25-28 მაისს თბილისში წიგნის ფესტივალის საიუბილეო - 25-ე ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გამომცემლობებმა, მათ შორის ყველასთვის საყვარელმა "პალიტრა L-მა“ მკითხველს უამრავი საჩუქარი დაახვედრა.
წელს, განახლებულ სივრცეში "პალიტრა L-ს“ ასობით წიგნი სპეციალურ ფასად ჰქონდა წარმოდგენილი. გარდა ამისა, გამომცემლობას მოწყობილი ჰქონდა სპეციალური ფასდაკლებული წიგნების ზონაც.

"პალიტრა L-მა“ მკითხველს სიურპრიზი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავადაც დაახვედრა და "ქართული მონეტების კოლექცია“ 176 ლარი ნაცვლად, სიმბოლურად 26 ლარად შესთავაზა.
როგორც "პალიტრა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ გიორგაძემ განმარტა, გამომცემლობამ წელს მკითხველს წარუდგინა სიახლეებიც, რომელთა შორისაც არის ეველინ ჰიუგოს 7 ქმარი, მარიამ წიკლაურის ილუსტრირებული საბავშვო წიგნი - ჩვენი სახლი, რომელიც ფესტივალზე საბავშვო სერიაში "პალიტრა L-ის“ ბესტსელერი გახდა, აგატა კრისტის სამი თარგმანი, რომელიც წელს გამოიცა: პაემანი სიკვდილთან, ფოკუსი სარკეებით და ლურჯი მატარებლის საიდუმლოება და დამწყები ავტორის რევაზ-გიორგი არველაძის ქართულ მითოლოგიასა და ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული მოთხრობები საშინელებათა ჟანრში მოთხრობები ქართლიდან, რომელიც როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზეა შესრულებული.
მარიამ გიორგაძის თქმით, 4 დღის განმავლობაში "პალიტრა L-ის“ სივრცესთან ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, ასევე ძალიან აქტიურები იყვნენ პატარა მკითხველებიც.
"ფესტივალზე წარმოდგენილები ვიყავით ახალი სტენდით, რომელიც წელს უფრო დიდ ფართობს იკავებდა და მკითხველს მეტ შესაძლებლობებს სთავაზობდა. ცალკე გვქონდა შეხვედრების სივრცე, სადაც თანამედროვე ქართველი ავტორები სხვადასხვა დროს მოდიოდნენ, ერთგულ მკითხველს ხვდებოდნენ და მათთან ერთად სხვადასხვა საკითხს განიხილავდნენ. საბოლოო ჯამში, განვლილი 4 დღე ძალიან ცოცხალი და ინტერაქციული იყო. მკითხველის ჩართულობამ მოლოდინს გადააჭარბა“, - აღნიშნა მარიამ გიორგაძემ.

2023 წლის ფესტივალზე გამომცემლობამ არც მოზარდი მკითხველი დაივიწყა და მათთვის გამოცემული ლიტერატურის გარდა, მხიარული და საინტერესო თამაში Teens Game შესთავაზა: "ლიბერთინსის“ სერიის წიგნებში თავსატეხები იყო მოთავსებული, რომელიც მონაწილეებს უნდა ამოეხსნათ. გამარჯვებულს კი სპეციალური პრიზი გადაეცა.

წიგნის ფესტივალის ფარგლებში "პალიტრა L-ს“ ყველა თაობისა და გემოვნებისთვის მკითხველისთვის ჰქონდა შეთავაზებები და აქტივობები დაგეგმილი, რომლებიც, როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, წარმატებით შედგა.
R