ავტორი:

განგაშისა და აფეთქებების ხმა კიევში - ოკუპანტების მორიგი შეტევა: რა ხდებოდა უკრაინაში გამთენიისას?

განგაშისა და აფეთქებების ხმა კიევში - ოკუპანტების მორიგი შეტევა: რა ხდებოდა უკრაინაში გამთენიისას?

უკრაინის ტერიტორიაზე, კიევსა და რამდენიმე ოლქში წუხელ განგაშის ხმა ისმოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

  • ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. "საჰაერო თავდაცვა მუშაობს. უპილოტო საფრენი აპარატების კიდევ ერთი ტალღა უახლოვდება კიევს", - დასძინა მან.

მოგვიანებით, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი პოპკომ განაცხადა, რომ რუსებმა გამთენიისას დედაქალაქსა და ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.

"რაკეტების გაშვება განხორციელდა Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. სავარაუდოდ, X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. ამასთან, კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებიდან შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, გამოიყენეს Shahed-ის დრონები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნე. ამასთან, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.