ავტორი:

რუსული ძალების მიერ კიევზე მასიურ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

რუსული ძალების მიერ კიევზე მასიურ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

უკრაინის რამდენიმე ოლქში, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირის, ჩერკასისა და კიროვოგრადის ოლქებში, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილების შესახებ იუწყება. მათი ცნობით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ კიევის რამდენიმე რაიონში აფეთქებების ხმები ისმოდა. გოლოშეევსკის რაიონში, სადაც მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, შენობიდან 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებული მოხუცი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ორ დაშავებულს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქზე მასიური თავდასხმა განხორციელდა. საჰაერო შეტევა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.