ავტორი:

"სახლებია ჩაძირული, ვინ გვიშველის? ვენახები დაისეტყვა, დაზღვეული არ მაქვს, რა ვქნა ახლა მე?" - სტიქია კახეთში: განადგურებულია ვენახები, დატბორილია სახლები (ფოტოები)

"სახლებია ჩაძირული, ვინ გვიშველის? ვენახები დაისეტყვა, დაზღვეული არ მაქვს, რა ვქნა ახლა მე?" - სტიქია კახეთში: განადგურებულია ვენახები, დატბორილია სახლები (ფოტოები)

ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიაა. ადიდებულმა მდინარე ფატმასურიმ სოფელ გავაზს პრობლემები შეუქმნა. უხვმა ნალექმა მდინარის კალაპოტი გარღვია და წყალი სოფლის ცენტრალურ ქუჩებში მიედინება, რის გამოც, სამანქანე გადაადგილება შეუძლებელია. ასევე, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები. გარდა ინფრასტრუქტურული ზიანისა, განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხებია გასაწმენდი, რის გამოც, უხვი ნალექი ვერ გატარდა. ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გასამაგრებელია მდინარის ჯებირები. ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

"სახლებია ჩაძირული, ვინ გვიშველის, ვენახები დაისეტყვა, დაზღვეული არ მაქვს, რა ვქნა ახლა მე? ბანკის ფული მაქვს შესატანი, რა შევიტანო მე?" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაზარალებულებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული შეხვდა.

"წუხანდელი უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა გავაზის ხიდი, ასევე სასოფლო და სამეურნეო ადგილები. მთელი ღამის განმავლობაში შესაბამის სამუშაოებში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მობილიზებულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ტექნიკა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა" - აღნიშნა რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.