ავტორი:

"მმართველმა პარტიამ რაღაც კომბინაცია ჩაიფიქრა.... ეს ქვეყანა ზურაბიშვილის და ღარიბაშვილის დუქანი არ არის" - როგორ აფასებენ პოლიტიკურ წრეებში "ოცნების" მორიგ საყვედურს პრეზიდენტისადმი?

"მმართველმა პარტიამ რაღაც კომბინაცია ჩაიფიქრა.... ეს ქვეყანა ზურაბიშვილის და ღარიბაშვილის დუქანი არ არის" - როგორ აფასებენ პოლიტიკურ წრეებში "ოცნების" მორიგ საყვედურს პრეზიდენტისადმი?

"ქართულმა ოცნებამ" დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მმართველი პარტია პრეზიდენტს საყვედურობს და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირების ხელისშეშლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. „თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი პარტიის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში:

ოპოზიციონერმა დეპუტატის რომან გოცირიძის თქმით, საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის "ქართული ოცნების" სტრატეგიული ამოცანა, ამიტომ სურთ, ეროვნულ ბანკში წამყვანი პირები მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ.

"გადაწყვიტეს, დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებით მეოთხე ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც ემსახურებოდა იმას, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში.

ეროვნულ ბანკში ფინანსური კლანის ფორმირება სჭირდებათ, რათა საბოლოოდ გააკონტროლონ მთელი საფინანსო სისტემა, მთელი ფინანსები ჩაიგდონ ხელში და მიჩქმალონ „ქართული ოცნების“ მთელი ფინანსური მაქინაციები. ერთ-ერთი მაგალითია „პროგრეს ბანკის“ დახურვა. ვერავინ გაიგო, როგორ გაჩნდა და როგორ გაქრა, არადა მისი დამფუძნებლები იყვნენ კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი და ვინმე ავანტიურისტი გავრილოვი.

ეროვნული ბანკის საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა და მათ სურთ მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ წამყვანი პირები ეროვნულ ბანკში, ამიტომ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაარღვიეს ზურაბიშვილის კრიტიკაზე გამოცხადებული მორატორიუმი - მათ უბრალოდ ეშინოდათ ბრიუსელში გამოსვლის, რომ არ შეეწყალებინა და მაღალი ტრიბუნიდან არ ეთქვა, რომ კონფრონტაციის შემცირებისთვის ამ ნაბიჯს დგამს და ათავისუფლებს გვარამიას. ასევე ეშინოდათ იმის, რომ მისი გამოსვლა არ ყოფილიყო ისეთივე მწვავე, როგორც იყო აქ, პარლამენტში და 26 მაისს. მორჩა ეს პროცესი და მათი წარმოდგენით თავი ქუდში აქვთ, ამიტომ ხელახალი შეტევა დაიწყეს სალომე ზურაბიშვილზე" - განაცხადა გოცირიძემ.

  • "ლელოს“ დეპუტატის დავით უსუფაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარი განცხადებით პირდაპირ საუბრობს იმას, რომ "სახელმწიფო პარტიაა". უსუფაშვილი ხაზს უსვამს, რომ მმართველი გუნდი უგულებელყოფს პარლამენტის როლს და თავად გეგმავს ეროვნული ბანკის საკადრო საკითხებში ჩარევას, რაც კარგად ჩანს იმ კანონპროექტშიც, რომელზე დადებული ვეტოს დაძლევასაც გეგმავენ.

"ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ვერ გაერკვა იმის ანა-ბანაში, თუ ვინ არიან თვითონ და რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა. გველაპარაკებიან, პარტიის ამოცანაა, რომ სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირება უზრუნველვყოთო. ესაა ღია განაცხადი, რომ "პარტიაა სახელმწიფო“, ამით ამბობენ, ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერსო. პარტია ამბობს, რომ კონსულტაციები ჰქონდათ პრეზიდენტთან ეროვნული ბანკის წევრთან დაკავშირებით. სად ამოიკითხეს, რომ რომელიმე პარტიას შეუძლია ჰქონდეს ამაზე კონსულტაციები? მაშინ „ლელოს“ რატომ არ ჰქონდა? დანგრეული აქვთ წარმოდგენა, რა არის სახელმწიფო, პარლამენტის როლი, პრეზიდენტის როლი და მმართველი პარტიის როლი.

ეს თემა დაიწყო ყოვლად აბსურდული კანონპროექტის შემოტანით, რომელსაც, გახსოვთ, ვაკრიტიკებდით. 4 და 5 ვიცე პრეზიდენტი გვინდაო. მარტო ბიძინა კი არ არის არაფორმალური მმართველი, თავად არიან არაფორმალური მმართველები ამ ქვეყნის. სადღაც დასხდნენ და მოილაპარაკეს, რომ ეს ადამიანი უნდათ ბანკის თავმჯდომარედ მაშინ, როცა კონსტიტუციაში ამხელა პუნქტებია ჩაწერილი, როგორ უნდა შეირჩეს თავმჯდომარე, როგორ უნდა იყოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან. მე არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, როცა კონსულტაციებზე შეხვდნენ, მაგრამ მინდა ორივეს შევახსენო, საპრეზიდენტო მხარესაც და მმართველ პარტიასაც, რომ ეს ქვეყანა არ არის არც სალომე ზურაბიშვილის და არც ირაკლი ღარიბაშვილის დუქანი, რომ სადღაც დასხდნენ და რაღაცებზე ილაპარაკონ. ამ საქმეს აქვს თავისი პროცესი. ყოვლად აბსურდული კანონი შემოიტანეს, სადაც თითოეული პუნქტი ღაღადებს, რომ მმართველმა პარტიამ რაღაც კომბინაცია ჩაიფიქრა და სრულიად უხეშ ჩარევას აპირებს ეროვნული ბანკის საკადრო საკითხებში მაშინ, როცა ეროვნული ბანკის საკადრო საკითხები გადასაწყვეტია პარლამენტის მიერ. „ჩვენ, მმართველი გუნდი“ - ახალი ცნებაა შემოსული, რა უბედურებაა ეს? როცა სასამართლოს კლანზე ვსაუბრობთ, აღარაა ეს სწორი ფრაზები, აქ ლაპარაკია მმართველ კლანზე, 4 კაცი დაჯდება სადღაც და გადაწყვეტს, რომ ეს უნდა ეროვნულ ბანკში,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

  • პოლიტიკურ ჯგუფ "საქართველოსთვის" ხელმძღვანელის ბექა ლილუაშვილის შეფასებით, ერთის მხრივ კარგი და დამაიმედებელია, რომ პრეზიდენტს ეროვნულ ბანკის საბჭოში ასარჩევი კანდიდატები პარლამენტისთვის წარდგენილი არა ჰყავს, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად “ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი პირი იქნება არჩეული.

"აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნების“ განცხადება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვასთან და ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით სრული აბსურდია - აგერ გამოვიდნენ და პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებებს ისევ უტევენ, როგორც მანამდე ცესკოს შემთხვევაში შეუტიეს და კანონიც შეცვალეს. ეროვნული ბანკის ნაწილში მხოლოდ კანონს ვერ ცვლიან - საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში, თორემ ამ საკითხსაც დააყენებდნენ.

“ქართულ ოცნებას განზრახული აქვს ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუციის პარტიული ვერტიკალის ქვეშ დაქვემდებარება. დარჩენილი იყო მხოლოდ ეროვნული ბანკი და როგორც ირკვევა, პრეზიდენტთან კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, ეროვნული ბანკის საბჭოში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვერ დანიშვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ეს, სავარაუდოდ, გათვლილია ნათია თურნავაზე, რომელიც “ქართული ოცნების“ ისეთივე გავლენის ქვეშ არის, რა გავლენის ქვეშაც ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შემთხვევაში იქნება. ამიტომ ვეტოს დაძლევა “ქართული ოცნებისათვის“ გამოსავალია“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.