ავტორი:

პუტინის მდიდარი გარემოცვის დაფარული საქმიანობა: ვინ დგას გასამხედროებული დაჯგუფებების უკან - "შესაძლოა, ქვეყანაში მალე სიტუაცია აირიოს და ყველას უნდა, თავისი არმია ჰყავდეს"

პუტინის მდიდარი გარემოცვის დაფარული საქმიანობა: ვინ დგას გასამხედროებული დაჯგუფებების უკან - "შესაძლოა, ქვეყანაში მალე სიტუაცია აირიოს და ყველას უნდა, თავისი არმია ჰყავდეს"

ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე, რუსეთში აქტიურად იქმნებოდა გასამხედროებული კომპანიები, ისეთი, როგორიც ახლა საყოველთაოდ ცნობილი, ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერია". მათი დამფუძნებელი გავლენიანი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები არიან, დიდი დაფინანსებით, პუტინის ახლო გარემოცვიდან, ისე როგორც თავად პრიგოჟინი, რომელიც ახლა იმედგაცრუებულია და ქვეყნის მთავარსარდალს, თავდაცვის მინისტრს, გენერალიტეტსა და პუტინის კიდევ ერთ მარჯვენა ხელს, რამზან კადიროვს ღიად უპირისპირდება.

რუსული მედია წერს, რომ უკრაინის ომის შემდეგ, ჩრდილიდან გამოვიდნენ ისეთი კერძო სამხედრო კომპანიები, რომელთა არსებობის შესახებაც ქვეყანაში თითქმის არაფერი იცოდნენ, თუმცა უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ და მათ განკარგულებაში იყო ესა თუ ის ოკუპირებული რაიონი და იქ მოქმედი რუსული რეგულარული ნაწილის კონტროლი...

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის ომის პარალელურად, კიდევ რამდენიმე კომერციული სამხედრო ორგანიზაცია შეიქმნა და ეს პროცესი სახიფათოდ გრძელდება, რადგან მათ შორის გავლენებისთვის შიდა დაპირისპირება დაიწყო.

მართალია, რუსეთში პრიგოჟინის "ვაგნერის" მსგავსი გავლენებით ყველა ვერ სარგებლობს, რადგან მის უკან "ეფესბე" დგას, მაგრამ მას არ ჩამოუვარდება კადიროვის "ახმადი", რომელიც აქტიურად მონაწილეობს როგორც შიდა პროცესებში, ასევე უკრაინის ომში. ახლა მათ ხელმძღვანელებს შორის მწვავე დაპირისპირებაა. კადიროვი მას პირად შეხვედრას უნიშნავს, რადგან რამდენიმე დღის წინ პრიგოჟინმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ბახმუტი "ვაგნერმა" აიღო (არსებული ინფორმაციით, ქალაქს რუსული ძალები ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებენ) და იქ კადიროვის "ახმატი" არავის უნახავს.

  • გასამხედროებული კომერციული კომპანიებიდან ანგარიშგასაწევი ძალაა სერგეი შოიგუს "პატრიოტი", რომელიც ამ ბოლო დროს, "ვაგნერის" აგრესიულად გააქტიურების შემდეგ გამოვიდა ჩრდილიდან. მას გავლენებით არ ჩამოუვარდება "მეტეორი", რომელსაც "როსნეფტი" აფინანსებს;

ასევე, არსებობს შედარებით ნაკლებად ცნობილი კომპანია "ენოტი", რომლის უკანაც ასევე "ეფესბე" დგას. ადგილობრივი ბიზნესმენის, მილიარდერის იგორი ალტუშკინის მფლობელობაშია გასამხედროებული ორგანიზაცია "ურალიც"; მათ გარდა, არსებობს, პუტინის ახლო გარემოცვის წევრის, ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოს მფლობელობაში არსებული კომპანია "რედუტიც", რომელიც "ზონა.მედია"-ს ცნობით, თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშაა. ის გარკვეული დროის განმავლობაში, სავარაუდოდ, უკრაინის ომამდე, სირიაშიც იმყოფებოდა.

მისი მეთაურის კონსტანტინ მირზაიანცის თქმით, ისინი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვიან, თუმცა 2022 წლის თებერვლის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა - მირზაიანცი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ომიდან პირველივე თვეებში, ბევრი მისი კონტრაქტორი მოკლევადიან კონტრაქტზე გადასვლას ითხოვდა.

currenttime.tv-ის ცნობით, რუსეთში ინტენსიურად რეგისტრირდება ახალ-ახალი სამხედრო კომერციული ორგანიზაციები, ყველა მათგანის უკან გავლენიანი ბიზნესმენები დგანან, რომლებიც სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში თავს იზღვევენ და თავიანთი კომპანიების დასაცავად თადარიგს იჭერენ. ამ ეტაპზე, ზოგი მათგანი უკრაინის ომში მონაწილეობს, ზოგიც რუსეთში სხვა სახის დავალებებზეა კონცენტრირებული.

ამ ჩამონათვალშია "ბარსი", დონბასის მოხალისეთა კავშირი, რომელიც ე.წ. dnr-ის ყოფილ პრემიერს, ალექსანდრ ბოროდაის ეკუთვნის და "დონი", რომლის უკანაც ასევე რედუტი დგას. ის ამ კომპანიის ე.წ. მეორადი გუნდია, მოხალისეებით დაკომპლექტებული და შედარებით დაბალი ანაზღაურებით... "რედუტში" გაწევრიანებულ სამხედროს ოჯახს, მისი დაღუპვის შემთხვევაში, 60 ათას დოლარს ჰპირდებოდნენ, თუმცა ეს თავიდან იყო - ახლა შეიცვალა და კომპენსაციაც შემცირდა.

კომპანია "ბარსი", ფაქტობრივად, მოხალისეებისგან შედგება, მათ სამხედრო ბილეთებსაც არ აძლევენ და როგორც ირკვევა, თანხას, ე.წ. ხელფასს ხელზე უხდიან. დაზიანების მიღების შემთხვევაში, მათ არ ეკუთვნით უფასო მკურნალობა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში, რადგან იურიდიულად, სამხედრო მოსამსახურედ არ ითვლებიან. მათმა უმეტესობამ კონტრაქტის პირობები არც იცის, რადგან დოკუმენტს არ აძლევენ.

"სამხედრო კომისარიატში ეუბნებიან, რომ ხელშეკრულების დედანი მათი ქალაქის ადმინისტრაციაში ინახება, ხოლო ასლს კი, მაშინ მიიღებენ, როდესაც სამსახურის ვადა დაუმთავრდებათ. იქვე, ზეპირად წყვეტენ, რომელ სამხედრო ნაწილში გადაანაწილონ ისინი, თავდაპირველად, ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში, სამედიცინო მომსახურებისას ე.წ. ბარსელები უამრავ პრობლემას გადააწყდნენ. გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დაღუპულების მშობლებიც, მათ არც კომპენსაცია მიუღიათ, არც რაიმე სახის დოკუმენტი, თუ სად მსახურობდა მათი შვილი, რადგან მსგავსი დოკუმენტი თავიდანვე არ არსებობდა" - წერს გამოცემა.

ათობით აშკარა თუ დაფარულ კომპანიებს შორის ერთ-ერთია, ასევე, პუტინის ახლო გარემოცვის წევრი ბიზნესმენის, სერგეი აქსიონოვის მიერ დაფინანსებული "კონვოი", რომელიც ყირიმში 2014 წლიდან მოქმედებს. ის ევგენი პრიგოჟინის ვაგნერის ყველაზე რეალურ კონკურენტად აღიქმება და "ახმატის" არ იყოს, მათ შორისაც საკმაოდ მწვავე დაპირისპირებაა.

ამას გარდა, რუსეთში კიდევ მოქმედებებს ჰონკონგში დარეგისტრირებული 11 გასამხედროებული კერძო ორგანიზაცია, რომლებიც ასე აქტიურად არ ჩანან, მაგრამ დავალებას ასრულებენ. ყველა მათგანი, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი ბირთვი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში კრემლის დავალებას ასრულებდა. ნაწილი, უკრაინის ომში დაიხოცა და ახალი ძალით შეავსეს.

"ყველა დამფუძნებელი ცდილობს, ამ ძალების შენარჩუნებას, რადგან აღნიშნული სამხედრო კომპანიების დაარსების მიზეზი და მთავარი ფუნქცია, ბიზნესის დაცვა იყო, ახლა კი, ხედავენ, რომ შესაძლოა, ქვეყანაში მალე სიტუაცია აირიოს და ყველას უნდა თავისი არმია ჰყავდეს. არც ერთმანეთთან დაპირისპირებაა გამორიცხული, გააჩნია, როგორ განვითარდება პროცესები" - წერს გამოცემა thebell.io.

წაიკითხეთ ასევე: