ავტორი:

"ნიცა ძალიან თბილი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა" - რას ჰყვება დარეჯან კვარაცხელია, ფეხბურთის ვარსკვლავსა და ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე

"ნიცა ძალიან თბილი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა" - რას ჰყვება დარეჯან კვარაცხელია, ფეხბურთის ვარსკვლავსა და ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე
  • სტატიაში გამოყენებულია დარეჯან კვარაცხელიას ფოტოები

ამ ცოტა ხნის წინ ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან შესახვედრად ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი ნეაპოლში ჩავიდა, ხვიჩას თამაშსაც დაესწრო და ადგილობრივ მოჭადრაკესთან ერთობლივი სეანსიც გამართა. სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა ფეხბურთელისა და ჭადრაკის ლეგენდის შეხვედრის კადრები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი კვარაცხელიას ოჯახის ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კვარაცხელია იყო.

ის წლებია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობს. მისი კარიერა პირველ არხზე დაიწყო და შემდეგ რადიო იმედში გაგრძელდა. ამჟამად იგი ტელეკომპანია "ერთსულოვნებასთან" თანამშრომლობს და პარალელურად, საკუთარი გამომცემლობა აქვს.

ამ ცოტა ხნის წინ, მისი ავტორობით წიგნი გამოიცა, რომელიც შვილიშვილს მიუძღვნა - "ოდაბადე“ კოლხეთის ისტორიას, მის ეთნოგრაფიას და საცხოვრისებს ეძღვნება.

- ქალბატონო დარეჯან, მოგვიყევით, როგორ ჩაიარა ხვიჩასა და ქალბატონი ნონას შეხვედრამ?

- შარშან ნოემბერში ხვიჩამ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა. შემდეგ მოხდა ისე, რომ როცა ხვიჩა საქართველოში ჩამოვიდა, ნონა მაშინ ტურნირზე იმყოფებოდა უცხოეთში, თორემ შეხვედრა თბილისშიც მოხერხდებოდა. ქალბატონ ნონასთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს ვკითხე, ნეაპოლში წასვლა ხომ არ სურდა და ისიც სიხარულით დამთანხმდა.

შეხვედრა ხვიჩას თამაშის შემდეგ შედგა და დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. ძალიან ემოციური იყო. ნონა ხვიჩას დიდი გულშემატკივარია და მის ყველა თამაშს ელოდება...

მომავალზე ისაუბრეს. რა თქმა უნდა, ქალბატონმა ნონამ დარიგებებიც მისცა. საუბარი ჭადრაკსაც შეეხო და ხვიჩას დაჰპირდა, რომ თბილისში ჩამოსვლის დროს ერთად აუცილებლად ითამაშებენ. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო - პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ლეგენდარული ქალბატონი ახალგაზრდა, პერსპექტიული ვარსკვლავის საგულშემატკივროდ იტალიაში ჩავიდა.

- როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრას ხვიჩას საცოლეც ესწრებოდა. როდის იგეგმება ქორწილი?

- ქორწილი უკვე მალე იქნება. ნიცა ძალიან თბილი და კარგი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ხვიჩას ის დიდ ძალას აძლევს, რადგან ყველა გოლი მას ეძღვნებოდა და ახლაც ასეა.

ხვიჩა ძალიან კარგად აღზრდილი ბიჭია. ყოველთვის მონდომებული იყო და ყველაფერს ამ მონდომებითა და მიზანდასახულობით მიაღწია. როცა ადამიანი მიზანს დაისახავს, რაც არ უნდა პრობლემა ჰქონდეს, ამას აუცილებლად მიაღწევს. მის შემთხვევაში გენეტიკაც ხელს უწყობდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შრომისმოყვარეობით შეძლო. მისი სახელი მეგრულად ვარსკვლავს ნიშნავს და ამ სახელს იგი დამსახურებულად ატარებს.

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსთვის ცაზე მოკიაფე, უკვე დიდი ვარსკვლავია. ყველაფერს რასაც აკეთებს, საქართველოსთვის და თითოეული ქართველისთვის აკეთებს.

- 15 აპრილს თქვენი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა...

- "ოდაბადე“ კოლხეთის კულტურას, ეთნოგრაფიას, გასტრონომიას, კოლხურ დამწერლობას, კოლხეთში გავრცელებულ ხორბლის ჯიშებს, მეფუტკრეობას, ვაზის ჯიშებსა და კოლხურ ფოლკლორს ეძღვნება. ამ წიგნის მთავარი მიზანი კოლხური ტრადიციების აღდგენა და პოპულარიზაცია იყო. კარგი იქნება, თუ ჩვენი მდიდარი ისტორია დავიწყებას არ მიეცემა. მასში ასევე განთავსებულია ლევან მეორე დადიანის დაკვეთით, მამუკა თავაქარაშვილის მიერ, 1646 წელს ხელით გადაწერილი "ვეფხისტყაოსნის“ გვერდების ასლები.