ავტორი:

"თავიდან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი - ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი... დღეს ჩვენი თითო კაბა 15 000-დან 25 000 დოლარამდეა შეფასებული" - ქართველი დიზაინერების რთული გზა წარმატებისკენ

"თავიდან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი - ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი... დღეს ჩვენი თითო კაბა 15 000-დან 25 000 დოლარამდეა შეფასებული" - ქართველი დიზაინერების რთული გზა წარმატებისკენ

სვაროვსკის თვლები, ბისერები, აბრეშუმის, ხავერდის და ატლასის ქსოვილები - ეს ის მასალაა, რითაც ქართველი დიზაინერების - გიორგი ბაღათურიასა და თორნიკე ძავაშვილის ულამაზესი ნამუშევრები იქმნება. ისინი ამ ყველაფერს თურქეთში ქმნიან.

გიორგი, იგივე "იაგაში“ სტამბოლში უკვე 20 წელია ცხოვრობს და საქმიანობს. თორნიკე 5 წლის წინ შეუერთდა. თუ როგორ ქარგავენ, ქსოვენ და ბისერებით როგორ ამკობენ უძვიფასეს კაბებს, კოსტიუმებს, ამაზე თავად გვიამბობენ. მოგვიყვებიან ასევე გზაზე, რომელიც მათ სხვადასხვა დროს, თბილისიდან სტამბოლამდე გაიარეს.

გიორგი ბაღათურია:

- დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში - სოხუმელი ვარ. 12 წლის ვიყავი, აფხაზეთი რომ დავკარგეთ და ლტოლვილებად ვიქეცით. მერე მამაჩემის მხარეში - აბაშაში ვიცხოვრე. 2 წელი სოფლის სკოლაში დავდიოდი. მოგვიანებით თბილისში, ირაკლი აბაშიძის დისშვილის სახლში ვიზრდებოდი. ჩვენი ნათესავები არიან...

4-5 წლის ასაკში თოჯინებს ვქმნიდი, სპექტაკლებს ვდგამდი, ცოტა უცნაური ბავშვიც ვიყავი, ბავშვებთან არ ვთამაშობდი, ამას თოჯინების შექმნა მერჩივნა. წარმოიდგინეთ, რომ მეორეკლასელს შეკვეთებიც მქონდა. დედაჩემი ირინა იაგაშკინა აფხაზეთში ცნობილი მკერავი იყო. მისგან ბევრი რამ გადმომეცა - მე და ჩემს დებს პატარ-პატარა შესაკერებს დაგვიდებდა და ჩვენც ვმუშაობდით. ვიგონებდი პერსონაჟებს, ათასობით პერსონაჟს ვხატავდი, სახელებს ვარქმევდი, პოდიუმს ვაკეთებდი და მეზობლებს ვაჩვენებდი... ცოტა წინასწარი ხედვის უნარიც მაქვს და რომ ვიზრდებოდი, მერე ვხედავდი, რომ ის პერსონაჟები, რასაც ვხატავდი, ცხოვრებაში მართლაც მხვდებოდნენ...

ჩემი მამიდაშვილის მამამთილმა, ჟურნალისტმა კობამ (ირაკლი აბაშიძის დისშვილი) რომ ნახა ის ნამუშევრები, გაგიჟდა... ის ყველაფერი შენახული მაქვს. ახლა რომ ვუყურებ, მიკვირს, იმ თარგებს, კონსტრუქციებს როგორ ვიგონებდი. ჩემი პირველი უფულო კლიენტი სოხუმში ჩვენი მეზობელი იყო.

- საკუთარი ნიჭი უკვე ზრდასრულმა სად და როგორ განავითარეთ?

- ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი პედაგოგი დავით ურუშაძე იყო, საქმის უბადლო მცოდნე და ბევრი ცნობილი ქართველი მხატვრის პედაგოგი. რომ მასწავლიდა, მაშინ 90 წლამდე იქნებოდა. ჩვენ მისი ბოლო ნაკადი ვიყავით. ბატონ დავითს შევუყვარდი, მეც განსაკუთრებულად მიყვარდა...

პროფესორმა ომარ ჩუბინიძემ კი მირჩია, სამხატვრო აკადემიაში არა დიზაინის, ფერწერის მიმართულებით წავსულიყავი. აკადემიაში პირველივე წელს, უფასოზე მოხვდი. 3 ადგილი იყო და 60 აბიტურიენტი აბარებდა. მოკლედ, ჩემი მონაცემები შენიშნეს და არ დავიკარგე. აკადემიაში კინომხატვარ-რეჟისორის ფაკულტეტი წარმატებით დავამთავრე. მერე კინო და თეატრის მხატვრობამ გამიტაცა. თავიდანვე მიზიდავდა ფილმები, კოსტიუმები, ინტერიერი, ექსტერიერი. მოკლედ, ფილმი "ჩემი“ იყო და სხვადასხვა რეჟისორთან 12 ქართულ ფილმზე ვიმუშავე, მათ შორის: მერაბ კოკოჩაშვილთან, გიორგი ხარებავასთან...

საინტერესო ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი და ამ კუთხითაც დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ვიყავი ასევე ტელევიზიაში, კონცერტებს ვატარებდი, აქტიურად ვცხოვრობდი...

მერე სტამბოლში დასასვენებლად წასვლა გადავწყვიტე. ოჯახი მარტოს არ გამიშვებდა და მოვიტყუე, იტალიაში მეგობრებთან ერთად გადაღებებზე მივდივარ-მეთქი. სადაც არ ვართ, ყველგან კარგი გვგონია... თურქეთში რა სიტუაციასაც დავეჯახე, იმას მანამდე ვერც წარმოვიდგენდი... თავდაპირველად ურთულეს მდგომარეობაში ჩავვარდი - ვიღაცები გავიცანი, მაგრამ არასწორ ადგილას და არასწორ ხალხში მოვხვდი... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი. თუმცა ოჯახს ვერ დავძაბავდი და იქიდან შევატყობინე, კარგად ვარ-მეთქი... თურქული ენა არ ვიცოდი და იმ რთული სიტუაციიდან ისევ მხატვრობით გამოვძვერი... ძალიან ბევრი რთული დღე გამოვიარე. ერთხელ დასაძინებელი რომ არ მქონდა, სასტუმროს სახურავზე ავედი, სადაც ჩამძინებია და დილით მოლას ხმამ გამაღვიძა...

- ცუდია, როცა ადამიანი კარიერის დასაწყისში ასეთ სირთულეებს შეხვდება... თუმცა კარგი ისაა, როცა სიტუაციას არ ეპუება...

- კი... უპასპორტოდ დამტოვეს. პასპორტი ვერ გამოვისყიდე, სადაც ვიმუშავე, ყველამ გადამაგდო, ფული არავინ გადამიხადა. მერე მეგობრის დედამ მიშველა, როგორღაც საქართველოში გადმომაპარა. აქ დავისვენე, მოვძლიერდი, ავიღე ახალი პასპორტი და ისევ სტამბოლში ჩამოვედი. მეგობართან ერთად ბინა ვიქირავე და ქალაქში მოძრაობა დავიწყე, ამასთანავე, თურქულიც ვისწავლე... ვერავინ იტყვის, რომ აქ ვინმე დამეხმარა, საკუთარი თავი მარტომ "გავქაჩე“. ყველაფერში ხატვა მეხმარებოდა. ასეა, ხელოვანს ენა არ სჭირდება.

როგორც იცით, აქ დიდი სავაჭრო ცენტრებია, სადაც ინტენსიურად დავდიოდი, - ვამბობდი, რომ ვხატავ, დიზაინერი ვარ. ერთხელაც, რაღაც უმნიშვნელო ფირმამ შემამჩნია. ალათინი კარგი კაცი აღმოჩნდა. დღემდე პატივს ვცემ მას და მის ძმას, ისმაილს. სამუშაოდ ამიყვანეს. მერე ალათინმა კონსტრუქტორთან გამიშვა, იქაც კარგი ცოლ-ქმარი დამხვდა. ერთ დღეს იმ კაცმა მითხრა, - ჩემი ძმა მამაკაცების დიდ ფირმაში მუშაობს, იქნებ შენი ნამუშევრები მოეწონოთ, ვაჩვენოთო. მოეწონათ, იყიდეს და მიმიწვიეს. შემდეგ მეორე ფირმამ მიმიწვია, ხელფასიც მომემატა. სახელიც გავითქვი, კიდევ ერთი ფირმაც გამოჩნდა. წარმატება ნელ-ნელა მოვიდა და მეტად განვვითარდი.

შემდეგ მუშაობა დავიწყე ერთ ცნობილ ფესტივალზე, რომელიც ყოველ ჯერზე მსოფლიო ბაზრად გადაიქცევა ხოლმე. ანდრიანა ლიმა, ირინა შეიკი, მირანდა ქეი და ა.შ - ეს ადამიანები მონაწილეობენ, ფესტივალზე 40 მილიონი იხარჯება...

ანდრიანა ლიმა "ვიქტორია სეკრეტის“ უკვე ცნობილი მოდელი იყო, ჩემი კაბა აარჩია და მოითხოვა, ვინ შექმნა, ავტორი მანახეთო. თურქებმა იეჭვიანეს და არ გამაცნეს, ლიმამდე არ მიმიყვანეს, გული დამწყდა. ჩემი 4 კაბა იყო ბანერზე წარმოდგენილი.

- როგორც მითხარით, ახლა ერთ-ერთ დიდ ფირმაში მუშაობთ...

- კი. თანდათან გემოვნებაც მეცვლებოდა, ძალიან დიდ ფირმაში "კიკი-რიკიში“ გადავედი (მსოფლიო მარკაა). კოსტიუმები იქმნება საკონცერტო პროექტებისთვის, შოუ პროგრამებისთვის, დისკოკლუბებისთვის... ახლა ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ. ფირმაში ერთადერთი დიზაინერი ვარ. მერე ჩემი მარკა "იაგაშ“ გავაკეთე.

- დედის პატივსაცემად?

- დიახ, ეს სახელი დედაჩემის გვარი მიხედვით გაჩნდა, რომელიც ყველამ აიტაცა, იქამდე, რომ თურქებმა დაპატენტებული მარკა მომპარეს, მაგრამ დავა მოვიგე. მე ავხსენი, რას ნიშნავდა "იაგაში“ და მათ - ვერა... კარიერას ნულიდან რომ იწყებ იქ, სადაც გვერდით არავინ გიდგას და შენი არავის ესმის, ურთულესია. სულ რაღაცის დამტკიცება მიწევდა. აზიური ქვეყანა ზოგადად, უცხოს რთულად იღებს. რამდენი სპონსორი გამოჩნდა და ყველასთან მისასვლელი გზა დამიბლოკეს.

- დღეს ქართველ ნიჭიერ ბიჭთან, თორნიკე ძავაშვილთან ერთად მუშაობთ. როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

- თორნიკე უნიჭიერესია. დიზაინერობის გარდა, მომღერალია, საქართველოში 2017 წელს "მისტერ ვალენტინი“ იყო. საკუთარ თავზე ჯობს, თვითონ ისაუბროს.

თორნიკე ძავაშვილი:

- გაჭირვებულ ოჯახში გავიზარდე, მშობლებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მამა მუსიკოსი იყო, "ქსოვრელებში უკრავდა“, სასმელი უყვარდა, მერე მშობლები ერთმანეთს გასცილდნენ. მამას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მაგრამ მძიმე სენის მქონეს ჩვენ ვუვლიდით. ბოლოს კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... დედა მეორედ დაოჯახდა, მე და ჩემი და მაშინ პატარები ვიყავით. მცირე ასაკიდან მოგვიწია შრომა, - სკოლის პარალელურად ჯერ მშენებლობაზე ვმუშაობდი, მერე - მიმტანად. მძიმე ოპერაცია მეც გამიკეთეს, სიმსივნური წანაზარდი მქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამის გამო რაღაც პერიოდში სახლში ვიყავი. დედაც ხელოვანია, ქსოვს, ქარგავს, ძალიან ნიჭიერია. შეკვეთებს ქსოვდა და უცხოეთში აგზავნიდა. დედის ამ შრომას რომ ვუყურებდი, მომწონდა, ამასთანავე, ვხატავდი კიდეც. სახლში უაზროდ ხომ არ ვიქნებოდი და გადაგვწყვიტე, ფაქტობრივად, მწოლიარე დედას დავხმარებოდი. ვთხოვე, ქსოვა მასწავლე-მეთქი... მასწავლა.

დღეს უკვე ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ყოველდღე და ყოველწუთიერად, როგორც დიზაინერი, პროფესიულად ვიზრდები.

უმაღლესი განათლების მიღება სულ მინდოდა და ამის საშუალება არ მქონდა. თურქეთში გიორგის დახმარებით ეს შევძელი, 4 წელი ვისწავლე და დიზაინერის დიპლომი ავიღე...

ვიდრე თბილისში ვიყავი, ჩემი პროფესიული ონლაინ გვერდი გავაკეთე და თან მაგ პერიოდში "მისტერ ვალენტინიც“ გავხდი. ამის შემდეგ წამოვიდა ჩემი დაცინვა, -კაცი მქსოველი? ქალაჩუნა - იყო ასეთი ფრაზები. მწყინდა, მაგრამ გული საქმეზე რომ არ ამცრუებოდა, ყურადღებას არ ვაქცევდი. თუმცა ბევრიც მაქებდა. ჩემი საქმე წარმატებით წავიდა, ევროპიდან, ამერიკიდან ნამუშევრებს ითხოვდნენ. მე და დედა ძირითადად დაკვეთით ვმუშაობდით, სულ ხელით.

გიორგი ბაღათურია:

- ერთხელაც მეგობართან ვიყავი და სოციალურ ქსელში მოულოდნელად ერთი კარგი ბიჭი აღმოვაჩინე, რომელიც თან ქსოვდა. აქ ბევრს - თურქსაც და ქართველსაც დავხმარებივარ. ამ ბიჭის ნამუშევრები ძალიან მომეწონა და მომინდა, მისთვის დახმარების ხელი გამეწოდებინა. დავუკავშირდი, დაველაპარაკე. მერე დედამისიც გავიცანი. ინტერნეტით ვსაუბრობდით და ერთხელაც დედამისს ვუთხარი, თორნიკე ჩემთან, სტამბოლში გამოეშვა. თორნიკე ცოტა დაფრთხა, რადგან ახლოს არ მიცნობდა... საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არ ვიტყუებოდი...

ვიდრე ჩამოვიდოდა, ჩემს უფროსს ვუთხარი, დამხმარე მჭირდება და ასეთი ბიჭი აღმოვაჩინე-მეთქი...

თორნიკეს ამ სიახლესთან და დიდ შრომასთან შეჯახება ცოტა გაუჭირდა, მაგრამ შეეგუა, დაძლია და ერთ დღესაც ყაისნაღით სასწაული ჩანთა შექმნა. მერე შევთავაზე, საერთო მარკა გავაკეთოთ-მეთქი და ასე დავწერე TG.Yagash (თორნიკე და გიორგი) ანუ Dolce & gabbana-ს მსგავსად. ისე, აქ ყველა ასე გვეძახის. დღესდღეობით "კიკი-რიკის“ მთავარი დიზაინერი და დირექტორი ვარ.

თორნიკე ძავაშვილი:

- უცხო გარემო, საპასუხისმგებლო საქმე, უდიდესი კომპანია და თავიდან ამ ყველაფერთან შეგუება გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერს ნელ-ნელა ალღო ავუღე... ბევრი კომპლექსი მქონდა და გიორგი ამ კომპლექსების მოხსნაში დამეხმარა.

- მოკლედ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით...

- გიორგისგან განსხვავებით, აქ ჩამოსვლისთანავე გამიმართლა. მეორე დღეს მუშაობა დავიწყე, სახლით უზრუნველყოფილი ვარ. გიორგის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში იღბალი იყო. გიორგის გაცნობისა და აქ მუშაობის დაწყების მერე, კიდევ უფრო მივხვდი, რომ ეს საქმე მართლა ჩემია. ცხოვრებაში ეს უნდა მეკეთებინა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, ხელოვნებაში ვყოფილიყავი.

გიორგი ბაღათურია:

- ისეთ ნამუშევრებს ვქმნით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის გემოვნებას უნდა მოერგოს. სამსახურიდან დაბრუნებულები სახლშიც გვიანობამდე ვმუშაობთ.

მნიშვნელოვანია, ჩემი მარკის განვითარება... "კიკი-რიკისთან“ ერთად მინდა, გამოფენის მოწყობა. ლონდონში ჩემს ჩვენებას ელოდებიან. ამისთვის ვემზადებით. თითო კაბა 15.000-დან 25.000 დოლარამდეა შეფასებული. სულ სვაროვსკებში, კრისტალებშია ნაქარგი და ნაქსოვი. საერთოდ, მხატვრული მხარე მაინტერესებს და ასეთ კაბებს ვქმნით. ფაქტია, რომ ბევრს ვმუშაობთ, არ ვჩერდებით და უკეთესი შედეგის მოლოდინიც გვაქვს...