ავტორი:

"სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, მასთან კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა" - რას იხსენებს ნინო სურგულაძე სოფიკო ჭიაურელზე?

"სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, მასთან კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა" -  რას იხსენებს ნინო სურგულაძე სოფიკო ჭიაურელზე?

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში მსახიობ სოფიკო ჭიაურელთან დაკავშირებით ისტორიას აქვეყნებს. სურგულაძე წერს, როგორ გაიცნო 13 წლის ასაკში უდიდესი მსახიობი და როგორ გულშემატკივრობდა მის გზას, რომელიც მუსიკალურ სფეროში აირჩია.

ნინო სურგულაძე:

"ჩემთვის პირადად და უამრავი სხვა ადამიანისთვის საყვარელი ადამიანი და შემოქმედი, რომელიც ასე დააკლდა საქართველოს… სცენას… კინოს და უბრალოდ, ქალაქს. დიდი სოფიკო ჭიაურელი.

დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. მალევე სახლში მიმიწვიეს მან და კოტემ, სტუმრად ფიქრის გორაზე… სულ მგულშემატკივრობდა და უხაროდა შემდგომ ჩემი გადაწყვეტილება, რომ კლასიკას დავუკავშირე შემოქმედება. მახსოვს, სტუმრად სახლში ლეგენდარული მეცო ჰყავდა და დამირეკა ნინო, მოდიო, შენ უნდა იყო ამ საღამოზე ჩემთან და კლასიკა უნდა იმღეროო… სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, მასთან კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა... როგორ გავბედო და მის წინაშე როგორ ვიმღერო - მეთქი, - ვუთხარი… მაინც დამარწმუნა, ღიმილით და სითბოთი, ამავდროულად, ისე მესაუბრა, რომ თავდაჯერებაც შემმატა… მივედი და ვიმღერე კიდეც.

ამ შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩემს მომავალზეც, რომელზეც ბევრად უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი… რადგან მისმა სტუმარმა შემაქო და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო…

მადლობა ამ დიდი სიყვარულისთვის, უანგარო ურთიერთობისთვის, ნიჭიერებისთვის, ადამიანობისთვის, უბრალოებისთვის და ამავდროულად სიდიდისთვის ამ საოცარ ქალბატონს, რომელიც სამუდამოდ დარჩა და ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩემს და კიდევ ბევრი ადამიანის გულში. სოფიკო ჭიაურელი... განუმეორებელი და ნამდვილი ბრილიანტი“, - წერს ნინო სურგულაძე.