ავტორი:

"McDonald’s-ი აფხაზეთში შესვლის უფლებას არ გვაძლევს, რადგან მას საქართველოს ტერიტორიად აღიარებს" - რუსული კვების კომპანიის მორიგი იმედგაცრუება და აფხაზების გამოხმაურება

"McDonald’s-ი აფხაზეთში შესვლის უფლებას არ გვაძლევს, რადგან მას საქართველოს ტერიტორიად აღიარებს" - რუსული კვების კომპანიის მორიგი იმედგაცრუება და აფხაზების გამოხმაურება

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული წლის დეკემბერში დაანონსებული McDonald’s-ის რუსული ანალოგის Вкусно и точка-ის გახსნა გადაიდო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. არადა, წლის ბოლოს, მისი წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ კომპანიის "ფრანჩაიზი" (პროდუქტის წარმოების უფლება) აფხაზეთს უკვე ნაყიდი ჰქონდა და ქსელი რეგიონში 2023 წელს დაიწყებდა მუშაობას.

ამის შესახებ, რამდენიმე რუსულ მედიასთან ვაჭრობის საკითხებში აფხაზეთის ე.წ. უწყების წარმომადგენელი საუბრობდა. მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ქვეყნიდან არაერთი დასავლური კომპანია წავიდა, რის შემდეგაც Вкусно и точка-ს რუსეთში თავის დასამკვიდრებლად ყველანაირი წინაპირობა ჰქონდა.

"პარალელურად კი კომპანიას ხელს არაფერს უშლიდა, აფხაზეთის საინვესტიციო ბაზარიც აეთვისებინათ, რომელიც კანონმდებლობისა და გადასახადების თვალსაზრისით, საკმაოდ ლიბერალურია" - ამბობდა ბარციცი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

  • ახლა კი ირკვევა, რომ McDonald’s-ი აღნიშნულ კომპანიას კვების ბიზნესის ოკუპირებულ რეგიონში წარმოების უფლება არ აძლევს.

"ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, აფხაზეთში შევიდეთ, მაგრამ იურიდიული უფლება არ მაქვს იმ ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოების, რომელსაც ამერიკული McDonald’s ფარავს. აღნიშნული კომპანია კი, აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად აღიარებს და ამ ქვეყანაში თავად ოპერირებს და ჩვენ იქ შესვლის საშუალება არ გვაქვს... შესაბამისად, ჩვენ კორპორაციასთან შეთანხმების გარეშე ვერასდროს გავხსნით აფხაზეთში რესტორნებს. თუმცა, მასთან წერილობითი შეთანხმება რომ გვქონდეს, მეზობელ ქვეყანასთან სიამოვნებით ვაწარმოებდით ბიზნესს" - განაცხადა Вкусно и точка-ის დამფუძნებელმა ალექსანდრ გოვორიმ.

  • აფხაზეთის მოსახლეობის თქმით, ამერიკული სარესტორნო ქსელის რუსულ ანალოგს თავად რუსეთშიც არ ჰყავს დიდი რაოდენობით მომხმარებელი და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავს ადგილებში, სადაც კონკურენცია ნაკლებია, მათი შესვლა, მომგებიანი იქნებოდა.

არიან ისეთები, ვისაც მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის შემოსვლის ერთადერთი დადებითი შედეგი ადგილობრივების დასაქმება იქნებოდა, თუმცა, არც ეს გამოუვიდათ. ხელმძღვანელობა კი, გამუდმებით დაპირებებს იძლევა და ვერაფერს ასრულებს.

აფხაზები გააღიზიანა რუსი დეპუტატის, სვეტლანა ჟუროვას განცხადებამ, რომლის თანახმადაც, რუს ინვესტორებს აფხაზეთში უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებათ.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, უნდა მოხდეს იმ შეთანხმებებზე ხელმოწერა, რომლის გარშემოც პოლიტიკურმა მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

აფხაზების თქმით, რუსეთი მათ ყველაფერს ჰპირდება, მაგრამ შემდეგ ყველაფერს სათავისოდ წყვეტს, "გარანტიების" სანაცვლოდ...

"თავად ყველაფერს გვპირდებიან, რეფორმების გატარებაში დახმარებას, ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოწყობას, ოღონდ ყველა პუნქტში მათი ინტერესებია დაცული" - მიაჩნიათ მათ.

ყველაფერს გვპირდებიან და არაფერი იხსნება. ასე ხდება დაუსრულებლად, როგორც მცირე, ისე დიდ პროექტებზე. ხან რა მიზეზით, ხან რა მიზეზით... ამ საკვები ობიექტის გარეშეც როგორმე გავძლებთ და თუ არჩევანზე მიდგება საქმე, რუსული კვების ობიექტს, რომელიც რუსეთშიც კი არ სარგებლობს პოპულარობით, არც აქ ეყოლებოდა დიდი მუშტარი, თუმცა, რა თქმა უნდა, "მაკდონალდსი" გვირჩევნია, მაგრამ სიახლე მაინც სასიამოვნო იქნებოდა... ამერიკულ სარესტორნო ქსელს რუსეთში 850 ობიექტი ჰქონდა და მაინც მოთხოვნადი იყო, მის რუსულ ანალოგზე კი, გამუდმებით წერენ, რომ ფაქტობრივად, ცარიელია და მხოლოდ ძალიან პატრიოტები და საბჭოთა კატლეტის ნოსტალგიით შეპყრობილი ხალხი სტუმრობს" - წერს ორესტი სმირი.