ავტორი:

"ჩემი სამოთხე იქ არის, გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე" - ეკა მჟავანაძე განახლებულ დედულეთზე, ჩცდ-სა და მსახიობი მამის ასრულებულ ოცნებაზე

"ჩემი სამოთხე იქ არის, გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე" - ეკა მჟავანაძე განახლებულ დედულეთზე, ჩცდ-სა და მსახიობი მამის ასრულებულ ოცნებაზე

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა მჟავანაძე ჩვენში ცნობილი კასტინგ-მენეჯერია. მის გარეშე საქართველოში კინოს თითქმის არავინ იღებს. ქალბატონმა ეკამ ზუსტად იცის, მსახიობების როლზე შერჩევა. ამ საქმის უკვე 18-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მასობრივად მაინც პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ იცნობენ. ამ პროექტის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „ჩცდ“ მალე მაყურებელს დაუბრუნდება და ჩვენი საუბარიც კასტინგ-მენეჯერთან სწორედ „ჩცდ“-ს შესახებ დავიწყეთ.

ეკა მჟავანაძე:

- კი, დავიწყეთ მუშაობა, ჯერ ერთი სერიაა დაწერილი, დაახლოებით ვიცი, რა მიმართულებით წავა და განვითარდება ამბები, მაგრამ მაყურებელს და ვერც თქვენს მკითხველს ჯერ ვერაფერს ვეტყვით. ასეთი პაუზის შემდეგ საქმიანობის ხელახლა დაწყებას ცოტა სირთულეები ახლავს იმ თვალსაზრისით, რომ მსახიობები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. ამის მიუხედავად, ვცდილობთ, მაყურებლის წინაშე, ახალი და საინტერესო სახით წარვდგეთ.

- მთავარი პერსონაჟების ჩანაცვლება ხომ არ მოხდება?

- ჩვენი პრინციპი ასეთია, - მსახიობებს არ ვიმეორებთ, მუდმივად ახალ სახეს ვეძებთ. ამიტომ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ლამის ყველა მსახიობებს აქვს "დაქალებში“ ნათამაშევი. ამ მხრივ როგორც კასტინგის მენეჯერს უკვე მიჭირს ხოლმე, მსახიობის პოვნა, რადგან დიდი არჩევანი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობთ. ცოტა ხნის წინ მსახიობს გავესაუბრე, ძალიან საინტერესო პერსონაჟი შემოდის. მეტს ვერაფერს გეტყვით. დაველოდოთ.

- ალბათ "დაქალებზე" მუშაობა მოგენატრათ...

- "ჩემი ცოლის დაქალები" ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და მომავალშიც დაიკავებს. იმის მიუხედავად, ამ სერიალზე ვინ რას ამბობს და ფიქრობს, "ჩცდ“-მ მთელი ეპოქა შექმნა. სხვა სერიალებზე, არხებზე, ჯგუფებთან მიმუშავია, მაგრამ ისე, როგორც „ჩცდ“-მ ვერც ერთმა გაამართლა. ღმერთმა ქნას, კიდევ ახალ-ახალი სერიალები სხვებმაც გადაიღონ, მაგრამ ალბათ იშვიათია, ამდენი ხანი რომელიმემ იცოცხლოს. კი, „დაქალებმა“ გააკეთა ის, რაც ჯერ სხვა ნამუშევარს არ გაუკეთებია... ზოგჯერ არცთუ სასიამოვნო კომენტარები იწერება, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. ყველას თავის დამოკიდებულება აქვს... მთავარია, ვიმუშაო და ვიყო მართალი იმ მაყურებლის წინაშე, ვინც სერიალს უყურებს. რა ვუყოთ, ვიღაც უყურებს და ვიღაც - არა. კომენტარებიც და აზრიც სხვადასხვანაირია, რომელიც არასოდეს გამოილევა. იმდენი საქმე მაქვს, მაგით თავს ვერ დავიღლი.

- პროფესიით მსახიობი კასტინგ-მენეჯერადაც გარდაიქმენით. მუშაობთ არა მხოლოდ ამ სერიალზე, სხვებზეც გიმუშავიათ და ემსახურებით ასევე ზოგადად ქართულ კინოს. მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. მსახიობისთვის ასეთი მასშტაბური ხედვა, სწორი ორიენტაციის უნარი, როლებზე მსახიობების საოცარი სიზუსტით შერჩევა - თქვენი გამორჩეული უნარია. კასტინგ-მენეჯერობა თქვენთან როგორ მოვიდა?

- რაღაცები ჩემში თავისთავად ხდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს საქმე სადმე ვისწავლე. ინსტიტუტის პერიოდს თუ გავიხსენებ, რაღაც დოზით და ფორმით ამ ყველაფერთან მხოლოდ მცირედი შეხება მქონია. ჩვენი ჯგუფის პედაგოგი რეზო თავართქილაძეც იყო. რაღაც პიესას, ნაწყვეტს მომცემდა და მეტყოდა - აბა, ეკა, ჯგუფში როლებს როგორ გაანაწილებო? მიხაროდა იმ დავალების შესრულება, სიამოვნებით ვერთვებოდი. მაშინ სიტყვა კასტინგიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, ჩვენს მეტყველებაში არ იყო. ალბათ კასტინგ-მენეჯერი უფრო რეჟისორის ასისტენტს ერქვა. კინოსტუდიაში დიდი ალბომები არსებობდა, სადაც ჩაკრული იყო მსახიობების სურათები, მითითებული იყო ერთი ტელეფონის ნომერი, შეიძლება ზოგს ტელეფონიც არ ჰქონოდა და მეზობლის ტელეფონი ეწერა. სულ მიკვირს, როგორ ახერხებდნენ და როგორ იღებდნენ იმ არაჩვეულებრივ ფილმებს, როცა მობილური კავშირი არ არსებობდა. ფაქტია, რომ ძალიან კარგადაც გამოსდიოდათ.

- თეატრი ხომ არ დაზარალდა, რადგანაც მეტად აქეთ აქტიურობთ?

- თეატრშიც დიდად არასდროს მქონდა როლები, რეჟისორებისგან გათამამებული არ ვიყავი, თუმცა ყოველთვის მეცალა თეატრისთვის, ის იყო და არის ჩემთვის პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გარკვეული გულისტკენა მაქვს. თუ ვინმეს გავახსენდები, თეატრისთვის ყოველთვის მოვიცლი... თუმცა ამ ეტაპზე რეპერტუარში ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი მარჯანიშვილის თეატრი...

ისე, მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ ყოფილა დამოკიდებული. სამაგიეროდ, ბევრი საქმე კინოსთვის გავაკეთე. ამიტომ ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ყოველთვის მაქვს და ვაკეთებ საქმეს.

- თეატრის სიყვარული, როგორც ჩანს, მამისგან მოგყვებათ... მამა კუკური მჟავანაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და ამავე დროს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სახალხო თეატრის ხელმძღვანელი...

- კი, ასე იყო. სამწუხაროდ, მამა ადრე გარდაიცვალა... ის სახალხო თეატრს უძღვებოდა, იმ თეატრის აშენებდა და იმ საქმეს 32 წელი მიუძღვნა. საინტერესო სპექტაკლებს დგამდნენ, ფესტივალებზე დადიოდნენ, წარმატებულები იყვნენ. სერიოზული დასი ჰყავდა. მაგ დასის პირველი თაობის წევრია „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე. ის, რომ მარჯანიშვილის თეატრში ვარ, ესეც მამაჩემის დამსახურებაა. 8 წლის ვიყავი, ამ თეატრის სცენაზე რომ დავდექი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების რომელიღაც წლისთავი იყო, პატარა ნოველები დადგეს. ერთ-ერთი კონსტანტინე ლორთქიფანიძის „ცაბუნია“ იყო, სადაც ცაბუნიას როლი ვითამაშე... ჩემი პროფესიის არჩევისას მამა მკაცრი იყო, ცოტას ნერვიულობდა... გარდაცვალების წინ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, ფაქტობრივად, ბოლო საათები რომ ჰქონდა დარჩენილი, გვერდით დამისვა და მითხრა - ახლა გჭირდებოდი მე შენ, რომ გზაზე დამეყენებინეო... დედა ექიმი იყო, ირგვლივ ხელოვანი არავინ მყავდა და მამა ამას განიცდიდა... მგონი, ყველანაირად ვეცადე, რომ მისი ოცნებები და სურვილები შემესრულებინა. დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, ნამდვილად იამაყებდა.

- ექიმი დედის პროფესიას არ გაჰყევით...

- დედა მეორე სამშობიარო სახლში კარდიოლოგი იყო. ძლიერი ექიმი გახლდათ, დილით რომ გავიდოდა სახლიდან, ვინ იცის, როდის შემოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ექიმობანას ხშირად ვთამაშობდი, მაინც მამამ, კარგი გაგებით, „მომწამლა“. 8 წლის ასაკში მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშევი როლიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. იმის მერე მთელი მოსწავლეობის პერიოდი ფაქტობრივად, თეატრით ვცხოვრობდი. თეატრსა და კინოზე ყველა ჟურნალს ვიწერდი. დიდი ბიბლიოთეკა მქონდა, ჩართული ვიყავი, ყველაფერს თვალ-ყურს ვადევნებდი. კი, მსახიობობაზე ვოცნებობდი. ღმერთმა ქნას, ჩემს პროფესიაში კიდევ მეტის გაკეთება შევძლო.

- დედულეთში, სამეგრელოში ეზო-კარი ოჯახთან ერთად ააბაღნარეთ. ამაზე ჩვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ვისაუბრეთ კიდეც. ახლა ამ კუთხით რა ხდება?

- ბაღნარის კიდევ უფრო სრულყოფა გრძელდება. არ ვჩერდებით. ვალამაზებ და გავალამაზებ. სოფელ ხაბუმეში (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) არის ჩემი სამოთხე, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე. ფანჩატურს ვეძახით, მაგრამ რაღაც მშვენიერი მოსასვენებელი ადგილი გავაკეთეთ... სახელმწიფო პროგრამით მოცვი რომ დავრგეთ, შარშან მოსავალი უკვე ავიღეთ. წელსაც ასხია და შედეგებს ველოდებით. ახლა პირველად დავსვი კრუხი, ძალიან დამაინტერესა, ვნახოთ, აქედან რა გამოვა. მითხრეს, 18 დღეში გამოჩეკავსო... ვნახოთ. მოკლედ, ვაქტიურობთ.

- ვიცი, რომ თბილისში, ვერაზე, თბილისურ ეზოში გაიზარდეთ... როგორი იყო ის ეზო, გავაცოცხლოთ...

- ბარნოვისა და ბელინსკის (ახლა უკვე ჭოველიძე) კუთხეში, 35 ნომერში ვცხოვრობდი. რომ ვუყურებ, სულაც არ არის დიდი, მაგრამ მაშინ დიდად მეჩვენებოდა. ბავშვებს სარბენი გვქონდა, ასფალტი იყო დაგებული და სხვადასხვა თამაშებში ეს ხელს გვიწყობდა. კლასობანა მიყვარდა, კიდევ ბევრი თამაშით ვერთობოდით. ერთი გოგო ვიყავი, დანარჩენი - ბიჭები. თამაშს რომ ვიწყებდი, პირველი ვარ, დავიძახებდი, ვერავინ მასწრებდა... კარგად მახსოვს მეზობელმა თავის გაფუჭებული „კალასკიანი“ მოტოციკლი ერთ ადგილას რომ დააყენა, სადაც 2 წელი იდგა. ის მოტოციკლი ჩვენთვის იყო ცხენიც, მანქანაც და ყველაფერი. მასზე ფილმებიდან ეპიზოდებს განვასახიერებდით, კონცერტებს, სპექტაკლებს ვმართავდით. სარეცხის თოკებზე ფარდას, ან ზეწარს ვაფარებდით, ხალხს გვერდით ეზოდანაც ვეპატიჟებოდით, მოსაწვევებს ფერადი ფანქრებით ვაფორმებდით და იქვე იყოს ფასიც - 10 კაპიკი.

სამეგრელოს სახლი

სპექტაკლის მერე იმ შეგროვილი ფულით ბაქრაძის ქუჩიდან, გემრიელი მზესუმზირა მოგვქონდა. ძალიან მხიარული ეზო იყო… მეორე სართულზე ვცხოვრობდით, ხის იატაკი იყო, აივანზე, ხან ვისი ქუსლიანი ფეხსაცმლით დავაკაკუნებდი, ხან - ვისი. ძირითადად უფროსი დების და დედის. მერე ქვედა სართულიდან იყო ამოძახება, - გაიხადე, თავი აგვტკივდა. ვიცვამდი დედის სამოსსაც, გარდასახვა სულ მაინტერესებდა. სარკესთან ვიდექი ხოლმე. ერთხელ თეატრალური გრიმი მაჩუქეს და იმით ვითხაპნებოდი... ურთიერთობები მაინც სხვანაირი იყო. იყო სიცილი, წყენა, ჩხუბიც, მერე იმ საქმეების გარჩევა. იყვნენ ჩაკეტილი მეზობლებიც... დედა ექიმი რომ იყო, დასახმარებლად ხან ვინ ეძახდა, ხან ვინ. ბებიას სამზარეულო ჰქონდა ჩაბარებული და მისი მომზადებული კერძების სურნელი ეზოში ტრიალებდა... უგემრიელესი კერძების, ნამცხვრების გაკეთება იცოდა, ფანტასტიკური მეოჯახე იყო... ეზოს საინტერესო ხალხიც სტუმრობდა, მათ შორის, ქართლოს კასრაძე, საშა დადეშქელიანი. ფერადი ბავშვობა მქონდა, ასეთივე ეზო. ახლა, სიზმრებსაც რომ ვნახულობ, სულ იქ ვარ.

- ჩვენს მკითხველს, თქვენს მაყურებელს რას ეტყვით?

- მსახიობს მაყურებლისგან რა უნდა - ღიმილი, ტაში და დადებითი განწყობა. რაც შეიძლება მოვეფეროთ ერთმანეთს. გულს ნურაფერზე დავწყვეტთ და ვატკენთ... მე სხვა დროში გავიზარდე და იქიდან სხვანაირი სითბო და სიყვარული მომყვება... ყველას სიმშვიდეს და მშვიდობას ვუსურვებ.