ავტორი:

გოგონა, რომელიც მამამ სარდაფში გამოკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობდა: 24-წლიან ტყვეობაში გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ამბავი

გოგონა, რომელიც მამამ სარდაფში გამოკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობდა: 24-წლიან ტყვეობაში გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ამბავი

ავსტრიელი ელიზაბეტ ფრითცლის ისტორიამ მთელი მსოფლიო შეძრა. ეს არის ამბავი გოგონაზე, რომელიც საკუთარმა მამამ გაიტაცა. ისტორია იმდენად საზარელია, რომ შესაძლოა, ფილმების შემქმნელებსაც არ მოსვლოდათ აზრად.

იოზეფ ფრითცლმა, რომელიც ერთი შეხედვით, წესიერი ადამიანი, მზრუნველი ქმარი და მეოჯახე ჩანდა, 1984 წლის 28 აგვისტოს თავისი ქალიშვილი გაიტაცა და სარდაფში გამოკეტა.18 წლის განმავლობაში ჰყავდა ჩაკეტილი და მასზე სექსუალურად ძალადობდა. აღსანიშნავია, რომ საიდუმლო სარდაფი იმავე სახლში იყო, სადაც კაცი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მისი არსებობის შესახებ ოჯახის დანარჩენმა წევრებმა არ იცოდნენ.

ჯერ კიდევ 1978 წელს იოზეფმა სარდაფი ბუნკერად გადააკეთა.

"მან ჯერ კიდევ მაშინ ამირჩია, როცა სულ პატარა ვიყავი", - იხსენებდა ელიზაბეტი. პორნოგრაფიული ჟურნალები, სექსუალური ხასიათის უხამსი ქმედებები 14 წლის შვილის წინ - ეს ყველაფერი მოგვიანებით გახდა ცნობილი.

ბუნკერს სახლამდე 8 კარი აკავშირებდა, შესაბამისად, იქიდან ხმაც არ გადიოდა. მამამ შვილს სახეზე ეთერით გაჟღენთილი ტილო ააფარა, ხოლო როდესაც გოგონამ გაიღვიძა უკვე გამოკეტილი იყო.

პირველი რამდენიმე კვირა იოზეფ ფრითცლი ქალიშვილს სრულ სიბნელეში ამყოფებდა. გოგონასთან კი ჩადიოდა ან იმისთვის, რომ საჭმელი მიეტანა, ან იმიტომ, რომ გაეუპატიურებინა. როცა ელიზაბეტმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, იოზეფმა ის სასტიკად სცემა და ძაღლის ჯაჭვით დააბა. ასეთ მდგომარეობაში მან დაახლოებით, 9 თვე გაატარა.

კვალის არევის მიზნით, ფრიტცლმა პოლიციაში შვილის გაუჩინარების შესახებ განცხადება დაწერა. რამდენიმე დღეში კი, "ელიზაბეტისგან წერილი“ მოიტანა, სადაც გოგონა ვითომ სწერდა, რომ რაღაც სექტაში გაწევრიანდა და სახლში აღარ დაბრუნდებოდა. რამდენადაც წერილი მისი ხელით იყო დაწერილი, კითხვები არავის გასჩენია.

ბუნკერში 24-წლიანი გამოკეტვის პერიოდში ელიზაბეტმა იოზეფისგან 7 შვილი გააჩინა. აქედან პირველი შვილი გარდაიცვალა.

მეორედ კერსტინი დაიბადა, რომელიც თავისი ოპტიმისტური, მხიარული ხასიათით დედის ბნელი ცხოვრების ნათელი სხივი გახდა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ, ფრიტცლის ავადმყოფმა გონებამ ელიზაბეტი როგორც ცოლი ისე აღიქვა. ის მას ეროტიკულ ტანსაცმელს ყიდულობდა, აწყობდა რომანტიკულ ვახშმებს, 1990 წელს შვილი შტეფანი დაიბადა, მის შემდეგ კი - ლიზა. ამის შემდეგ იოზეფმა ბუნკერი გაადიდა, მანამდე 20კვ.მ იყო.

მან მიტოვებული მეზობელი შენობიდან სარდაფი გაიყვანა. ამაში ელიზაბეტიც ეხმარებოდა, რომ მისთვის და მისი შვილებისთვის დამატებით სივრცე გაჩენილიყო. მაგრამ ახალმა ოთახებმა სიტუაცია ვერ გამოასწორა: ბუნკერში უჰაერობა იყო, ხოლო ობი ყველა კედელს ედებოდა.

მალევე პატარა ქალიშვილი ცუდად გახდა, ბუნკერის პირობებში მისი მკურნალობა შეუძლებელი იყო. 1993 წლის მაისს, იოზეფმა სახლის კართან 9 თვის ლიზა მოათავსა. ბავშვის გარდა, ყუთში წერილი იდო, სადაც ელიზაბეტი მშობლებს სთხოვდა, რომ პატარისთვის მიეხედათ. ასეთივე ოინი გაიმეორა 1994 წელს, ამჯერად მან მონიკა "დატოვა“ სახლის კართან. ელიზაბეტის დედას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი შვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად, მისი იატაკის ქვეშ, დამამცირებელი მოპყრობის ქვეშ იმყოფებოდა.

1996 წელს ტყუპი - ალექსანდრე და მიქაელი დაიბანდნენ. მიქაელი სუსტი ბავშვი აღმოჩნდა. ელიზაბეტი მთელი ძალით ცდილობდა ბავშვის გაჯანსაღებას, თუმცა ჰაერის სიმცირის გამო, ის უფრო სუსტდებოდა. ფრიტცლი უყურებდა როგორ იტანჯებოდნენ მისი შვილები, თუმცა არაფერს აკეთებდა. მესამე დღეს ჩვილი გარდაიცვალა, თუმცა თანამედროვე სამედიცინო დახმარება მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. ალესანდრეს გაუმართლა, იოზეფმა ისიც "ზედა სახლში“ წაიყვანა.

ტყუპის შემდეგ, სამყაროს მეშვიდე ბავშვი ფელიქსი მოევლინა. სამ ბავშვს გაუმართლა, რომლებიც "მაღლა“ წაიყვანა იოზეფმა. თუმცა დანარჩენებმა მთელი ცხოვრება ბუკერში გაატარეს, სადაც არანაირი პირობები არ ჰქონდათ. ტირანი კი მათ ფსიქოლოგიურ განადგურებას, დამცირებას, შეურაცხყოფასა და ცემას აგრძელებდა.

თუმცა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ზემოთ“ აიყვანა, კეთილი და მოსიყვარულე ბაბუა იყო, რომლებიც ზოოპარკში დაჰყავდა, ჩუქნიდა საჩუქრებს, ამზადებინებდა გაკვეთილებს.

არავინ იცის, სადამდე და როგორ გაგრძელდებოდა ეს ამბავი, რომ არა უფროსი ქალიშვილის, კერსტინის ცუდად ყოფნა. იოზეფი ცდილობდა, ბავშვი ასპირინით განეკურნა, თუმცა მას პირღებინება არ უწყდებოდა. ელიზაბეტი, რომელიც ფეხებში ჩაუვარდა მამას, სთხოვდა, რომ მათი საერთო ბავშვი გადაერჩინა. ის საბოლოოდ დათანხმდა და ნაცადი "ოინის“ გამეორებას აპირებდა.

კერსტინი ფრიტცლმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა მყისიერად იგრძნეს საეჭვო გარემოებები. არანაირი დოკუმენტები, კანის უცნაური ფერი, დაზიანებული და ჩალურჯებული სხეული სხეული, უჩვეულო სიგამხდრე - გოგონა ისე გამოიყურებოდა, როგორც მთელი ცხოვრება გამოკეტილ სივრცეში მცხოვრებ ადამიანს შეეფერება.

ექიმმა პოლიციელს შეატყობინა, რომ შესაძლოა, შემთხვევა სერიოზულ დანაშაულს ეხებოდა. ტელევიზიებში კერსტინის დედის ძებნის მიზნით, სიუჟეტები გავიდა. ფრიტცლი დანებდა. მან ელიზაბეტი საავადმყოფოში იმ პირობით მიიყვანა, რომ გოგონა მამის მიერ გამოგონილ სექტის ისტორიას დაადასტურებდა.

დაკითხვის მომენტში ელიზაბეტი ნამდვილად სექტის ვერსიას ჰყვებოდა, თუმცა პოლიციელებმა დაარწმუნეს, რომ უსაფრთხოდ იყო და გოგონამ მთელი ისტორია მოჰყვა. მეორე დღეს ოპერატიული-სამძებრო სამსახურის თანამშრომლები ბუნკერში ჩავიდნენ, სადაც ელიზაბეტის დანარჩენი ბავშვები აღმოაჩინეს. ბიჭები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მტანჯველი კი დააკავეს.

ფრიცლი დაკავების შემდეგ მტკიცედ უარყოფდა დანაშაულს. ამტკიცებდა, რომ ელიზაბეტი უარყოფითი წრისგან და ნარკოტიკებისგან თავდაცვის მიზნით გადაარჩინა. თუმცა როგორც კი შვილის 2-საათიანი ვიდეოჩვენება აჩვენეს, დანებდა და ბრალი აღიარა.

2009 წლის 19 მარტს 73 წლის იოზეფ ფრიტცლს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის დამნაშავედ ხუთი ბრალდებით აღიარეს: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ადამიანის წინდაუხედავობით მოკვლა, გაუპატიურება, მონობა და ინცესტი.

ავსტრიელი მანიაკი დღემდე ცოცხალია, ის სულიერი პრობლემების მქონე პატიმრების ციხეში იხდის სასჯელს.

ელიზაბეტმა გვარი შეიცვალა და თავის ბავშვებთან ერთად სხვაგან გადაცხოვრდა. მისი ადგილსამყოფელი არ საჯაროვდება. ოჯახი დიდ ფანჯრებიან სახლში ცხოვრობს, რომელსაც სარდაფი არ აქვს. პირველი წლები ელიზაბეტი დედასთან კონტაქტს ერიდებოდა, თუმცა ფსიქოლოგების დახმარებით, მათი ურთიერთობა დალაგდა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე