შაბათის ფორმულამ ველისციხეში 26 წლის გიორგი მირზაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. მოკლულის მეგობარი შაბათის ფორმულასთან საუბარში ვარაუდობს, რომ მირზაშვილს მძინარეს ჩაარტყეს ურო, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
"ვფიქრობ მძინარეს [ჩაარტყეს], რადგან საცვლების ამარა იყო, როცა ამოიყვანეს [ჭიდან]", - ამბობს მეგობარი.
გამოძიების ვერსიით ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში მირზაშვილი რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სულხანიშვილის სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას მირზაშვილი მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი სოფლიდან მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.
რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მირზაშვილს სულხანიშვილის ვალი ჰქონდა და კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა ეს ყოფილიყო, უარყოფს მოკლულის დედა. თუმცა ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ ბრალდებულები მას შვილის ტელეფონიდან წერდნენ, მას შემდეგ, რაც მკვლელობა მოხდა.
"მწერდნენ როგორც გიორგი - რომ მივდივარ მონასტერში და მართლა აპირებდა წასვლას, ამიტომ არ შემპარვია ეჭვია. ასევე მწერდნენ, რომ გიორგი სულხანიშვილი აპირებს ჩივილს და დაუბრუნე ფულიი. არ დამიბრუნებია, რა თქმა უნდა, რადგან ვალის ამბავი გარკვეული მქონდა. ამ დროს ჩემი შვილი ცოცხალი არ იყო", - ამბობს მოკლულის დედა.
ცნობისთვის, 25 წლის გიორგი მირზაშვილის სასტიკი მკვლელობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ახალგაზრდა ბიჭი რუსთავიდან იანვარში გაუჩინარდა და არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. გიორგი რამდენიმე თვე რომ არ გამოჩნდა, ოჯახის ახლობელმა პოლიციას მიმართეს, რის შემდეგაც დანაშაული გაიხსნა, დამნაშავეები დააკავეს და საქმის უმძიმესი დეტალებიც გაცხადდა.
წაიკითხეთ ასევე: