ავტორი:

რუსი გუბერნატორები აცხადებენ, რომ მათი ოლქების ტერიტორიას დრონებით თავს დაესხნენ და დაბომბეს

რუსი გუბერნატორები აცხადებენ, რომ მათი ოლქების ტერიტორიას დრონებით თავს დაესხნენ და დაბომბეს

რუსეთის რამდენიმე ოლქის გუბერნატორები დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილი ანოხინის მტკიცებით, ოლქში, საწვავის და ენერგეტიკულ ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, თუმცა სერიოზული დაზიანება არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქის ტერიტორია დაბომბეს.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუზემსკის რაიონის სოფელი ნოვაია პოგოშჩი დაბომბეს. არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა ალექსანდრ ბოგომაზმა.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა ლომაკოვკას დასახლებაშიც.

ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული დაბომბვის გამო 2 500 ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი.

"რა თქმა უნდა, პირობები იოლი არ არის. ისინი უზარმაზარ სპორტული ობიექტებში არიან გადაყვანილი, სადაც ასობით საწოლია, სადაც ზრდასრული ადამიანები და პატარები, მოხუცები და ახალგაზრდები იძინებენ“, - წერს გლადკოვი "ტელეგრამის“ არხზე.

ხუთშაბათს, ორმა ანტიპუტინისტურმა ჯგუფმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისგან არის დაკომპლექტებული, განაცხადა, რომ კვლავ იბრძოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, რაც მოსკოვის თავდაცვის სამინისტრომ უარყო. უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ჯგუფები დამოუკიდებლად მოქმედებენ.