ავტორი:

22 წლის ბიჭი, რომელიც წყალზე "დადის" - "მჯერა, რომ ჩემი მოტოთი ყველგან შევძლებ გავლას" (ვიდეო)

22 წლის ბიჭი, რომელიც წყალზე "დადის" - "მჯერა, რომ ჩემი მოტოთი ყველგან შევძლებ გავლას" (ვიდეო)

22 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე გაიარა. მან "თბილისის ზღვა“ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი 80 კილომეტრ საათი სიჩქარით გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომელთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს.

"თბილისის ზღვის“ 2-კილომეტრამდე მონაკვეთი 45 მეტრ სიღრმე წყალზე 2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა საქართველოში პირველივე ცდაზე დაფარა და შემდეგ გამოწვევად "შავი ზღვის“ ტალღების დაძლევა და წყალზე მეტი მანძილის გავლა დაისახა მიზნად.

"რედბულის“ PP ათლეტი საქართველოში (Red Bull Product Placement Athlete) 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია. "ვისოლი“ მისი ექსტრემალური თავგადასავლების მხარდამჭერია.

ambebi.ge გიორგი გახელაძეს ესაუბრა:

- ბავშვობიდან მიზიდავდა ექსტრემალური მიმართულებები. მამაც ოფროუდით იყო დაინტერესებული, შეჯიბრებებში მონაწილეობდა. თუმცა ამ ყველაფერს უფრო, როგორც გართობას, ისე უყურებდა. მეც მაინტერესებდა ოფროუდი და ხანდახან შეჯიბრებებზე მივყვებოდი. მერე სურვილი გამიჩნდა, რამე მსგავსი ტრანსპორტი მყოლოდა. ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ეშინოდათ, თან ასაკითაც პატარა ვიყავი. მოტოციკლის განსაკუთრებული შიში ჰქონდათ... 14 წლის ასაკში მამამ პირველი მოტოციკლი მაჩუქა, 2 წელი იმ ტრანსპორტს გასართობად ვუყურებდი, რადგან მაინცდამაინც გამართული არ იყო. მასზე წვალებით ვმოძრაობდი, თუმცა იმ პერიოდში მაინც ვერთობოდი - თავისუფალ დროს გავდიოდი და დავსეირნობდი. ჩემი მიზანი იყო, ენერგია და ადრენალინი ტრეკზე დამეხარჯა და არა ქალაქში. ჩემი მოტოზე დაჯდომის მთავარი მიზეზიც ეს იყო.

- ის მოტო როდის შეცვალეთ?

- 16 წლის ასაკში მამამ უკვე დიდი მოტოციკლი მიყიდა და მეც მეტად გავაქტიურდი. როცა მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად გამომდიოდა, ვარჯიშს მოვუმატე და ამ საქმეს უკეთესად დავეუფლე. 2018 წელს პირველი სპონსორი გამომიჩნდა. კომპანია "ქარუ“, რომელმაც რამდენიმე შეჯიბრი დამიფინანსა. იმ შეჯიბრებებმა დიდი გამოცდილება და პრაქტიკა მომცა. შემდეგ საქართველოში პირველი ადგილი დავიკავე და მას მერე საქართველოში შეჯიბრი არ წამიგია.

- როგორც გავიგე, მალე მწვრთნელობა სრულიად უცხო ადამიანმა შემოგთავაზათ.

- კი, ერთი პიროვნება გამოჩნდა, მწვრთნელობა უფასოდ შემომთავაზა. მიხვდა, რომ მწვრთნელი არ მყავდა და ჩემით ვემზადებოდი. მან გადაწყვიტა, ფიტნესის კუთხით მოვემზადებინე... ჩემი მონდომება, მოტივაცია და პოტენციალი რომ დაინახა, ჩემი მენეჯერიც გახდა. სხვადასხვა სპონსორის მოძიებაში მეხმარებოდა. ამან გზები გამიხსნა საზღვარგარეთ. პირველი გასვლა სომხეთში იყო, სადაც სომხეთის ჩემპიონატი მოვიგე. შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატი დიდი უპირატესობით და დიდი სხვაობით მოვიგე. შემდეგი შეჯიბრი უკრაინაში მიწევდა, რომელიც სერიოზული გამოწვევა იყო. დაახლოებით 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის, ძალიან სერიოზულიც და პირველი ადგილი დავიკავე.

- როგორ გაგიჩნდათ, ის არაჩვეულებრივი იდეა - თბილისის ზღვა მოტოთი გადაგესერათ? როგორ შეძელით, რა რესურსი იყო ამისთვის საჭირო?

- არის ასეთი, რობი მედისონი, ცნობილი უცხოელი სპორტსმენი, რომელმაც, 10 წლის წინ მსგავსი რამ პირველად გააკეთა - მოტოციკლით წყალზე გაიარა.

ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამბავმა საქართველოშიც მოაღწია. გასაოცარი შთაბეჭდილება დამიტოვა და მეც მომინდა მოტოთი წყალზე გავლა. დავიწყე ამისთვის მომზადება, მაგრამ მაინც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

მერე კომპანია "ვისოლთან“ საინტერესო და განსხვავებული ვიდეოს გადაღება გვინდოდა, რომელიც ყურადღებას მიიქცევდა. ვისაც ეს იდეა შევთავაზე, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა. სულ მეკითხებოდნენ, ნამდვილად გამომივიდოდა, თუ არა, რამდენად შევძლებდი. ათასნაირი აზრი და კითხვა ჰქონდათ.

ვუთხარი, თუ ფინანსურად დამეხმარებით, ტექნიკას შესაბამისად მოვამზადებ და პასუხისმგებელი ვარ, რომ მოტოციკლით წყალზე გავალ-მეთქი. ყველაფერი დამიფინანსეს. მოტოციკლი შესაბამისად ავაწყე და გავმართე. მასზე თხილამურები ისე დავაყენეთ, რომ საბურავს ფუნქცია არ დაეკარგა, საბურავს ჩვეულებრივად ეტრიალა და ამავდროულად წყალში შესულიყო. ყველაფერმა უპრობლემოდ, მშვიდობიანად ჩაიარა. წყალზე რამდენჯერმე გავიარე და გამოვიარე.

- გასაოცარი სანახავია ის ვიდეო... დიდ შთაბეჭდილებას ახდენს... სამომავლოდ მსოფლიო რეკორდის მოხსნა გაქვთ დაგეგმილი...

- გვინდა, რომ აგვისტოში შავ ზღვაში გადავინაცვლოთ და მსოფლიო რეკორდი იქ მოვხსნათ. ამჟამად მსოფლიო რეკორდი წყალზე 27 კილომეტრია. საქართველოში პირველი ვარ და მსოფლიოშიც მინდა, რომ ამ სფეროში პირველი ვიყო.

- გიორგი, თბილისის ზღვაზე წყალზე მოტოთი გავლისას, ალბათ, საფრთხეები იქნებოდა და დაზღვევა რა იყო?

- მაგაზე ბევრი ვიფიქრეთ, რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ. ერთი იყო, უნდა გამეკეთებინა ე.წ. აირბაგი. ჩაძირვის შემთხვევაში ხელს გამოვკრავდი აირბაგს, რომელიც დამიცავდა, მაგრამ ამ ყველაფერს უარყოფითი მხარე ჰქონდა, რომ გაიხსნებოდა, მოტოციკლს გარეგნულ სახეს დაუკარგავდა. მერე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თუ ტექნიკურად ყველაფერი კარგად გაიმართებოდა, საერთოდ დაზღვევის გარეშე გამევლო, გაგვერისკა.

მოკლედ, მეცვა სამაშველო ჟილეტი, ჩაძირვის პრობლემა არ იყო. მოტოციკლის დაკარგვის რისკი არსებობდა. ფსკერამდე ჩასულიყო და შემდეგ მისი იქიდან ამოტანა დიდ რესურსს მოითხოვდა და მისი მოძებნაც რისკებთან იყო დაკავშირებული.

- თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი ურთულეს ამოცანას. გილოცავთ და მალე მსოფლიო რეკორდი მოგველოცოს.

- დიდი მადლობა. მჯერა, რომ ჩემი მოტოთი ყველგან შევძლებ გავლას...

  • გიორგი გახელაძის სპორტული მიღწევები კი ასეთია:

უკრაინა - -Extreme Charge Ukraine - 1-ლი ადგილის მფლობელი, სრული შეჯიბრის გამარჯვებული

ესპანეთი - Hixpania Hard Enduro 2021 Archer Class- მე-2 ადგილი

თურქეთი - Sea to Sky Turkey 2021- მე-10 ადგილი (ოქროს პრიზიორი)

2019 – 2020 წლებში მსოფლიოში ყველაზე აზარტული შეჯიბრის RedBull Romaniacs -ის ოქროს კლასის ფინიშერი 2022 წლის შედეგები მსოფლიო ჩემპიონატებზე:

ისრაელი - Minus 400 Desert Extreme Races - მე-13 ადგილი

სერბეთი - XRoss Hard Enduro Rally - მე-14 ადგილი

ავსტრია - RedBull Erzbergrodeo - მე-18 ადგილი

ესპანეთი - Hixpania Hard Enduro 2022 - მე-31 ადგილი (ოქროს პრიზიორი)

თურქეთი - Sea to Sky Turkey 2022 - მე-15 ადგილი

CHAMPIONSHIP STANDING 2022 - მე-19 ადგილი

JUNIOR CUP STANDING 2022 - მე-7 ადგილი