ავტორი:

"ბევრისგან მომისმენია, ამ ძროხებს რას დასდევ, რატომ იღლი თავსო?... ზოგჯერ სოფელში მუშახელის პოვნაც მიჭირს" - ახალგაზრდა ქალის დიდი მეურნეობა მცხეთაში

"ბევრისგან მომისმენია, ამ ძროხებს რას დასდევ, რატომ იღლი თავსო?... ზოგჯერ სოფელში მუშახელის პოვნაც მიჭირს" - ახალგაზრდა ქალის დიდი მეურნეობა მცხეთაში

ნათია ჩიბუხაშვილი გერმანული ენის სპეციალისტია. დაიბადა და გაიზარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში, სადაც ახლა 3 შვილს ზრდის და უვლის საოჯახო მეურნეობას.

"როგორც სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, მეც ისევე ვშრომობ. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ხალისით. ამ ყველაფერს პოზიტივით ვუდგები. ეს საქმეები არ მძაბავს,“ - გვეუბნება ნათია ჩიბუხაშვილი.

- უფროსი გოგონა 15 წლისაა, ტყუპი გოგო-ბიჭი - 13-ის... მესამე კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი, მე-4 კურსზე უკვე პირველი გოგო შემეძინა, ლექციებზე რომ მივდიოდი, ჩემი შვილი ხშირად ლექტორატში იყო ხოლმე... მერე ისე მოხდა, რომ მეუღლეს დავცილდი - სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. ჩემების სახლში გადმოვედი. დები და დედა საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ამიტომ მე და ბავშვები ვართ ახლა ამ სახლში. გარკვეული რაოდენობის ძროხა და ქათამი სულ გვყავდა, მაგრამ ახლა მათი მოვლის საქმეში უფრო აქტიურად ჩავერთე. მერე უცხოეთიდან დედა ჩამოვიდა და ისე მოხდა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ მე წავედი. გამიმართლა, კარგ ხალხში აღმოვჩნდი. საქმეც ავაწყე, მაგრამ ძალიან რთული იყო ბავშვების გარეშე ცხოვრება. მშვენიერი სამსახური და სამეგობრო წრე - ის არ იყო, რაც მჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი. იქ ისიც შემომთავაზეს, რომ ბინით უზრუნველგყოფთ, შვილებისთვის სკოლის შერჩევაში დაგეხმარებითო, რომ ბერძნულ სკოლაში მიმეყვანა. სამსახურიც მქონოდა, არ გამჭირვებოდა. მაგრამ ვფიქრობ, ბავშვები საკუთარ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ. სხვა ქვეყანაში გაზრდილები რატომღაც მგონია, სამშობლოს სცილდებიან. მოკლედ, 2019 წლის დეკემბერში ჩამოვედი...

- და სამშობლოში დაბრუნებული მიუბრუნდით მეურნეობას, რომელშიც დღეს, როგორც გვითხარით, სიამოვნებით ხართ ჩართული...

- დიახ. რომ ჩამოვედი, დედას 2-3 ძროხა ჰყავდა. ამასობაში საქონელი გამრავლდა. ბავშვობიდან ისედაც მიყვარს ცხოველები და მათ პატრონობას ხელი აქტიურად მივყავი. მერე ხბორები გავზარდეთ. მათ კიდევ სხვები გააჩინეს, ისინიც გავზარდეთ და ფერმა გამომივიდა. ამჟამად 9 სული მყავს და კიდევ ერთს ველოდებით. არის 6 ძროხა, ერთი დეკეული, 2 ხბო... ქათმებიც მყავს და ცოტა იმაზე მეტიც იყო, რაც ახლა, მათ შორის, აბრეშუმის ქათმებიც, მაგრამ მელიამ მოგვპარა. სახლი სოფლის განაპირასაა, თან ბავშვებს კარი ღია დარჩათ და წააცუნცულა... კი, წიწილაც ბევრი დავზარდე.

- რძის პროდუქტებსაც ამზადებთ?

- დიახ. რძესაც ვყიდი, ყველსაც და მაწონსაც... ბევრი შრომა მიწევს, მაგრამ რაღაცებში ფული მაინც მაკლდება და დედა მეხმარება. ამ შრომის პარალელურად კიდევ სადმე სამუშაოდ რომ გავიდე, არ გამოდის, ბავშვებს მთელი დღეები მარტო ვერ დავტოვებ. თან, ჯერ ისეთ ასაკი არ აქვთ, დედა გვერდით სჭირდებათ. მყარად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მათ გვერდით ვიყო. არადა, უკეთესი სამსახურის შოვნა შემიძლია.

ხან ჩემებისგან, ხან სხვებისგანაც მომისმენია, ამ ძროხებს რას დასდევ, რატომ იღლი თავსო? მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვთვლი საჭიროდ, ბევრად უკეთეს შედეგებს მოიტანს ის, რომ ახლა ჩემს შვილებთან ერთად ვარ.

- ალბათ სამეურნეო საქმეებში გეხმარებიან შვილები, ხომ?

- კი, ვეუბნები, ვესაუბრები იმაზე, რომ უნდა დამეხმარონ, ვალდებულებიც არიან. თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ, სხვა ვერავინ დაგვეხმარება. ბავშვები შრომას პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიონ, ცხოველებთან ურთიერთობასაც. ბავშვი, რომელიც ცხოველს ზრდის, უვლის და უყვარს, ის ჰუმანური ადამიანი გაიზრდება. ასე რომ, ყველაფერში, რაც შეუძლიათ, მეხმარებიან. დათესვა, ძროხების მოყვანა, ქათმების გამოკვება, სახლის დალაგება - ამ საქმეებში დამხმარის ფუნქციას ასრულებენ. თვითონაც მოსწონთ ეს ყველაფერი. ძროხებიც თითოეულს საკუთარი ჰყავს და ყველას თავისი მოჰყავს. ამის გარდა ცეკვაზეც დადიან, ინგლისურზე, გიორგი - რაგბიზეც... ერთად სიხარულით და ხალისით ვაკეთებთ და ვუძღვებით საქმეებს...

- კი, მაგრამ მაინც ამდენი საქმე გაქვთ. როგორ აუდიხართ? სულ არავის იხმართ?

- კი, ბავშვები რაც არ უნდა მოგეხმარონ, ძირითადი საქმეები მაინც ჩემი გასაკეთებელია. მარტოს მიწევს სხვადასხვა რთული საქმის გაკეთება. ზოგჯერ სოფელში მინდა, რომ მუშახელი ვიპოვო და ვერ ვპოულობ. ეს ძალიან რთული ამბავია... ახლა ღობეები მაქვს შესაღები, გასასწორებელი და ჯერ ვერავინ ვნახე. მიწის მოხვნისას ტრაქტორს ვიხმარ. ეს მანამდე, სანამ იონჯას დავთესავ... მომყავს ასევე ბოსტნეული და ბაღჩეული. ერთი ნაკვეთი მაქვს, სადაც იონჯაა დათესილი. 150 ლარი გადავიხადე, რომ იონჯა მოერწყათ, დიდი ფართობია, მოგვიანებით ვნახე, რომ ნახევარი იყო მხოლოდ მორწყული. ამიტომ მირჩევნია, საქმე თვითონ გავაკეთო. იონჯას საქონლის საკვებად ვთესავ და მომყავს, მოსავალს რომ ვიღებ, „ტუკებად“ ვკრავ და სახლში მომაქვს.

- ე.ი. საქონელს საზამთროდ თქვენი მოწეული პროდუქტით კვებავთ.

- კი, საკმარისად ვაგროვებ. დამატებით კიდევ მარცვლეულსაც ვყიდულობ... ასევე დავთესე ხორბალიც და ვნახოთ, რა გამოვა. 4-5 ჰექტარია, ნაწილს ჩემთვის გამოვიყენებ და თუ საკმარისზე მეტი მოვა, გავყიდი. სახლთან ახლოს ხეხილის ბაღი მაქვს, დიდი ნაკვეთია, სადაც მოზრდილი გარგრის ხეებია, ასევე ქლიავის. ადრე უფრო მეტი იყო, მაგრამ წყლის ნაკლებობის გამო, ვერ ირწყვებოდა სათანადოდ და გაფუჭდა. განსაკუთრებით ის ხეხილი გაფუჭდა, რომელსაც წყალი უყვარდა. ნაკვეთის წინა ნაწილი ჭის წყლით ირწყვება.

- მოკლედ, თქვენთან საუბრისას ვხვდები, რომ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი, მშრომელი და პოზიტიური ადამიანი ხართ...

- ამდენ საქმეს იმიტომ ვაკეთებ, რომ სანერვიულოდ და წუწუნისთვის დრო არ დამრჩეს. დები მეუბნებიან, რად გინდა, რომ წვალობო? მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, საუკეთესო გამოსავალია. გერმანიიდან, იტალიიდან მეგობრები მეუბნებიან, ბავშვებს მომავალს უკარგავო და მირჩევენ, აქეთ წამოიყვანეო. მე კი, ამ საკითხზე ჩემი აზრი უკვე გითხარით. სამი წლით რომ ვიყავი წასული, დაბრუნების შემდეგ წელიწად-ნახევარი დამჭირდა, რომ მათთან ურთიერთობაში ძველ კალაპოტში დავბრუნებულიყავი. სანამ წავიდოდი, მანამდეც სულ ერთად ვიყავით, არც მაშინ მიმუშავია. ბავშვებს, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვეკონტაქტებოდი, გადაჩვევის მომენტიც უნებლიედ ჰქონდათ. ცუდია, რომ შვილების ემოციაზე, ფსიქიკაზე დღეს ნაკლებად ფიქრობენ. თითქოს მის მდგომარეობაში არ შედიან. ჩემი შვილებისთვის სრული თავისუფლება მაქვს მიცემული, ისინი მშვიდ და თავისუფალ გარემოში უნდა გაიზარდონ. თუ რამე არ მოსწონთ, შეუძლიათ, შემეკამათონ. ყველაფერზე ჯანსაღად უნდა ვიმსჯელოთ.

- საოჯახო მეურნეობაში რა გეგმები გაქვთ?

- მაქვს კიდევ ტერიტორიები, რომელსაც კიდევ ავითვისებ. შეიძლება ძროხების რაოდენობა კიდევ გავზარდო... ცუდია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია არ სწორდება. რომ ჩამოვედი, მეტს ველოდი, მართლა დადებითის მოლოდინი მქონდა. ძალიან მიცრუვდება იმედები. ჩვენი შვილები, ვფიქრობ, რომ თანამედროვე, ლამაზ ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებენ და იმედს ბოლომდე მაინც არ ვკარგავ.

- ისე, ისტორიულ სოფელში ცხოვრობთ. ძალისში ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი-ნაქალაქარი მდებარეობს. საკმაოდ დიდი სოფელიცაა.

- კი, 1000 კომლამდე იქნება, თუ მეტი არა. ისტორიული სოფელია. ნაქალაქარია და აქ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ბერძნულ-რომაული ღია აუზია აღმოჩენილი. მნიშვნელოვანი ადგილია. არ იცით, როგორ ველოდები არქეოლოგიურ გათხრებს. ბევრი რამ არის აქ აღმოსაჩენი და გამოსაკვლევი. ჩემ წინ ერთი ნაკვეთია, სადაც წყალს რომ მიუშვებენ მოსარწყავად, ერთ ადგილზე ჩადის და იკარგება. ქვა დაადეს და წყალი სხვა ადგილზე არ გადის. მიწას რომ ამუშავებენ ხოლმე, თიხის დეტალები ამოდის. ძალისში ბევრი საინტერესო არტეფაქტია. ამასთან, ძალიან საყვარელი სოფელია.