ავტორი:

"ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა და ჩასძახა, - ბოლოს და ბოლოს, საქართველო თავისუფალიაო" - რას წერდა ოლივერ უორდროპი ილია ჭავჭავაძის დაზე?

"ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა და ჩასძახა, -  ბოლოს და ბოლოს, საქართველო თავისუფალიაო" - რას წერდა ოლივერ უორდროპი ილია ჭავჭავაძის დაზე?

ილია ჭავჭავაძის დამ ელისაბედ (ლიზა) ჭავჭავაძე-საგინაშვილისამ 1925 წლამდე 85 წელი იცოცხლა ბოლომდე ეზიარა საქართველოს გათავისუფლებისა და კვლავ დაპყრობის ტკბილ-მწარე ამბებს. ბრიტანელი დიპლომატი, ქართველოლოგი, მოგზაური და მთარგმნელი, 1919-1920 წლებში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ოლივერ უორდროპი 1919 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ლიზა საგინაშვილთან სტუმრობის ამბავს ჰყვება და თავის მეუღლეს, მარგრეტ კოლეტს სწერს:

ოლივერ უორდროპი

"გუშინ შუადღისას ილია ჭავჭავაძის და, ლიზა საგინაშვილი მოვინახულე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი შეხვედრა მათ შორის, რაც აქ მქონია. ის 80 წელსაა გადაცილებული, თუმცა გარეგნობისა და საუბრის მიხედვით გაცილებით ნაკლებს მისცემ. ლიზა მარტო ცხოვრობს საკმაოდ დიდ სახლში, სადაც მის ძმას ხშირად შევხვედრივარ. ის მშვიდად და მკაფიოდ ლაპარაკობს და მისი ქართულის მოსმენა ერთი სიამოვნებაა. ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა, რომელიც მთაზე, წმინდა დავითის ეკლესიასთანაა და ჩასძახა, - ბოლოს და ბოლოს, საქართველო თავისუფალიაო. დარწმუნებულია, რომ ძმამ მისი ხმა გაიგონა და ახლა ბედნიერია. ჩემს დანახვაზე ცრემლები ჩამოუგორდა, გადამეხვია და მითხრა, რომ რაც ძვირფასი ძმა გარდაეცვალა, მისი ძმა ახლა მე ვარ. მაგიდის ცენტრში, ილიას პორტრეტის სიახლოვეს, მარჯორის სურათიც შევნიშნე. ლიზა თავისი თაობის შესანიშნავი წარმომადგენელია, თაობის რომელიც უკვე წავიდა... სამწუხაროა, რომ ჩვენი ქართველი მეგობრებიდან ბევრი საკმაოდ მოხუცდა ...“

ილიას დები: ლიზა, ნინო და ნინოს ვაჟი სიმონი

სახლი, სადაც უორდროპმა ლიზა ინახულა, ნიკოლოზის ქუჩაზე (დღევანდელ ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე) მდებარეობდა. ეს სამსართულიანი შენობა ელისაბედ საგინაშვილს საკუთრებაში გარდაცვლ ქმრისგან, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე საგინაშვილისგან ერგო.მოგვიანებით კი ელისაბედ (ლიზა) საგინაშვილის თხოვნით, ეს სახლი გადაეცა მწერალთა კავშირს, სადაც ახლა გახსნილია ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი.

ლიზა მეუღლესთან და ნათესავ გოგოსთან ერთად

თავის დროზე კი გენერალი ალექსანდრე საგინაშვილის სახლის პირველ სართულზე მაქსიმე შარაძის სტამბა მუშაობდა, აქვე, მეორე სართულზე იყო მოწყობილი "ივერიის“ რედაქცია, მესამეზე კი ილია, ოლღა და ლიზა ცხოვრობდნენ.

ამბობენ, რომ რძალ-მულს მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, უფრო ლიზა ერჩოდა ოლღას თურმე, უშვილობის გამო, თუმცა შვილი მასაც არ ჰყოლია.

ლიზა საგინაშვილი გარდაიცვალა 1925 წლის 28 სექტემბერს, ყველაზე ბოლო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელ წევრთაგან.