ავტორი:

"ლიას ასთმა აწუხებდა და როცა შეტევა მოსვლია, სახლში არავინ ყოფილა" - მაიორი ქალის რთული გზა ემიგრაციაში და ოცნება პოლიციაში დაბრუნებაზე: როგორ იხსენებენ ახლობლები ლია პარკაულს?

"ლიას ასთმა აწუხებდა და როცა შეტევა მოსვლია, სახლში არავინ ყოფილა" - მაიორი ქალის რთული გზა ემიგრაციაში და ოცნება პოლიციაში დაბრუნებაზე: როგორ იხსენებენ ახლობლები ლია პარკაულს?

ამერიკაში, ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული გარდაიცვალა. მაიორი ლია პარკაული 1987 წლიდან 2013 წლის 8 ოქტომბრამდე შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მსახურობდა. მისი საქმიანობა სს სამძებრო განყოფილებიდან დაიწყო (სადაც გამომძიებლად მუშაობდა), პრეზიდენტის ესკორტში გაგრძელდა და საპატრულო პოლიციაში ათწლიანი სამსახურით დასრულდა. ბოლო წლებში ის ვაკე-საბურთალოს რაიონში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა და ამ სფეროში პიონერი ქალი იყო.

ლია პარკაული ქვეყნის დატოვებამდე იმჟამინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის მედლით - "20 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის" დააჯილდოვა.

გამოცდილმა პოლიციელმა საქართველოს შს სამინისტროს უწყებიდან წასვლა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ სფეროში საქმიანობის გაგრძელების მიზნით გადაწყვიტა, 2013 წელს საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა.

"მსურს ოკეანის გაღმა ვცადო ბედი და ძალები მოვსინჯო, სანამ ახალგაზრდა ვარ და მუხლი და გონება მიჭრის. ოთხი წლის წინ გავიარე სპეციალური კურსები ამერიკაში, ექსტერნად ჩავაბარე გამოცდა და მაქვს სერტიფიკატი. 2008 წელს მოვხვდი 50-დან 5 წარჩინებულ სტუდენტს შორის და FBI-დან აშშ-ს საელჩოში ხუთივეზე მოვიდა მოწვევა. საბუთები გამზადებული მქონდა და 2008 წლის 9 აგვისტოს მივფრინავდი, თუმცა მოგეხსენებათ, 8 აგვისტოს ომი დაიწყო და ეს პროექტი შეჩერდა. ამის შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობდი, ახლაც მივიღე შემოთავაზება და გადავწყვიტე გავიარო ექვსთვიანი გადამზადების კურსები FBI-ში, პარალელურად კი ვიმუშავებ" - ამბობდა ლია პარკაული წასვლამდე ჩვენთან ინტერვიუში.

AMBEBI.GE ლიას დას, ლალი პარკაულს ესაუბრა:

"ლიკა ამერიკაში10 წლის წინ FBI-ის კურსებისთვის წავიდა და დარჩა. გადამზადება მოახერხა, მაგრამ იქ ვერ დასაქმდა, საბუთები არ ჰქონდა წესრიგში და ამის გარეშე სახელმწიფო სამსახურში არავინ დააწყებინებდა მუშაობას. ლიკა ფიქრობდა, ამ კვალიფიკაციით რომ ჩამოვიდოდა, საქართველოში გააგრძელებდა მუშაობას, თან მაიორი იყო. მისთვის ეს პროფესია ყველაფერი იყო, ამისთვის იყო დაბადებული და ისეთი საგმირო საქმეები აქვს ჩადენილი, მამაკაცებსაც შეშურდებოდათ. ის მოწოდებით პოლიციელი იყო. ბოლო დროს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, ასთმა აწუხებდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა ალერგიულ ფონზე, განსაკუთრებით გაზაფხულ-შემოდგომაზე უმწვავდებოდა მდგომარეობა. ლიკას ჩამოსვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ... უბედურება ისაა, სახლში არავინ იყო, რომ მიხმარებოდა. ნაქირავებ ბინაში ორნი ცხოვრობდნენ, მეორე ქალბატონი დილით დაბრუნდა სამსახურიდან და ლიკა გარდაცვლილი დახვდა. ჩემი და აივანზე ნახეს, თითზე სატურაციის აპარატი ეკეთა და მეორე ხელში „სალბუტამოლის“ აეროზოლი ეჭირა. ეტყობა, თვითონ შეისხურა, მაგრამ არ უშველა. ლიკას ერთი წლის წინაც ჰქონდა შეტევა, ქუჩაში იყო მეგობრებთან ერთად, მათ დროულად გამოიძახეს სასწრაფო და უშველეს. ახლა რადგან მარტო იყო, ვერავინ დაეხმარა. ლიკა ერთ ოჯახში მუშაობდა, საბუთები ვერ გააკეთა, რადგან ძვირია, თან დიდი დროც უნდა. დიდხანს დარჩენას აღარ აპირებდა, სადღაც 1 - 2 თვეში უნდა წამოსულიყო. ლიკას უყვარდა სიურპრიზები, ვფიქრობ, წინასწარ არც გვეტყოდა, ისე დაგვადგებოდა თავზე.

შოკიდან ვერ გამოვდივარ... ლიკას გუშინწინ საღამოს ველაპარაკე. ტელეფონს პრობლემები ჰქონდა, ხშირად ეთიშებოდა, 2 დღეც გასულა, არ შევხმიანებივართ, მაგრამ ვიცოდი, კარგად იყო, ან მომწერდა მაინც. იმ დღესაც ველოდი, მაგრამ რომ არ შემეხმიანა, ავფორიაქდი, თუმცა ჩავთვალე, რადგან კვირაა, ისვენებს და გვიან გაიღვიძებს-მეთქი. ველოდე და რომ არ შემეხმიანა, დავიწყე მიწერა. მერე მისმა ტელეფონმა დარეკა და გამიხარდა, მაგრამ სხვამ მიპასუხა და ეს ამბავი მითხრა. როგორც მითხრეს, ღამით გამხდარა ცუდად, ეტყობა გარეთ გავიდა, ჰაერი რომ ესუნთქა, ფილტვების შოკი მიიღო და ვეღარ ამოისუნთქა.

ლიკას მეგობრები ცდილობენ, მის დაჩქარებული წესით გადმოსვენებას, მოგეხსენებათ, დიდი სამეგობრო და სანაცნობო წრე ჰყავდა და თქმაც არ უნდათ, ყველანი მობილიზებულები არიან. გამიქრა ჩემი სიცოცხლით და სიკეთით სავსე ლიკა, 2 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა. არ ვიცი, რა გავაკეთო.. ადრე ძმა დაგვეღუპა. დედა ინსულტიანია, გულზე ოპერაცია გავუკეთეთ, ძლივს გავაგებინე ლიკას ამბავი. ლიკა სულ იმას ცდილობდა, დედისთვის არაფერი მოეკლო და მდგომარეობა შეემსუბუქებინა. დედამ სიმწრით გაგვზარდა სამი შვილი, არცერთს დაგვაკლო აღზრდა-განათლება. სიბერეში დედის გაბედნიერებას ცდილობდა. რამდენად ბედნიერი იყო ეს შვილმკვდარი დედა, ვერ გეტყვით, მაგრამ არაფერს აკლებდა. ბოლოს მაინც ჩაუმწარა სიცოცხლე... რა ვქნა, რა გავაკეთო, კიდევ არ მჯერა, რაც ჩვენს თავს ხდება“...

AMBEBI.GE-სთან ლიკა პარკაულს მისი მეგობარი პოლიციელი ქალბატონები იხსენებენ:

თეა ჩიქოვანი, ემიგრანტი: 2000 წლიდან ვიცნობდი ლიკას. პატარა მივედი პოლიციაში, ვაკე- საბურთალოს გამომძიებლად დავინიშნე. უცებ როხროხა ხმა მესმის, მხიარული, ხალისიანი. მე ლიკა პარკაული ვარ, შენ? - მეკითხება. მე თეა ჩიქოვანი ვარ-მეთქი. ყოველ ნახვაზე ჩემთვის თან ჰქონდა ერთი შოკოლადი. მისსავე სამსახურში გავიცანი ჩემი მეუღლეც, რომელსაც ხუმრობით ეუბნებოდა-ხოლმე, თავს მოგაჭამ, ეს გოგო არ გაგვიბრაზოო. გაცნობის პირველივე დღიდან დავმეგობრდით, ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ლიკა იშვიათი პროფესიონალი იყო. შოკი არ ჰქვია იმას, რასაც განვიცდი. მე საფრანგეთში ვცხოვრობ და ჩემთან დავპატიჟე, მითხრა, პარიზის ქუჩებში ვიგიჟოთ ერთადო. სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. 2 ივნისს დაბადების დღე მივულოცე და რაც ეს საშინელი ამბავი გავიგე, ქმედუუნარო გავხდი“...

თამარ უჯმაჯურიძე:

"პოლიციაში როცა მივედი, ურთულესი პერიოდი მქონდა და ყველაფერი ერთმა კეთილმა გოგომ გადამატანინა. პირველივე დღიდან გვერდიდან არ მომშორებია, ასე დავმეგობრდით მე და ლიკა. დილით ჩემს მაგიდაზე ხან ყვავილები მხვდებოდა, ხან შოკოლადები, ხან - ხილი... არასოდეს დამავიწყდება ერთი ამბავი: მე და ლიკა უკვე მეგობრები ვართ, მაგრამ მის სახლში ნამყოფი არ ვიყავი. ჰოდა, ერთხელაც ჩემს პატარა შვილთან ერთად დამპატიჟა, მისამართი მითხრა და გელოდებიო. ორიენტაცია მაქვს საშინელი და დიდხანს ვეძებე კორპუსი. კორპუსი კი ვიპოვე, მაგრამ სადარბაზოს კითხვა დამვიწყნოდა. მაშინ მობილურები არ იყო და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. უცბად გამახსენდა, რომ ლიკა განსაკუთრებული სისუფთავით გამოირჩეოდა, ვერ იტანდა მტვერს, დაულაგებელ სამუშაო მაგიდას, სამსახურში სულ რაღაცას წმენდდა და ალაგებდა. ჰოდა, ჩემს შვილს ვუთხარი, რომელი სადარბაზოც ყველაზე სუფთა იქნება, იქ შევიდეთ-თქო. უცბად ვხედავ, ერთი სადარბაზო შესასვლელიდანვე წკრიალებს, თან რატომღაც კედელზე სარკეც კიდია. არც დავფიქრებულვარ, ისე შევედი და პირდაპირ იმ კართან დავრეკე ზარი, რომლის სიახლოვესაც სარკე დავინახე. კარი ლიკამ გამიღო. შესასვლელში, საკიდზე, არც მეტი, არც ნაკლები, ბორკილები ეკიდა. თავიდან არაფერი მიკითხავს, მაგრამ მალე თვითონვე მომიყვა გასაოცარ ამბებს. ერთი ამბავი დამამახსოვრდა განსაკუთრებით: ლიკა პირველ სართულზე ცხოვრობდა, ამბობდა, სხვა სართულზე ვერ ვიცხოვრებდი, აქედან ყველაფერს ვხედავ და მე ვერ მხედავენო.

ერთ დღეს ფანჯარასთან მდგარა და დაუნახავს, როგორ მისულა ვიღაც მოპირდაპირე კორპუსის სარდაფთან და როგორ ტეხავდა კარის საკეტს. წესით, ქალს უნდა შეშინებოდა, მაგრამ ლიკა ხომ მხოლოდ ქალი კი არა, ქალი-პოლიციელი იყო, ჰოდა, გასულა ამ ღამეში მარტო, დადგომია თავზე ქურდს, მარტოს დაუკავებია, ბორკილები დაუდია და გაგარინზე, პოლიციაში აუთრევია (იქვე ცხოვრობდა, სამსახურთან ახლოს). სანამ პატრონი გაიგებდა, პოლიციიდან დაურეკავთ და უცნობებიათ, რომ მისი სარდაფი გატეხეს და ქურდი ცხელ კვალზე იყო დაკავებული. მოსულა სარდაფის პატრონი, ამოუცვნია თავისი ნივთები და გაოგნებული ამბობდა თურმე, პოლიცია თუ ასე მუშაობდა, ვერავინ დამაჯერებდაო. არ ვიცი (ან არ მახსოვს), გადაუხადეს თუ არა ლიკას ამისთვის ღირსეული მადლობა, მაგრამ მისთვის ეს არაფერს ნიშნავდა, მისთვის მთავარი მისი საქმე იყო, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და რომლის გარდაც, მჯერა, სხვას ვერაფერს გააკეთებდა. პატრულშიც იმიტომ უხაროდა გადასვლა, რომ ნამდვილ შემთხვევებთან ექნებოდა შეხება, ეს მისი სტიქია იყო. ამ ამბის მოსმენის შემდეგ, აღარასოდეს გამკვირვებია მისი ბინის შესასვლელში საკიდზე ბორკილების დანახვა. და კიდევ ერთი: ლიკამ ჩემს შვილს პოლიცია შეაყვარა, ამბობდა, რომ გავიზრდები, პარკაული უნდა გამოვიდეო. პარკაული მისთვის პოლიცია იყო, თავისი რისკებით, ადრენალინით და საინტერესო ამბებით. ასეთი იყო ჩვენი საოცარი ლიკა“.

  • AMBEBI.GE ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პოლიციის მაიორის ლია პარკაულის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და მეგობრებს