ავტორი:

რას სწერდა ჯორჯ ვაშინგტონი ახალციხელ ჰასან ფაშას?

რას სწერდა ჯორჯ ვაშინგტონი ახალციხელ ჰასან ფაშას?

ჯორჯ ვაშინგტონისა და ჰასან ფაშას მიმოწერის შესახებ ერთ-ერთი პირველი ამერიკული რომანი “ალჟირელი ტყვე” 1797 წელს გამოაქვეყნა ამერიკელმა დრამატურგმა და იურისტმა როიალ ტაილერმა. სავარაუდოდ, ავტორი ეყრდნობოდა იმ ამერიკელ მეზღვაურთა და დიპლომატთა ნაამბობს, რომელთაც ალჟირის მმართველი თავად იხილეს. ტაილერის ნაწარმოები პოპულარობით სარგებლობდა და აშშ-ში რამდენჯერმე გამოიცა. საქართველოში ცოტამ თუ იცის ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტს, ჯორჯ ვაშინგტონსა და ალჟირის მმართველს, ახალციხელ ჰასან ფაშას შორის მიწერ-მოწერის შესახებ. ამ საინტერესო ამბის შესახებ ცნობებს ისტორიკოსი კონსტანტინე ფერაძე გვაწვდის.

- 1815-1830 წლებში ამერიკის გენერალური კონსული ალჟირში მიიჩნევდა, რომ ეს ქვეყანა ფუნდამენტურად განსხვავდებოდა მისთვის ცნობილ სხვა ქვეყნებისგან. მსგავსი იყო მხოლოდ მამლუქთა ეგვიპტე, სადაც მთელ სახელმწიფოს უცხოეთიდან გადმოსახლებულნი მართავდნენ. ოსმალეთის სხვა პროვინციების მსგავსად, ალჟირის საფაშოს მმართველი ელიტაც ოსმალურ ყაიდაზე იყო ორგანიზებული. თანამედროვე მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ის საკუთარ რიგებში მხოლოდ “თურქ” მოხელეებს იღებდა და აწინაურებდა, რითაც ინარჩუნებდა მმართველობის ოსმალურ სისტემას. თურქად კი ითვლებოდა ის, ვინც არ იყო არაბი და ვინც ქვეყნის გარეთ დაიბადა.

ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ თურქად შეიძლება წოდებულიყო ბულგარელი, ბერძენი, ალბანელი, ჩეხი, იტალიელი, კორსიკელი და მრავალი სხვა. “თურქისა” და ადგილობრივი მოსახლის შვილი უკვე აღარ მიიჩნეოდა თურქად და მას ყულოღლის ეძახდნენ. ეს კატეგორია მოკლებული იყო მმართველი წრის პრივილეგიებს. ალჟირში საკუთარი ნებით სახლდებოდნენ ევროპელი მეზღვაურებიც, რომლებსაც რენეგატებს ეძახდნენ. ისინი, როგორც წესი, გამუსლიმებული ქრისტიანები იყვნენ და ალჟირში ჩამოდიოდნენ მიმალვის მიზნით ან საკუთარ ქვეყნებში უპერსპექტივობის გამო. ალჟირის საფაშოში ცხოვრობდნენ მამლუქებიც, თუმცა მათი რაოდენობა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ უცხოელები მათაც რენეგატებს ეძახდნენ. ალჟირი დიდი შესაძლებლობის ქვეყანა იყო. აქ შეიძლებოდა სწრაფად გამდიდრება და ასევე სწრაფად დაგროვებული ქონების დაკარგვაც. მეკობრეობა სარფიანი საქმიანობა იყო, ზღვაში გასულ ალჟირელებს შეიძლება ისეთი ხომალდი ჩაეგდოთ ხელთ, რომლის ტვირთი, მეზღვაურთა გამოსასყიდი და თავად ხომალდის ღირებულება, რამდენჯერმე აღემატებოდა ამერიკის პრეზიდენტის წლიურ ხელფასს.

შესაძლოა, ახალგაზრდა ჰასანი ოსმალურ ახალციხეში დანახული უპერსპექტივობის გამო გადასახლდა სიმდიდრითა და მეკობრეებით სახელგანთქმულ ალჟირში. მისი ზუსტი სახელი და გვარი უცნობია. ჰასანის წარმომავლობის შესახებ გვაქვს შემდეგი ინფორმაცია: 1775 წელს, როდესაც ალჟირის ფაშამ, მუჰამმად ბინ უსამა დეიმ (1766-1791), იგი სტამბოლში სულთანთან მიავლინა განსაკუთრებული მისიით, ალჟირის მომავალმა გამგებელმა აჰისკელი (ახალციხელი) ჰასან იბნ იუსუფის სახელით დაწერა მცირე ნაშრომი “ალჟირის ისტორია, ანუ თაჰზიბ ეთ-თევარიჰ”. ამ თხზულების დედანი სტამბოლის თოფკაპის სასახლის მუზეუმში ინახება და მის კატალოგშია შესული. იგივეა აღწერილი ისმაილ ოზენის კრებულში “ოსმალო ავტორები”. ოზენის გამოცემაში ვკითხულობთ ჰასანის ქართული წარმომავლობის შესახებ, რაც ასევე აღნიშნულია 1793 წლის 22 აგვისტოთი დათარიღებულ დიპლომატიურ მიმოწერაში ბრიტანელ საიმონ ლუკასსა და ბრიტანეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელ ჰენრი დუნდასს შორის, სადაც აღნიშნულია, რომ სიდი ანუ ბატონი ჰასანი ქართველია. სავარაუდოდ, ჰასანი იყო გამაჰმადიანებული ახალციხელი მესხი.

ჰასან ფაშას ძეგლი თურქეთში, ქალაქ ჩესმეში

1899 წ.1730-იანი წლებისათვის ახალციხის საფაშოს დიდგვაროვანთა უმეტესობა მაჰმადიანი იყო, გლეხების ნაწილი კი ისევ ინარჩუნებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. მურად ქასაბის წიგნში “ოსმალეთის ქართველები” დასახელებულია არაერთი ახალციხელი ქართველი, რომლებიც ამ პერიოდში, ჰასანის მსგავსად, ოსმალეთის იმპერიაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მსახურობდნენ. საიმონ ლუკასის ცნობით, ქალაქ ახალციხეს ოსმალები აჰისკას ეძახდნენ და ეს გეოგრაფიული სახელწოდება დღემდეა შემორჩენილი. თურქული ორიენტაციის ე.წ. თურქი მესხები საკუთარ ეთნიკურ ჯგუფს აჰისკა თურქლერის, ანუ ახალციხელ თურქებს უწოდებენ.

- ჰასან ფაშას რატომ სწერდა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, რა ცნობებია ამის შესახებ?

- ჰასანი ძალიან ახალგაზრდა გაიწვიეს ოსმალურ ჯარში, ალჟირში. უცხო გარემოში მოხვედრილი ჰასანი სისხარტის, განათლებისა და სიმამაცის გამო ჯერ მცირე სამხედრო გემზე მიავლინეს, შემდეგ კი საფაშოს სამხედრო ხომალდზე გადაიყვანეს მეთაურის რანგში. 1770 წელს ის ოსმალური ფლოტის ალჟირის ხომალდთა შენაერთს ხელმძღვანელობდა შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ. გააგრძელეთ კითხვა