ავტორი:

კაცობრიობის ისტორიაში პირველი ინტიმური კოცნა იმაზე ადრე ყოფილა, ვიდრე ვიცოდით - რას ჰყვებიან უძველესი მანუსკრიპტები და შეუწყო თუ არა ხელი ტუჩებში კოცნამ ეპიდემიებს?

კაცობრიობის ისტორიაში პირველი ინტიმური კოცნა იმაზე ადრე ყოფილა, ვიდრე ვიცოდით -  რას ჰყვებიან უძველესი მანუსკრიპტები და შეუწყო თუ არა ხელი ტუჩებში კოცნამ ეპიდემიებს?

"ჩემი ზედა ტუჩი სველდება, ქვედა ტუჩი კი მიკანკალებს! მე მას ჩავეხუტები, ვაკოცებ", - ლურსმული დამწერლობის ეს სუნთქვაშემკვრელი სტრიქონები, რომლებიც ამოტვიფრულია თიხის ფირფიტაზე, დაახლოებით 4000 წლის წინანდელია, თუმცა არქეოლოგიისა და დნმ-ის მინიშნებები ვარაუდობენ, რომ ადამიანები ერთმანეთს გაცილებით დიდი ხნით ადრე კოცნიდნენ, ვიდრე ამის შესახებ წერილობითი წყაროები გვიყვებიან.

დიდი ხნის განმავლობაში, კოცნის "სამშობლოდ“ ინდოეთი მიიჩნეოდა. მრავალი ნაშრომი მიუთითებდა, რომ ინტიმურ ამბორს დასაბამი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 326 წელს დაედო.

თუმცა, ახალი კვლევების თანახმად, ადამიანებმა ტუჩებში კოცნა ჯერ კიდევ 4500 წლის წინ დაიწყეს - ანუ დაახლოებით 1000 წლით ადრე, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ასევე ცნობილი ხდება, რომ ეს ტრადიცია სათავეს ახლო აღმოსავლეთიდან იღებს და არა სამხრეთ აზიიდან, როგორც დღემდე მიიჩნევდნენ.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირველად ეს პრაქტიკა მდინარეების, ტიგროსისა და ევრფრატს შორის, მესოპოტამიის ტერიტორიებზე გაჩნდა, რომელიც ამჟამად ერაყისა და სირიის ნაწილს წარმოადგენს.

ადრე მიიჩნეოდა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ტუჩებში პირველად ინდოეთში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელს აკოცეს.

უახლესი ვერსია კი ჟურნალში Science გამოქვეყნდა. ამისკენ კი მეცნიერებს უძველესმა მესოპოტამიურმა მანუსკრიპტებმა უბიძგა, რომლებიც ადრე სათანადოდ შეფასებული არ იყო.

ინტიმური კოცნის ხსენება პირველად გვხვდება ძველ ტექსტებში, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წლით თარიღდება.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ტროელს პანკ არბოლის თქმით, ეს ტექსტები დაიწერა თიხის ფირფიტებზე, რომელთაგან ათასობით ერთეული დღემდეა შემორჩენილი.

ნათესაური ან მეგობრული კოცნის ტრადიცია ლოყაზე, შუბლზე ან ხელზე გაცილებით ადრე არსებობდა და ბევრ კულტურაში იყო გავრცელებული. მაგრამ მხოლოდ მესოპოტამიურ ტექსტებშია ნათქვამი, რომ ასეთ კოცნას ძირითადად დაქორწინებული წყვილები ასრულებდნენ, მაგრამ ისინი ასევე დაშვებული იყო როგორც შეყვარებული თავისუფალი კაცის ზრახვების დემონსტრირება.

პროფესორ არბელის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ინტიმური კოცნა სწორედ მესოპოტამიაში გაჩნდა. ის სრულიად დასაშვებად მიიჩნევს, რომ ის საიდანმე "გადაიღეს“. უბრალოდ, სწორედ აღნიშნული რეგიონის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღწერეს ის პირველად.

"თიხის ეს ფილები, რომლებიც მრავლად არის შემორჩენილი, აშკარა მაგალითია იმისა, რომ ძველ დროში კოცნა რომანტიული სიახლოვის ნაწილად ითვლებოდა. თუმცა, მაშინვე არსებობდა კოცნა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი“,- ამბობს ის.

  • იყო თუ არა კოცნა ბიძგი ეპიდემიისკენ?

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ინტიმური კოცნის ტრადიციამ შესაძლოა ჰერპესის ვირუსის ან დიფტერიის გავრცელებას შეუწყო ხელი. რადგან პირველი მასობრივი შემთხვევები ორივე დაავადებით სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ადამიანებმა ტუჩებში კოცნა ისწავლეს.

"სწორედ მესოპოტამიიდან არის სამედიცინო ტექსტების დიდი რაოდენობა, რომელიც ახსენებს დაავადებას სიმპტომებით, რომლებიც 1-ლი ტიპის ვირუსის მსგავსია“, - ამბობს დოქტორი არბოლი, რომელიც უძველეს მედიცინაშია სპეციალიზირებული.

მისი კოლეგის, დოქტორ სოფი ლენდ რასმუსენის თქმით, ახალი აღმოჩენები ძველ სამყაროში ინტიმური ურთიერთობების პრაქტიკის შესახებ არა მხოლოდ ხელს უწყობს ადრეული პერიოდის ისტორიული მოვლენებისა და სოციალური კავშირების უკეთ წარმოჩენას. ისინი ასევე გვაწვდიან ინფორმაციას პათოგენების გადაცემის ადრეულ მექანიზმებზე, რაც თავის მხრივ უძველესი დნმ-ის შესწავლაში ეხმარებათ. წყარო

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა