ავტორი:

"გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას - თქვენ გენაცვალეთ, აბა, წარმატებები" - ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს

"გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას - თქვენ გენაცვალეთ, აბა, წარმატებები" - ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს

შეგნებულად, არგუმენტირებულად მხარს ვუჭერთ რეგლამენტში ცვლილებების პროექტს და ახალ-ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს ველით - თქვენ გენაცვალეთ, აბა წარმატებები! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგა რომან გოცირიძეს მისი ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვისას.

ზარქუამ გოცირიძეს “ტყვეობიდან დახსნა“ მიულოცა.

“ბატონო რომან, გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით: გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“. ბატონო რომან, იქ სიმართლის თქმის საშუალება არ გქონდათ. ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვიკამათია. ახლა უმრავლესობის გვერდით დგომით თქვენც და სხვებსაც, ვინც იქ ტყვეობაში არიან, შესაძლებლობა მოგეცათ გამოხვიდეთ და თამამად და ობიექტურად ილაპარაკოთ - თეთრზე თეთრი თქვათ, შავზე - შავი და არ ჰქონდეთ ჩემი ხაბეს და კეზერას რიდი სიმართლე თვქვათ თუ არა!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ რომან გოცირიძის მისამართით.

91-ხმით ერთხმად - პარლამენტმა პირველი მოსმენით ოპოზიციონერი დეპუტატების რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა დატოვეს.

ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება და მას მმართველი გუნდი მხარს უჭერს.