ავტორი:

"ბიბლუსში" წიგნის ყდის შეფუთვებით ჩაი, ყავა და შოკოლადი გამოჩნდა -  4 ბრენდის კოლაბორაცია

"ბიბლუსში" წიგნის ყდის შეფუთვებით ჩაი, ყავა და შოკოლადი გამოჩნდა -  4 ბრენდის კოლაბორაცია

„ბიბლუსის“ ქსელში წიგნის საუკეთესო მეგობრები: ჩაი, ყავა და შოკოლადი უკვე თქვენი საყვარელი რომანების ყდის გამოსახულებით არის ხელმისაწვდომი. ოთხი ბრენდის: „ბიბლუსის“, „გურიელის“, „მონდოსა“ და „ბარამბოს“ კოლაბორაციით შეიქმნა პროდუქციის შთამბეჭდავი სერია, რომელიც მომხმარებლის ლიტერატურულ განწყობაზე იზრუნებს.

მაღაზიის თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება, მაგალითად, ელიფ შაფაქის „ევას სამი ქალიშვილის“, მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ თუ სხვა წიგნის შეძენისას, ხელს გააყოლოს ამავე რომანების ყდის ვიზუალით შეფუთული „ბარამბოს“ ბრაუნი, „გურიელის“ შავი ჩაი ან „მონდოს“ თურქული ან იაპონური მეთოდით დასაყენებელი, ყავის ერთჯერადი ძაფიანი პაკეტები ან სასურველი პროდუქტი ცალკე შეიძინოს.

კოლაბორაციით შექმნილი ლიმიტირებული შეფუთვები იდეალურ სასაჩუქრე კომბინაციებს ქმნის, ამასთან, წიგნის კითხვის საათებს უფრო გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს ხდის.

როგორც „ბიბლუსში“ აღნიშნავენ, კოლაბორაციით სურდათ, მკითხველის ყოველდღიურობაში ამ მცირე დეტალებით სასიამოვნო განწყობა შეეტანათ. ამასთან, შეეხსენებინათ, რომ ბრენდები მათ ინტერესებს მუდმივად ითვალისწინებენ და მათზე ზრუნავენ. ბესტსელერების ყდების შეფუთვებზე გადატანაც სწორედ ამის მაგალითია.

„ჩვენი კოლაბორაცია მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რაზეც გაყიდვებიც მიუთითებს. მაღაზიების სტუმრებს საინტერესო შეფუთვები არ გამორჩენიათ და წიგნის გარეშეც სიამოვნებით შეიძინეს“, - აღნიშნეს „ბიბლუსში“.

მომხმარებლისთვის ახალი, საინტერესო პროდუქტის შეთავაზება მნიშვნელოვანია „მონდოს“, „გურიელისა“ და „ბარამბოსთვის“. როგორც „ბარამბოს“ მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კახნიაშვილი განმარტავს, მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, რისთვისაც კომპანია ხშირად თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდთან, ამ შემთხვევაში, „ბიბლუსთან“.

„ჩვენი მიზანია, „ბიბლუსისა“ და „ბარამბოს“ მომხმარებელი უფრო კმაყოფილი იყოს და ფიქრობდეს, რომ მასზე ვზრუნავთ.

ვცდილობთ, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, სადაც შევძლებთ, რომ ჩვენ თვითონვე ვიყოთ ერთი მხრივ, ხარისხის მწარმოებლები და მეორე მხრივ ხარისხის მაკონტროლებლები და რეალურად ვფიქრობდეთ არა იმაზე, რომ ვაწარმოოთ და გავყიდოთ, არამედ ერთმანეთს ხელს ვუწყობდეთ უკეთესის შესაქმნელად. მაგალითად ახლა, ჩვენი და ბიბლუსის თანამშრომლობის შემთხვევაში მოხდა ის, რომ ერთმანეთს დავეხმარეთ და მივიღეთ კარგი პროდუქტი. ასე რომ მგონია, რომ ეს უმნიშვნელოვანესია, არამარტო ბიზნესებს შორის ურთიერთობის მხრივ, არამედ წარმოებისა და ექსპორტზე გასატანადაც“, - აღნიშნა ნიკოლოზ კახნიაშვილმა.

„გურიელის“ ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი მარიამ კვირკველია აღნიშნავს, რომ ლიტერატურის, მხატვრობისა თუ ისტორიის თემატიკაზე კოლაბორაციები კომპანიისთვის უცხო არ არის, ვინაიდან ბრენდი წლებია, ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. „ბიბლუსთან“ თანამშრომლობა და წიგნის ყდის შეფუთვებიც სწორედ ამ პროცესის ნაწილია:

„ლიმიტირებული კოლექციისთვის ჯერჯერობით შევარჩიეთ ჩაის კლასიკური, ყოველდღიური გემო, სამომავლოდ სხვა შეთავაზებებსაც განვიხილავთ. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო იქნება ერთი მხრივ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც წერა და ჩაი ერთმანეთთან ასოცირდება და მეორე მხრივ ჩვენთვისაც, რადგან „ბიბლუსიც“ და „გურიელიც“ ადგილობრივი კომპანიები ვართ. ჩაი წიგნის მკითხველს სიმყუდროვეს უქმნის, ამიტომ ორმა ბრენდმა შევავსეთ ერთმანეთი. სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება, მთავარია მომხმარებლის უკუკავშირი“, - აღნიშნა „გურიელის“ წარმომადგენელმა.

„ბბ კომპანი“, რომელიც ცნობილ ყავა „მონდოს“ აწარმოებს, „ბიბლუსთან“ თანამშრომლობით მომხმარებლებს ახალ გამოცდილებას სთავაზობს. კერძოდ, მათ შეეძლებათ წიგნის ყდის შეფუთვით შეიძინონ როგორც კლასკური თურქული, ისე ჩაის ერთჯერადი პაკეტების მსგავსად შეფუთული, იაპონური ტექნოლოგიით წარმოებული ყავა, რომელიც გემრიელი და მარტივი არჩევანი იქნება სამსახურში შესვენებაზე განწყობის შესაქმნელად ან გრძელი სამუშაო დღის შემდეგ განსატვირთად. კომპანიის გენერალური დირექტორი ნოდარ კომახიძე აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა „ბიბლუსის“ საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, მისთვის საინტერესოა:

„ბიბლუსი“ არამარტო მე, არამედ ალბათ ყველას მოსწონს, რადგან ძალიან კარგი, ხარისხიანი მომსახურება აქვს და მასთან ყველანაირი ურთიერთობით ვარ კმაყოფილი, კოლაბორაციის პირობებშიც და მანამდეც“, - აღნიშნა ნოდარ კომახიძემ.

სამომავლოდ „ბიბლუსი“ მომხმარებელს საინტერესო ლიტერატურულ სიურპრიზებს კვლავაც შესთავაზებს. ამასთან, გაიზრდება სხვადასხვა ბრენდთან კოლაბორაციით შექმნილი პროდუქციის სერიები და მომხმარებელსაც საშუალება ექნება, კითხვის პროცესი უფრო სასიამოვნო გახადოს.

R