საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია დაათვალიერა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყო. ოთხივე მოედანი აღიჭურვა განათების სისტემით, ორ მოედანზე კი მოეწყო ტრიბუნა. აკადემიის ტერიტორიაზე ასევე აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები მოეწყო.
"აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
ქალთა და ვაჟთა ასაკობრივი ნაკრები გუნდები კომპლექსს შეკრებებისთვის, საერთაშორისო და ოფიციალური მატჩებისთვის გამოიყენებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკადემიის მშენებლობისთვის მიწა ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება. აკადემიის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დაიწყო და მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ქუთაისის საფეხბურთო აკადემია უკვე მეხუთეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელა. ქუთაისის გარდა საფეხბურთო აკადემიები ლაგოდეხში, რუსთავში, გვიმბალაურსა და რუხში აშენდა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა ქუთაისში, ოლიმპიური საცურაო აუზი დაათვალიერა. ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის.ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით.
აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე. ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც.აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.ქუთაისის აუზის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა 2021 წლის 9 ივნისს ჩადეს.პრემიერ-მინისტრთან ერთად საცურაო აუზზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.