ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა, ორ ბატს ვერ ჩააბარებს ადამიანი... თამაშობს, რომ პრინციპულ გადაწყვეტილებებს იღებს - "მარტო სახლშია“ - გია ხუხაშვილი

"სალომე ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა, ორ ბატს ვერ ჩააბარებს ადამიანი... თამაშობს, რომ პრინციპულ გადაწყვეტილებებს იღებს - "მარტო სახლშია“ - გია ხუხაშვილი

სალომე ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა, ორ ბატს ვერ ჩააბარებს ადამიანი, ამდენად, არც ბიძინა ივანიშვილისთვისაა სანდო, - ასე პასუხობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლებელია თუ არა, სალომე ზურაბიშვილი იყოს ივანიშვილის გეგმა „ბ“ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი დამარცხდება და მას დასჭირდება პროდასავლურ ლიდერთა გუნდი.

გია ხუხაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასა" და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებული დაპირისპირება პიროვნულ ჭრილში არსებული „გარჩევებია“.

„ეს არის პიროვნულ ჭრილში რაღაც გარჩევები. სალომე ამით თამაშობს, რომ ვითომ პრინციპულ გადაწყვეტილებებს იღებს. თუ პრინციპული გადაწყვეტილების მღება უნდა, მას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, ვიდრე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების და სამომავლოდ სავარაუდო თავმჯდომარის წარდგენა. თქვენ რა გგონიათ მესტვირიშვილთან ექნება ხელისუფლებას რაიმე პრობლემა? სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ მესტვირიშვილია დამოუკიდებელი წევრი და ხუციშვილი დამოკიდებული? ეს ხომ სისულელეა. ხუციშვილის თემა აქ არ არის პრინციპული, პრინციპული აქ ის არის, ვინ უფრო მაგარია და რაღაცას ვაჭრობს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის არც რესურსი აქვს და არც სჭირდება.

„იმპიჩმენტის რესურსი არ აქვს „ქართულ ოცნებას“ ეს იციან ძალიან კარგად და არც სჭირდებათ. მათი გაგებით სალომე „სასარგებლო ბრიყვის“ როლს თამაშობს საერთაშორისო არენაზე ამ ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ ამათ მამაძაღლობას ყველაფერს პირს ბანს საერთაშორისო ტრიბუნაზე.

სალომე ზურაბიშვილი „მარტო სახლშია“, მშვენივრად ეპრანჭება დასავლეთს და ავტორიტეტი გაიმყარა დასავლეთში და აქაც სულ აჩენს ყალბ მოლოდინებს, იპოვა ეს ნიშა და ამ ნიშაშია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.