"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Rai 3-თან განაცხადა, რომ მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის თხოვნა გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა.
"ჩემ გარდა ვის სჯეროდა, რომ ფავორიტები ვიყავით? როდესაც გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, ივნისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მკითხეს, რას ვაპირებდი. ვუპასუხე, რომ ჩემპიონატის მოგება შემიძლია. რეაქცია განგაშის მაგვარი იყო და სპალეტიც შეშფოთებული გახლდათ, ვინაიდან არ იცოდა, უკვე ვინ გვყავდა შეძენილი. ის ამ ბიჭების შესანიშნავი დამრიგებელი იყო. ლუჩანო თავისუფალი ადამიანია. კინოში გატარებული 50 წლის შემდეგ, როდესაც ვინმე მოვა და გეტყვის, რომ ყველაფერი შესაძლებელი გააკეთა, თავისი ცხოვრების ციკლის ნაწილი დაასრულა და შემოქმედებით შვებულებას საჭიროებს, უარს ვერ ეტყვი. გულუხვი უნდა იყო და მე ასეთი ვარ. მას მადლობას ვუხდი..." - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ოსიმენის ნიღაბი მარკეტინგის თვალსაზრისით დიდი მიღწევაა.
"ყველა ბავშვს სურს ჰქონდეს. ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძნელია? მე უბრალოდ "კვარას" ვეძახი (იღიმის). თავიდან ჩემი ოჯახი "ნაპოლის" შეძენას არ მირჩევდა. ბავშვობაში კალათბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ჩემი საყვარელი გუნდი მუდამ "ნაპოლი" იყო. როდესაც ლოს-ანჯელესში ვიყავი, მუდამ ვფიქრობდი, რომ გართობის მხრივ კინო და ფეხბურთი ცხოვრებაში უმთავრესია", - ამბობს ლაურენტისი, რომლის თარგმანსაც sportall.ge ავრცელებს.
Il Mattino წერს, რომ დიდი ალბათობით, "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, ესპანელი ლუის ენრიკე გახდება.
თუმცა ასევე სახელდება ანტონიო კონტეს, ჯან პიერო გასპერინის და იურგენ კლოპის კანდიდატურებიც.
წაიკითხეთ ასევე: