იუმორისტ ბიძინა მახარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. მსახიობი წლების მანძილზე „იუმორინას“ კონცერტებზე გამოდის. თამაშობდა სერიალებშიც. წლების წინ იუმორისტი დაოჯახებული გახლდათ, მისი მეუღლე ეროვნებით რუსი იყო, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა. მოგვიანებით რუსეთი დატოვა, საქართველოში დაბრუნდა და მეორედ იქორწინა. ქართველ მეუღლესთან შვილი აღარ შესძენია. ამბობს, რომ თავის ვაჟებთან დღეს ურთიერთობა აღარ აქვს, რადგან მამასთან ურთიერთობას დედა უკრძალავთ. ქალი ვერ პატიობს, რომ სამშობლოში დაბრუნდა და მეორედ იქორწინა.
ამჯერად მსახიობმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ ისაუბრა. კითხვაზე, თვლიდა თუ არა შეცდომად პირველ ქორწინებას, დადებითად უპასუხა.
ბიძინა მახარაძე:
- ამ თემაზე დისერტაცია შემიძლია დავიცვა. ოსტროვსკის პიესები რომ მენახა, ამ ქალს მე ცოლად არ მოვიყვანდი, რადგან იქ კარგად აქვს დახატული, რუსი ქალი რა არის. მყავდა რუსი ცოლი, დიდი შინაგანი თავისუფლებით, ორი დიდი კულტურა შეეჯახა ერთმანეთს. საერთოდ, საქართველოში რუსი ცოლის მოყვანა სხვა არის, მე რუსეთში მოვიყვანე, სხვის მოედანზე. ეს შეცდომა დედაჩემმა დამაშვებინა, მითხრა, შენ მსახიობი ხარ, ცოლის მომყვანი აღარ ხარო, თან საერთო შვილი უკვე გვყავდა. მომკიდა დედაჩემმა ქეჩოში ხელი და ხელი მომაწერინა.
არც მე მიყვარდა და არც მას, იმას გათვლა ჰქონდა ქართველზე. ქართველია, ფული ექნება. ჩემი საშუალებით ბინა გაიკეთა მოსკოვში. 1994 წელი იყო, დაინგრა ყველაფერი, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა. „გეპეი“ დავამთავრე, პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი ვარ. ასეთი დაწესებულება იყო, „მოსენერგო“, სადაც მონტიორად მოვეწყე, იმისთვის, რომ ბინა მიმეღო. შვიდი წელი ვიმუშავე მონტიორად და სამოთახიანი ბინა მივიღე. იქ ისეთი რაღაცები გადამხდა, არ მინდა მოყოლა. გაინტერესებთ თუ მიღალატა? - არა, უბრალოდ, რუსი იყო. სხვის მოედანზე არ ღირს რუსის მოყვანა, იქ რომ მოიყვან და აქ ჩამოიყვან, მაშინ სხვა თემაა. იქ დაქალები ძალიან დიდ გავლენას ახდენდნენ.
ცოლი არ იყო ჯერ, ვსაყვარლობდით, მე მაგ დროს ჯარში ვიყავი. ერთ დღეს, მომივიდა წერილი, ჩვენ გვეყოლება ბიჭი. მაიორს ვუთხარი, უნდა ჩავიდე მოსკოვში და გადავათქმევინო-მეთქი. არ მინდოდა შვილი საყვარლისგან, ცოლად რომ მდომებოდა, ხომ მოვიყვანდი-მეთქი. 41 წლისაა ახლა ჩემი ბიჭი, ცოლს ხანდახან ვურეკავ და შვილი არ მელაპარაკება.
მე რაც კი შემეძლო, გადავყევი შვილებს, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ მაქვს. ამ ქალთან მეორე შვილიც შემეძინა. ამ დროს უკვე გაიგო, რომ ქართველი ქალი მომყავდა ცოლად და მაინც გააჩინა.
ვურეკავ შვილებს, მაგრამ არ მელაპარაკებიან, რადგან დედამისი მივატოვე. არკადი 41 წლის არის, ჩემ გვარს ატარებს, მაგრამ მისი შვილი აღარ არის მახარაძე. მე ვუთხარი, შენ არანაირი მახარაძე არ ხარ-მეთქი, დედამისს ჰგავს ძალიან. მე სულ ხელოვნებით ვარ გატაცებული და ჩემი მოტყუება ადვილია. შვილები მიყვარდა, მაგრამ შეუძლებელი იყო ჩემი იქ გაჩერება.
მეორედ რომ ვიქორწინე, 55 წლის ვიყავი. მე კი მინდა შვილებთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ის ქალი იცი რა ჭკვიანია, ენა უჭრის, დემაგოგია, ტვინი გაურეცხა ბავშვებს და ბლოკავს ჩვენ ურთიერობას. ჩემგან არანაირი ცუდი მოქცევა არ ყოფილა. ახლაც მივმართავ დამალაპარაკოს ბავშვები, დაბლოკილი ვარ, გეუბნებით.
2006 წელს გადიოდა საქართველოში სერიალი „საპონი“, სადაც მეც ვთამაშობდი და თვეში 200 დოლარს მიხდიდნენ. ამ თანხას ყოველთვე ვაგზავნიდი რუსეთში. ერთხელაც დავურეკე ყოფილ ცოლს და ვუთხარი, უმცროსი შვილი კოსტია გამომიგზავნე საქართველოში-მეთქი, ბავშვს გონიოში დავასვენებ-თქო, გზის ფულსაც მე გადავიხდი, 2000 დოლარი მომეცი და გამოვუშვებო. არც ჩემი პოპულარობა ჭრის, არაფერი, მოწამლული აქვთ ბავშვებს ტვინი. რომ ვუთხარი ქართული ვისწავლოთ-მეთქი, რად მინდა შენი ქართულიო.