად არ იყვნენ დაკავშირებული. პატარა ასაკიდან დავდიოდი მშობლებთან ერთად ოპერაში, დრამატულ თეატრებში და ძალიან მიტაცებდა ეს სამყარო. სულ მაინტერესებდა, ფარდის უკან რა ხდებოდა... მერე კი ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ უკვე ვიცი, ფარდის ორივე მხარეს რა ხდება,“ - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

2014 წელს წარმატებით იმღერა კარმენის პარტია ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში. ამავე წელს შედგა მისი სკანდინავიური დებიუტი იზოლიერის როლით მალმოს ოპერაში. 2015 წელს მან ვერდის „დონ კარლოსში“ პრინცესა ებოლის დაუვიწყარი სახე შექმნა ელ ესკორიალის ფესტივალზე;

ქეთევანი იტალიური თეატრების ხშირი და სასურველი სტუმარია. მონაწილეობდა ლა სკალას ტურნეში იაპონიაში. წარმატებული იყო მისი გამოსვლები ვერონის არენაზე და ვენეციის ფენიჩეს თეატრში, ნეაპოლის სან კარლოს თეატრში, ბერლიოზის „კლეოპატრას სიკვდილი“ სპოლეტოს ფესტივალზე, გუნოს „ფაუსტი“ და მასნეს „ტაისი“ ტურინის სამეფო თეატრში.

პირადი ცხოვრება

ქეთევან ქემოკლიძე მეუღლის სამსახურის გამო ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მეცო სოპრანოს ქართველი მეუღლე სანდრო შელეგია ვენის უნივერსიტეტის პროფესორია ეკონომიკის განხრით. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად სამშობლოში ხშირად ჩამოდის, მონაწილეობს საქველმოქმედო კონცერტებში.

მეუღლესთან ერთად

"ქართველებს ეს განსაკუთრებულად და გენეტიკურად გვაქვს. არ ვართ სხვა ქვეყნებში ცხოვრებას შეჩვეული და ნოსტალგიის შეგრძნება ჩვენთან ძლიერია. იმის გამო, რომ ქართული ოჯახი მაქვს - ქართველი მეუღლე და შვილი მყავს, ბავშვს ყოველდღე „ვეფხისტყაოსანს“ ვუკითხავთ, ქართული კითხვაც ისწავლა, ქართულ სიმღერებს ვასწავლი და მე ჩემი „პატარა საქართველო“ ბარსელონაში მაქვს. ალბათ ეს ყველაფერი ავსებს იმ ნოსტალგიას, რომელიც არსებობს და ამ გრძნობას რაღაცნაირად მინელებს, მიმცირებს. მაგრამ როგორც უნდა იყოს, მაინც ემიგრანტი ვარ, ადამიანი, რომელიც საქართველოდან შორსაა წასული.“ - ამბობს ambebi.ge-სთან ინტერვიუში. მეცო სოპრანოს ორი შვილი ჰყავს, უფროსი ვაჟი და გოგონა, რომელიც პანდემიის დროს შეეძინა.

ნახეთ ვიდეო - საქართველოს ჰიმნი, რომელიც ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა