ავტორი:

"ღარიბაშვილის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, რადგან მან კონსტიტუცია დაარღვია" - რომან გოცირიძე

"ღარიბაშვილის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, რადგან მან კონსტიტუცია დაარღვია" - რომან გოცირიძე

"ღარიბაშვილის განცხადება იყო კატასტროფა და სხვათა შორის, ეს შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, რადგან მან დაარღვია კონსტიტუცია" - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო.

"როცა ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი გამოიწვია უკრაინის მიერ პროვოცირებული, ნატოში გაწევრიანების მოთხოვნამ, ასეთი რამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არავის უთქვამს, არც ერთ თანამდებობის პირს. ეს იყო კატასტროფა და სხვათა შორის, ეს შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, რადგან მან დაარღვია კონსტიტუცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კონსტიტუციური მიზანი ჩვენი ქვეყნის არის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება," - განაცხადა გოცირიძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღეს დაგეგმილ გამოსვლას და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ზურაბიშვილს საკმაოდ მწვავე გამოსვლა ექნება, მით უფრო პრემიერ-მინისტრის განცხადებების ფონზე.

"მე დარწმუნებული ვარ, არ აუვლის გვერდს ღარიბაშვილის განცხადებებს, ძალიან შორსმიმავალი დასკვნები შეიძლება გამოიტანო მისი განცხადებიდან," - განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" ეშინია იმის, რომ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებს.

"მე იმედი მაქვს, მოიქცევა გაბედულად და ამ ნაბიჯს გადადგამს. თუ არა, მაინც მოუწევს, მაგრამ ეს იქნება დაგვიანებული და არავინ დაუფასებს," - განაცხადა გოცირიძემ.