ავტორი:

"მტერი შეტევას 5 მიმართულებით ახორციელებს" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე: უკრაინის გენშტაბის უახლესი ინფორმაცია

"მტერი შეტევას 5 მიმართულებით ახორციელებს" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე: უკრაინის გენშტაბის უახლესი ინფორმაცია

რუსულმა ძალებმა ფრონტზე უკრაინის პოზიციებზე თავდასხმის 25 მცდელობა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხუთი მიმართულებით - კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მიმდინარეობდა.

„ფრონტის კუპიანსკის სექტორზე, რუსული ძალები ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ ტაქტიკური პოზიცია მასიუტოვკას რაიონში შეტევის განხორციელებით. ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტებმა წარუმატებლად შეუტიეს უკრაინულ პოზიციებს ბელოგოროვკას მიდამოებში“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით. ავდიივკას მახლობლად, შეტევითი მოქმედებები განხორციელდა პერვომაისკის მიმართულებით, მაგრამ მოწინააღმდეგემ წარმატებას ვერ მიაღწია.

„მარინკას მიმართულებით, უკრაინელმა მებრძოლებმა მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.