ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კახოვსკას კაშხლის აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ.
"შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ“, - აღნიშნა მიშელმა.
მისი თქმით, მომხდარს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს მომავალ სამიტზე განიხილავენ, სადაც დატბორილი ტერიტორიებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის საკითხზე იმსჯელებენ.
"ჩემი ფიქრები ყველა იმ უკრაინულ ოჯახთანაა, რომელიც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა“, - დასძინა მიშელმა.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იმ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა, რომლებსაც დატბორვა ემუქრება. მომხდარის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია.
წაიკითხეთ ასევე: